ბენფიკა VS ზენიტი - ანდრე სამშობლოში

AutoSharing Option
ორი თვისა და ერთი კვირის თავზე განახლდება მსოფლიოს უძლიერესი საკლუბო ტურნირი - ჩემპიონთა ლიგა. ვიწყებთ პირველი ორი მერვედფინალური წყვილით, ლისაბონსა და პარიზში ორი ძალზე მნიშვნელოვანი მატჩია - "ბენფიკა" რუსულ "ზენიტს" მასპინძლობს, ხოლო "პარი სენ-ჟერმენი" ლონდონის "ჩელსის" მიიღებს.

ლისაბონურ მატჩს ევროპაში ნაკლები ინტერესით კი ელიან, თუმცა არც "ბენფიკა" და არც H ჯგუფში პირველ ადგილზე გასული "ზენიტი" არიან ხელწამოსაკრავი გუნდები. მით უფრო, რომ ერთ-ერთი მათგანი მეოთხედფინალში უეჭველი გავა.

პორტუგალიელებს რუსებთან ერთი დიდი პლუსი აქვთ - "ზენიტის" ბოლო ოფიციალური მატჩი... დეკემბერში ჩემპიონთა ლიგაზევე
იყო.

* აქსელ ვიტსელი, ესეკიელ გარაი და ხავი გარსია ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ.

* "ზენიტმა" ბოლო ოფიციალური მატჩი 9 დეკემბერს "გენტთან" გამართა.

* "ბენფიკას" 11-მატჩიანი წაუგებელი სერია პარასკევს დასრულდა "პორტუსთან" მატჩში.


რუი ვიტორია (ბენფიკა): "ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერი, კარგი ფეხბურთელებითა და ბრწყინვალე პორტუგალიელი მწვრთნელით. პორტუგალიურ ფეხბურთში "ზენიტის" ძალიან ბევრი ფეხბურთელია ცნობილი. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ პლეი ოფში მოვხვდით. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის მეტოქე, "ბენფიკა" ყოველთვის მოსაგებად იბრძოლებს".

ანდრე ვილაშ-ბოაში (ზენიტი): "ბოლო თვეებში "ბენფიკა" გადასხვაფერდა. ისინი კარგად თამაშობენ, გააქვთ გოლები, იგებენ თამაშებს... ჩვენ ბოლო ორი თვის განმავლობაში კარგად ვიმუშავეთ, ახლა კარგი შედეგის მიღების დროა. "ბენფიკას" კი ახალგაზრდობისა და გამოცდილების ნაზავი გამოარჩევს".

გასულ უქმეებზე
"ბენფიკამ" შინ 1:2 წააგო "პორტუსთან". ეს "არწივების" პირველი მარცხია 8 დეკემბრის მერე. არადა, "პორტუსთან" ლისაბონელები დაწინაურდნენ, გოლი კოსტას მიტროღლუმ გაიტანა.

"ზენიტი" ფონს ამხანაგური მატჩებით გადის.

ურთიერთშეხვედრები
2014/15 წლების სეზონში "ზენიტმა" ლისაბონში 2:0 მოიგო აქსელ ვისტელისა და ჰალკის გოლებით. საშინაო მატჩში "ზენიტმა" პორტუგალიელი დანის გოლით 1:0 მოიგო.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი
სამშაბათი. 16 თებერვალი
ბენფიკა-ზენიტი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლუიზაო, რებოჩო, ფეისა (?), ლ. ლოპესი (?) - ფაიზულინი, მალაფეევი, სმოლნიკოვი, რიაზანცევი (?)

სავარაუდო შემადგენლობები
ბენფიკა (4-4-2): ჟულიო სეზარი - ალმეიდა, ჟარდელი, ლინდელიოფი, ელიზეუ - სამარისი, რ. სანჩესი, პიცი, გაიტანი - მიტროღლუ, ჟონასი
ზენიტი (4-4-2): ლოდიგინი - ანიუკოვი, გარაი, ლომბერტსი, კრიშიტო - ხ. გარსია, ვიტსელი, შატოვი, დანი - ჰალკი, ძიუბა
მსაჯი: ჯანლუკა როჩი (იტალია)

საპასუხო მატჩი - 9 მარტს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული