კლოპის "ბორუსია" ცოცხალია!

AutoSharing Option
ნეგატიური სერია შეწყვეტილია, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლის შანსი კი არა მარტო შენარჩუნდა, არამედ რეალური გახდა - დორტმუნდელებმა "ნაპოლის" დამარცხების (3:1) შემდეგ შვებით ამოისუნთქეს.

"ბორუსიას" ფეხბურთელებს ნეაპოლელებთან დუელში "ბაიერნისგან" მიღებული ალიყური (0:3 შაბათს) აღარ ეტყობოდათ. ისეთი ფეხბურთი ითამაშეს, როგორსაც ბოლო წლებში მიგვაჩვიეს და დაგვარწმუნეს, რომ იურგენ კლოპის გუნდი ცოცხალია.

საფეხბურთო ექსპერტები ნური შაჰინს "სტრატეგს" უწოდებენ. მიზეზი მარტივია: დორტმუნდელთა თურქი ნახევარმცველი წყვეტს, როგორი რიტმით უნდა უტევდეს "ბორუსია", კონკრეტულ მომენტში რომელი ფლანგიდან ან იქნებ სულაც ცენტრიდანაა უმჯობესი შეტევის განვითარება და ყველაფერს რომ თავი
დავანებოთ, შაჰინი "ბორუსიას" თითქმის ყველა შეტევაში მონაწილეობს.

აქედან გამომდინარე, გასაკვირია ის, რომ შაჰინი კარგი თეორეტიკოსი ვერ გამოდგა და როგორც მატჩის შემდეგაც აღიარა, უშუალოდ თამაშის დროს სებასტიან კელისთვის უკითხავს, 3:1 საკმარისია თუ გოლი კიდევ გვჭირდებაო.

"იურგენ კლოპმა თამაშის წინ ყველაფერი დეტალურად აგვიხსნა, მაგრამ მე მაინც ვერაფერი გავიგე და ამის აღიარების ძალიან შემრცხვა. ამიტომაც ვკითხე მესამე გოლის შემდეგ კელს, იყო თუ არა 3:1 საკმარისი ანგარიში. მან თავი დამიქნია," - თქვა მატჩის შემდეგ შაჰინმა.

შაჰინის ეს განცხადება ამ "ბორუსიასთვის" გარკვეულწილად სიმტომატურიცაა - დორტმუნდელები ძალიან ნიჭიერები არიან, შედეგზე ორიენტირებული გამოთვლები კი ნაკლებად ეხერხებათ.

ვაიდენფელერი: გოლები მე გავიტანო?
გამოთვლები არაფერ შუაშია, მაგრამ პრაგმატულ მიდგომასთან და ცივსისხლიანობასთან ნამდვილად კავშირშია ის ფაქტი, რომ დორტმუნდელებმა რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს, რაზეც მატჩის შემდეგ ბორუსიას" მეკარე რომან ვაიდენფელერმა გააკეთა კომენტარი:

"მეკარისთვის ძალიან ძნელია იმის ყურება, როგორ აფუჭებს თავდამსხმელი რეალურ საგოლე მომენტს. ასეთ დროს ყველაზე მეტად ის მინდა ხოლმე, რომ მე თვითონ გავიქცე წინ და გოლები თავად გავიტანო," - აღნიშნა ვაიდენფელერმა.

ფაქტია, რომ იურგენ კლოპის გუნდს წარმატების მისაღწევად ბევრი შანსი სჭირდება, რაც არა მარტო უკანახაზელებისთვის, არამედ მაყურებლებისთვისაც უდიდესი სტრესია.

"წარმომიდგენია, როგორ ნერვიულობდნენ ჩვენი ფანები იმ მომენტებში, როცა მომენტებს ვანიავებდით. ეს ძალიან გასაბრაზებელია და ამ ფენომენს ვერაფრით ვხსნი, რადგან ჩვენ ბრწყინვალე წინახაზელები გვყავს, რომლებსაც მომენტის გამოყენება არ უნდა უჭირდეთ," - ეს კაპიტან კელის სიტყვებია.

წინა სეზონში დორტმუნდელებს ასეთი პრობლემები არ ეტყობოდათ, ახლა კი მარკო როისს, რობერტ ლევანდოვსკის, ახალწვეულ ჰენრიხ მხითარიანს და სხვებს მეტოქის კართან ცივსისხლიანობა და შესაბამისად, ეფექტიანობა აკლიათ. ამიტომაც უნდა ვთქვათ, რომ დორტმუნდელებს ამ კონკრეტულ მატჩში გაუმართლათ კიდეც და კერძოდ იმაში, რომ არც "ნაპოლია" ისეთი ეფექტური კლუბი, რომ სამი შანსიდან სამივე გამოიყენოს.

59-ე წუთზე ნეაპოლელთა თავდამსხმელ გონსალო იგუაინს ანგარიშის გათანაბრების რეალურზე რეალური შანსი მიეცა, მაგრამ ვერ გამოიყენა, ცოტა ხანში კი იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ სხვაობა ორამდე გაზარდა. მატჩის შემდეგ კლოპმა თქვა, რომ ეს ორი მომენტი ამ მატჩის გადამწყვეტი მომენტები იყო.

0:2-ის შემდეგ ნეაპოლელები უკვე იძულებულები გახდნენ, რომ ზონები გაეხსნათ და მართალია, სხვაობა შეამცირეს (ინსინიეს გოლი 71-ე წუთზე) და დორტმუნდელებმა კიდევ ვერ გამოიყენეს მომენტები, მაგრამ საბოლოოდ "ბორუსიასთვის" პიერ-ემერიკ ობამეიანგის გოლით, ყველაფერი ძალიან კარგად დამთავრდა.

არადა, ნეაპოლელები უფრო ეფექტურები რომ ყოფილიყვნენ და მატჩი 3:2 დასრულებულიყო, სტუმრად გატანილი ორი გოლის გამო "ნაპოლი" "დორტმუნდთან" პირად ანგარიშში უპირატესობას მოიპოვებდა. 3:1 კი ის ანგარიშია, რომელიც ნეაპოლში 1:2-ით წაგების გამო უპირატესობას უკვე "დორტმუნდს" აძლევს.

ამ შეხვედრას სხვა გმირიც ჰყავდა - კერძოდ, დორტმუნდელთა საყრდენი ნახევარმცველი სვენ ბენდერი, რომელმაც გამოუვალი მდგომარეობის გამო ცენტრალური მცველის პოზიციაზე ითამაშა და ერთ საათზე მეტი მოედანზე ცხვირგატეხილმა გაატარა. ბენდერის მაისურა სისხლით იმდენჯერ დაისვარა, რომ ბოლოს ფორმა ფან-შოპიდან (!) მოუტანეს.

რა შემთხვევებში გავა "დორტმუნდი" მერვედფინალში?
ახლა, ბოლო ტურში დორტმუნდელებს მერვედფინალში თამაშის გასანაღდებლად მარსელში მოგება სჭირდებათ. თუ პარალელურად, "არსენალი" ნეაპოლში წააგებს, შესაძლოა, "ბორუსიამ" ჯგუფში პირველი ადგილიც კი დაიკავოს. თუ იტალიელები "არსენალს" სამბურთიანი სხვაობით მოუგებენ, ლონდონური კლუბი ჯგუფში ჩარჩება, მერვედფინალში კი "ნაპოლი" გავა.

თუმცა "ბორუსიას" ჯგუფიდან გასვლა მარსელში ფრის დაფიქსირებითაც შეუძლია. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "ნაპოლი" "არსენალს" ვერ დაამარცხებს. თუ კლოპის გუნდი "ველოდრომზე" წააგებს, დორტმუნდელები მერვედფინალში მხოლოდ მაშინ გავლენ, თუ პარალელურ შეხვედრაში "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "არსენალთან" დამარცხდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იურგენ კლოპი: "ნაპოლი" მაინც ძლიერი მეტოქეა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული