01:22 23-04-2015
რეალი-ატლეტიკო 1:0 - ჩიჩარიტოს ოქროს გოლი [VIDEO]
AutoSharing Option
ერთადერთი და გამარჯვების გოლი 88-ე წუთზე გავიდა, როდესაც მასპინძლებმა მარჯვენა ფრთაზე შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს. კრიშტიანო რონალდოს პასით ბურთი ხავიერ ერნანდესს, იგივე ჩიჩარიტოს მიუვიდა და მექსიკელ ფორვარდს მისი კარში შეგორება აღარ გასჭირვებია - 1:0.
ეს უკვე ის ანგარიში იყო, რომელიც "სამეფო გუნდს" ხელს აძლევდა და დარჩენილ წუთებში განსაკუთრებული და საინტერესო აღარაფერი მომხდარა. გოლამდე კი იყო მნიშვნელოვანი ეპიზოდი, როდესაც მოედნიდან არდა თურანი გააძევეს. "ატლეტიკო" კაცნაკლული დარჩა და ალბათ, "რეალმა" გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. თუმცა, მასპინძლები უპირატესობას იქამდეც ფლობდნენ და ეს სტატისტიკურ მონაცემებში კარგად ჩანს - "რეალმა" 19-ჯერ დაარტყა მეტოქის კარის მიმართულებით და ეს მაშინ, როდესაც "ატლეტიკომ" მხოლოდ 4-ჯერ სცადა ბედი.
"სამეფო გუნდი" ნახევარფინალშია და აგრძელებს ბრძოლას ჩემპიონთა ლიგის მეთერთმეტე ტიტულისთვის, "ატლეტიკოს" მისამართით კი ქების მეტი არაფერი გვემეტება - ბრავო დიეგო სიმეონეს და მის "როხიბლანკოს", რომელიც აგერ, უკვე მეორე წელია, გაცილებით მდიდარ კლუბებს და ევროპული ფეხბურთის ნამდვილ მონსტრებს ტოლ-სწორად ეპაექრება.
ამ შეხვედრაში "რეალის" გოლკიპერმა იკერ კასილიასმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა - მან 52-ედ შეინახა კარი "მშრალად". აქამდე საუკეთესო შედეგი ედვინ ვან დერ სარს ("მანჩესტერ იუნაიტედი") ეკუთვნოდა, რომელმაც ლიგაზე კარი მშრალად 51-ჯერ შეინახა. მოქმედ მეკარეებში პეტრ ჩეხს 46 მშრალი მატჩი აქვს ჩატარებული ლიგაზე, ვიქტორ ვალდესს და ჯანლუიჯი ბუფონს კი - 45-45.
გაირკვა ჩემპიონთა ლიგის ოთხივე ნახევარფინალისტის ვინაობა - ესენია მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" (ორივე - ესპანეთი), მიუნხენის "ბაიერნი" (გერმანია) და ტურინის "იუვენტუსი" (იტალია).
ნახევარფინალების კენჭისყრა 24 აპრილს ნიონში (შვეიცარია) გაიმართება, ხოლო ნახევარფინალური სტადია 5 და 6 მაისს და 12/13 მაისს (საპასუხო მატჩები) გველის. პარასკევს გაირკვევა ისიც, თუ რომელი ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებული ჩაითვლება ფინალში მასპინძლად. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 6 ივნისს ბერლინის (გერმანია) "ოლიმპიაშტადიონზე" გაიმართება.
მატჩის შემდეგ:
კარლო ანჩელოტი: ჩვენი ოცნება, ვითამაშოთ ფინალში, ჯერ კიდევ ცოცხალია
დიეგო სიმეონე: ბავშვობაში ბოლომდე ბრძოლას მასწავლიდნენ...
ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი
რეალი-ატლეტიკო 1:0
(პირველი მატჩი: 0:0)
გოლი: 1:0 ერნანდესი (88)
რეალი (4-3-3): კასილიასი - კარვახალი, ვარანი, პეპე, კოენტრაო (90. არბელოა) - სერხიო რამოსი, კროოსი, ისკო (90. ილიარამენდი) - ხამეს როდრიგესი, რონალდო, ხ. ერნანდესი (90. ხესე)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, გამესი - არდა თურანი, კოკე, ტიაგო (86. ხ. ხიმენესი), საულ ნიგესი (46. გაბი) - გრიზმანი (65. რაულ გარსია), მანჯუკიჩი
გაფრთხილება: პეპე, არბელოა - კოკე, რაულ გარსია
გაძევება: თურანი (76. ატლეტიკო)
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 19-4 (8-2); ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 85 000
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
:D ბუფონის უფრო ცოტა თამაში აქვს ცატარებული და თან 46 არ გაუშვია. კასილიასის მაჩვენებელს ბევრად ჯობია პროცენტულად!
0
0
რონალდუ ნამდვილი პეოფია- არ იღორა და ჩიჩარიტოს გაატანინა, ხედვაც მაგარი აქვს...
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული