"ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ გუნდმა ასე კარგად ითამაშა. ფეხბურთელებს ფსიქოლოგიური წნეხი საერთოდ არ ეტყობოდათ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მატჩი იყო. გოლი სწრაფად
მომავალში ყურებას ჯობია, ყოველთვის უახლოეს მატჩზე ვიყოთ კონცენტრირებულნი. ეს ფილოსოფია გვაქვს ლა ლიგაშიც და ჩემპიონთა ლიგაზეც. ახლა ორ ბრწყინვალე გუნდთან, "ზენიტთან" და "პორტუსთან" დაგვრჩა შეხვედრები, რომლებიც მშვიდად უნდა ჩავატაროთ, რადგან საბრძოლველი და სანერვიულო აღარაფერი გვაქვს" - განაცხადა არგენტინელმა.
მადრიდელები ხშირად გვთავაზობენ ორიგინალურად გათამაშებულ სტანდარტულ მდგომარეობებს და ამით ხეირსაც ნახულობენ. "ჩოლომ" ამ საკითხზეც ისაუბრა და ორი ტკბილი სიტყვა არც "სენტ ეტიენიდან" მიყვანილ ჯოშუა გილავოგიზე დაიშურა.
"გილავოგი ნელ-ნელა ეწერება გუნდის ანსამბლში. ბევრს შრომობს, ცდილობს, თითოეული სათამაშო წუთი გამოიყენოს და კარგად გამოიყურება. რაც შეეხება ჯარიმების გათამაშებას, ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვარჯიშებზე ამაზე მუშაობა და როგორც ხედავთ, ამას მატჩებში მოაქვს სარგებელი" - დასძინა სიმეონემ.
შეგახსენებთ, რომ პრიმერადივიზიონში "ჩოლო" ოქტომბრის თვის მწვრთნელად დაასახელეს, ხოლო მადრიდელთა აღზრდილი და "ბარსელონას" სამიზნე, 21 წლის კოკე - თვის ფეხბურთელად. იქ "როხიბლანკოსა" და კატალონიელებს შორის მხოლოდ ერთი ქულაა სხვაობა და "ატლეტიკოს" მიმდინარე სეზონში ერთადერთი მარცხი რომ არ ეგემა "ესპანიოლისგან", ახლა პირველ ადგილზე იქნებოდა.
"აუსტრიას" მწვრთნელი ნენად ბიელიცა კი ისე აღფრთოვანდა "ლოს კონჩოლეროს" თამაშით, რომ მათ ჩემპიონთა ლიგის მოგებაც კი უსურვა: "ჩვენ, უბრალოდ, ბევრად უფრო ძლიერ მეტოქეს შევხვდით. "ატლეტიკო" ბრწყინვალე გუნდია და მადრიდელებს მცირე იღბლის დახმარებით ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეუძლიათ. მე მათ ვუგულშემატკივრებ".
"ატლეტიკოს" ახალგაზრდა ნახევარმცველი ოლივერ ტორესი: "ძალიან გახარებულები ვართ, მაგრამ მიწაზე უნდა დავეშვათ. აქედანვე მომავალში ყურება კარგს არაფერს მოგვიტანს, მატჩიდან მატჩამდე უნდა გავაგრძელოთ განვითარება და გუნდური მუშაობა. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოვუმატოთ და ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯოთ იმისდა მიუხედავად, გასულები ვართ თუ არა ჯგუფიდან".
"მაბედნიერებს ჩვენი ეს წარმატება და პირადად ჩემი კარგი თამაშიც. ყველა ფეხბურთელს სურს ასეთ დონეზე თავის გამოჩენა. თუმცა მთავარი, ცხადია, გუნდის მიღწევებია და იმედია, ასე გავაგრძელებთ" - ეს კი მშვენიერ ფორმაში მყოფი რაულ გარსიას სიტყვებია.
სიმეონემ გავლენა უარყო
"აუსტრიას" 7 გოლიდან 3 გუნდის მთავარმეგოლემ, დიეგო კოშტამ გაუტანა. ის ჩინებულ სეზონს ატარებს და ბოლო პერიოდში დიდი მითქმა-მოთქმის ობიექტი იყო, ანუ მას მერე, რაც ბრაზილიელმა ესპანეთის ნაკრებში არჩია თამაში. იმასაც ამბობდნენ, მასზე გავლენა სიმეონემ იქონია, როგორც არგენტინელმა და ბრაზილიის მოძულემო. თუმცა "ჩოლომ" ეს ჭორი კატეგორიულად უარყო და თქვა, მე არანაირი გავლენა არ მომიხდენია, ეს დიეგოს გადასაწყვეტი იყო, იგი ჩემამდეც აქ იყო, მოსწონს ეს ქვეყანა და ესპანეთის ნაკრებიო.
თავად დიეგო კოშტას მატჩისშემდგომი კომენტარი კი ასეთი გახლდათ: "ვიცოდით, რომ ამ თამაშის შედეგს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მით უმეტეს, "ზენიტი"-"პორტუს" 1:1-ის მერე. გუნდმა დიდებულად ითამაშა და შემდეგ ეტაპზე გასვლა ნამდვილად დავიმსახურეთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. G ჯგუფი: "ატლეტიკომ" პირველობა გაინაღდა [VIDEO]