ბაიერნი-ბენფიკა 1:0 - გოლი 109 წამში და მეტი არაფერი [VIDEO]

AutoSharing Option
"ალიანც არენაზე" არტურო ვიდალის გოლის წყალობით ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა 1:0 იმარჯვა "ბენფიკაზე", მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი ამ წყვილში გაირკვა. პორტუგალიურმა გუნდმა ამ თამაშამდე 20-დან 19 მატჩში იმარჯვა და მას ლისაბონში "ხურდის დაბრუნების" თავი ნამდვილად აქვს.

ანგარიში უკვე მე-2 წუთზე გაიხსნა "ბაიერნის" პირველსავე შეტევაზე, მარცხენა ფლანგზე ხუან ბერნატი მოძებნეს და ესპანელს საკმარისი დრო ჰქონდა, რომ დამიზნებით ჩაეწოდებინა. ჩილელმა არტურო ვიდალმა ედერსონის კარი თავურით დალაშქრა - თამაშის დაწყებიდან 109 წამი იყო გასული.

21-ე წუთზე თომას მიულერს ედერსონმა სასწაული დარტყმა აუღო. 29-ე
წუთზე სტუმრები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ მსაჯმა ფილიპ ლამს არ ჩაუთვალა, რომ ხელით განზრახ ითამაშა.

"ბაიერნის" უპირატესობა პირველ ტაიმში კი აშკარა იყო, მაგრამ მეტი გოლი აღარ გასულა და გუნდები შესვენებაზე მინიმალური სხვაობით გავიდნენ.
57-ე წუთზე "ბენფიკას" პირველი საგოლე მომენტი ვიხილეთ, საჯარიმოში დიდებულად გაისარჯა ჟონასი, მაგრამ ექსვალენსიელის დარტყმა მანუელ ნოიერმა მოიგერია.

მართალია, საბოლოოდ "ბაიერნის" უპირატესობას აშკარა ეთქმოდა, მასპინძელმა გუნდმა მეტის გატანა ვეღარ შეძლო და ყველაფერი ლისაბონში გადაწყდება. მით უფრო, რომ მიუნხენურ თამაშში, რაც დრო გადიოდა, "ბაიერნი" ნაკლებ აქტიურად უტევდა, "ბენფიკას" თვითრწმენა კი მატულობდა.

პორტუგალიელთათვის სამწუხაროდ, "ბენფიკას" საპასუხო მატჩში ჟონასი არ ეყოლება, რადგან მან ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია.

მატჩის საუკეთესო მოთამაშეები გოლის ავტორი ვიდალი და სტუმართა 22 წლის მეკარე ედერსონი იყვნენ. ედერსონის ანგარიშზე 2-3 ჩინებული "სეივია", ხოლო ვიდალი, გოლის გარდა, გუშინ მოედანზე ყველგან ასწრებდა. არადა, თითქოს, სასტარტოში მასზე მეტად ესპანელი ჩაბი ალონსოს გამოჩენას ვარაუდობდნენ.

მანუელ ნოიერი (ბაიერნი): "ისეთივე თამაში გამოგვივიდა, როგორც "აინტრახტთან" ახლახანს. მხოლოდ რამდენიმე კარგი შანსი გვქონდა, "ბენფიკას" დაცვის ოთხეულმა საოცრად კარგად ითამაშა, მაგრამ ხანდახან, 1:0-იც საკმარისია".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბაიერნი-ბენფიკა 1:0
გოლი: 1:0 ვიდალი (2)
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, კიმიხი (60. ხ. მარტინესი), ალაბა, ბერნატი - ა. ვიდალი - დ. კოშტა (70. კომანი), მიულერი (85. გიოტცე), ტ. ალკანტარა, რიბერი - ლევანდოვსკი
ბენფიკა (4-4-2): ედერსონი - ა. ალმეიდა, ლინდელოფი, ჟარდელი, ელიზეუ - პიცი (91. სამარისი), ფეიშა, რ. სანჩესი, გაიტანი - ჟონასი (83. სალვიო), მიტროღლუ (70. რ. ხიმენესი)
გაფრთხილება: რიბერი, ბერნატი - ჟონასი, ლინდელოფი
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 11-12; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 15-10 (5-2); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 75 000

საპასუხო მატჩი 13 აპრილს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული