საქმეს დიდხანს უჩანდა ისეთი პირი, რომ "იუვენტუსი" სასურველ 0:0-ს დააფიქსირებდა, მაგრამ 85-ე წუთზე "გალას" ვარსკვლავებმა დიდიე დროგბამ და ვესლი სნეიდერმა მარტივი, მაგრამ გენიალური კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც ჰოლანდიელმა გოლით დააგვირგვინა და "იუვენტუსი" ჯგუფში ჩატოვა.
ბურთს ოდნავ უფრო მეტად "იუვენტუსი" აკონტროლებ
გოლამდე პირველი და, ფაქტობრივად, ერთადერთი რეალური მომენტი დიდიე დროგბას ჰქონდა, რომელიც საერთოდ მთელი მატჩის განმავლობაში საუკეთესო იყო, მაგრამ მისი დარტყმა შესანიშნავი სეივით ჯიჯი ბუფონმა "გამოაძრო".
სხვა მხრივ, იმას, რაც ამ შეხვედრაში ხდებოდა, ფეხბურთი ნაკლებად ეთქმის. ბრძოლა კი ნამდვილად იყო - ბრძოლა ტალახში.
84-ე წუთისთვის ეჭვი თითქმის არავის ეპარებოდა იმაში, რომ "იუვენტუსი" თამაშს საფინალო სასტვენამდე უმტკივნეულოდ მიიყვანდა, მაგრამ სწორედ ამ დროს გამოიღო შედეგი "გალას" მაღალი ბურთების სტრატეგიამ - დროგბამ თავით გადაუგდო ბურთი სნეიდერს, რომელმაც საჯარიმოში შეიწია და ბუფონის კარის შორეული კუთხე დალაშქრა.
გახარებული ჰოლანდიელი დროგბამ და კომპანიამ ზეიმისას კინაღამ აუტის ხაზის მიღმა დაგროვილ თოვლში დამარხეს.
"იუვენტუსს" ხუთი და დამატებითი სამი წუთი ჰქონდა. კონტემ მოედანზე კვალიარელა და ჯოვინკო გამოიყვანა, მაგრამ ტურინელებმა საგოლე მომენტიც კი ვერ შექმნეს. პირიქით, "გალას" ორი კარგი კონტრშეტევის შანსი მიეცა.
ასე დაემშვიდობა "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგას და ევროპალიგაზე გადაინაცვლებს. სხვათა შორის, ევროპალიგის ფინალი სწორედ ტურინშია...
გალათასარაი-იუვენტუსი 1:0
გოლი: 1:0 სნეიდერი (85)
გალათასარაი (3-4-1-2): მუსლერა - შეჯუ, სემი კაია, გიოქჰან ზანი - ებუე (81. უმუთ ბულუთი), ფელიპე მელო, სელჩუკ ინანი, რიერა - სნეიდერი (92. გიულსელამი) - ბ. ილმაზი, დროგბა.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი (90. ჯოვინკო), კიელინი - ლიხტშტაინერი, ვიდალი, პოგბა, მარკიზიო (87. კვალიარელა), ასამოა - ლორენტე, ტევესი.
გაფრთხილება: სნეიდერი, უმუთ ბულუთი, მუსლერა - მარკიზიო, ტევესი
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 16-18; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 13(2)-11(3); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 37 375
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 6 5 1 0 20-5 16
2. გალათასარაი 6 2 1 3 8-14 7
3. იუვენტუსი 6 1 3 2 9-9 6
4. კოპენჰაგენი 6 1 1 5 4-13 4
მატჩის შემდეგ
რობერტო მანჩინი (გალათასარაი):
"ეს გამარჯვება აბსოლუტურად დამსახურებულია. მიმაჩნია, რომ მერვედფინალისკენ პირველი სერიოზული ნაბიჯი ტურინში მიღწეული ფრით გადავდგით. ტურინში რომ წაგვეგო, არა მგონია, ჯგუფიდან გასვლის შანსი ბოლო ტურამდე შეგვრჩენოდა".
ანტონიო კონტე (იუვენტუსი):
"ბევრ რამეს ვნანობ. გული განსაკუთრებით იმის გამო მწყდება, რომ წესით, ჯგუფიდან გასვლა გაცილებით ადრე უნდა გაგვენაღდებინა და საქმე აქამდე არ უნდა მიგვეყვანა.
ცხოვრება ჩვენ თვითონ გავირთულეთ, როცა ჯერ კოპენჰაგენში ვერ მოვიგეთ, მერე კი "გალათასარაის" ტურინიდან ქულა გამოვატანეთ.
ასეთ ამინდში და ასეთ მოედანზე ფეხბურთის თამაში არ შეიძლება, მაგრამ ამინდს ნურაფერს დავაბრალებთ. თოვლში, სეტყვასა და ტალახში ფეხბურთის თამაშს არც "გალათასარაის" ფეხბურთელები არიან მიჩვეულნი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"