რეალი VS ატლეტიკო - მადრიდი მეთერთმეტედ, მაგრამ რომელი?

AutoSharing Option
* ტურნირის ისტორიაში მეორედ ფინალში ერთი ქალაქის გუნდები თამაშობენ.
* პირველი ასეთი შემთხვევა 2014 წელს მოხდა და მაშინაც "რეალი" და "ატლეტიკო" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
* კრიშტიანო რონალდო 16 გოლით ტურნირის ბომბარდირთა დავას ლიდერობს, მას გოლი აშორებს საკუთარ რეკორდთან.
* გამარჯვებული უეფას სუპერთასისთვის ევროპალიგის მომგებ "სევილიას" შეხვდება და 2016 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშებს.
* ფინალის ელჩია "ინტერის" ლეგენდა ხავიერ ძანეტი
* ბილეთების ოფიციალური ფასები 70-440 ევროს ფარგლებში მერყეობდა.
* შოუს ამერიკელი მომღერალი ალიშა კისი გახსნის. ლიგის ჰიმნს კი ანდრეა ბოჩელი
შეასრულებს.

საკლუბო სეზონის კულმინაცია-ეპილოგი ლეგენდარულ "სან სიროზე" გველის, სადაც ორი მადრიდული კლუბი ერთმანეთს ლიგის ტიტულისთვის შეებრძოლება - "სამეფო კლუბი" "როხიბლანკოს" წინააღმდეგ, ზიზუ VS ჩოლო - შაბათს 28 მაისს "რეალი"-"ატლეტიკოა".

ცხადია, რომ მილანში ერთ-ერთი მადრიდული კლუბი იზეიმებს. ასე რომ მადრიდელები ტიტულებით მილანურ კლუბებს გაუსწრებენ. აქამდე მადრიდელებს და მილანელებს 10-10 ტიტული აქვთ მოპოვებული. ესპანურ ყულაბაში ყველა ტიტული "რეალისაა", ხოლო იტალიურში - 7 "მილანმა" გამოიმუშავა და 3 "ინტერმა". ასე რომ, 28 მაისის მერე, მადრიდი საკლუბო ფეხბურთის ერთპიროვნული დედაქალაქი გახდება და თან ეს, ბედის ირონიით, სწორედ მილანში მოხდება.

წლევანდელი ლიგა 5-მა ესპანურმა კლუბმა დაიწყო და აგერ, ორი ფინალშია. ჩვენ 2014 წლის ლიგის ფინალის რემატჩს ვიხილავთ. მაშინაც "რეალმა" და "ატლეტიკომ" ითამაშეს ფინალში და "სამეფო კლუბმა" დამატებით დროში იმარჯვა 4:1.

ორი წლის წინათ, ყველაფერი კრიშტიანო რონალდოს სამშობლოში, პორტუგალიაში მოხდა - ლისაბონში "ატლეტიკო" დიეგო გოდინის გოლით 93-ე წუთამდე იგებდა, სანამ სერხიო რამოსმა არ გაათანაბრა. დამატებით ტაიმებში კი "რეალმა" ბეილის, მარსელოსა და რონალდოს გოლებით გაილაღა.

ამით "რეალმა" ნანატრი "დესიმა" (მე-10 ტიტული) მოიპოვა. ეს "სამეფო კლუბმა" კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით შეძლო. ახლა კარლიტო "ბაიერნში" სამუშაოდ ემზადება, რეალს კი ზინედინ ზიდანი წვრთნის. ხოლო "ატლეტიკოს" კვლავ არგენტინელი დიეგო სიმეონე წვრთნის. იმ ფეხბურთელთაგან ვინც 2014 წლის ლისაბონის ფინალი ითამაშა, შაბათს "რეალიდან" 7-ს შეუძლია თამაში (ვარანი ტრავმირებულია და ვერ იქნება, თორემ კვლავ გუნდშია), ხოლო "ატლეტიკოდან" - 6-ს.

სულ კი ეს გუნდები ოფიციალურ მატჩებში 191-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ბუნერბივია, ერთმანეთის შესახებ ყველაფერი იციან. ფინალისტებს მეტოქეთათვის საიდუმლოები შემონახული ვერ ექნებათ, გამორიცხულია.

რეალი
მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში მე-14-ედ გავიდა (სულ ევროთასებზე 27-ედ). წინა 13 დაპირისპირებიდან "სამეფო კლუბისთვის" ჰეფი ენდით 10 დასრულდა და კიდევ კარგა ხანს, "რეალი" ტიტულებით ლიდერი იქნება ევროპაში. უახლოესი კონკურენტი "მილანი" მას 3 ტიტულით ჩამორჩება და ისეთ ღრმა კრიზისშია ამჟამად, რომ ტიტულების დაგროვებაზე საუბარი ამ ეტაპზე "მილანისთვის" კომიკური იქნებოდა.

ზიდანი, რომელმაც 2002 წელს გამარჯვების გოლი გაიტანა და "სამეფო კლუბს" თასი მოაგებინა შეიძლება გახდეს მე-7 ადამიანი, ვინც ამ ტიტულს მოიპოვებს ფეხბურთელისა და მწვრთნელის რანგში. ელიტის ექვსეული კი ასე გამოიყურება: მიგელ მუნიოსი, ჯოვანი ტრაპატონი, იოჰან კრუიფი, კარლო ანჩელოტი, ფრანკ რაიკაარდი და ხოსეპ გვარდიოლა.

კრიშტიანო რონალდოს შეუძლია გახდეს პირველი ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის სამ ფინალში გაიტანს. მან შეძლო გატანა 2008 წელს (მანჩესტერის მაისურით) და 2014-ში. ორ ფინალში კი ჯერჯერობით მას და კიდევ სამ ფერხბურთელს აქვთ გატანილი: რაულ გონსალესს (2000, 2002), სამუელ ეტოოს (2006, 2009) და ლიონელ მესის (2009, 2011).

ტონი კროოსი შესაძლოა გახდეს მე-13 ფეხბურთელი, რომელიც თასს ორი კლუბის სახელით მოიპოვებს. ამის შანსი აქვს "ატლეტიკოს" ფერნანდო ტორესსაც. ანუ მე-13 ასეთი ფეხბურთელი აუცილებლად იქნება. საკითხავია, რომელი კროოსი თუ ტორესი.

ატლეტიკო
"ატლეტიკომ" მხოლოდ ორჯერ ითამაშა ფინალში, მაგრამ სამი მატჩი გამართა. საქმე ისაა, რომ 1974 წელს "ეიზელზე" პირველმა თამაშმა ვერაფერი გადაწყვიტა, მართალია, 114-ე წუთზე აწ გარდაცვლილმა ლუის არაგონესმა ესპანელები დააწინაურა. ჰანს-გეორგ შვარცენბეკმა გაათანაბრა. მეორე მატჩში კი "ბაიერნმა" უშანსოდ, 4:0 მოუგო "ატლეტიკოს".

მილანური ტრიუმფის შემთხვევაში "ატლეტიკო" გახდება 23-ე კლუბი, რომელიც ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ჯილდოს მოიპოვებს. 22-ე კლუბი "ჩელსი" იყო 2012 წელს. დიეგო სიმეონე შეიძლება გახდეს მხოლოდ მესამე არაევროპელი მწვრთნელი, რომელიც ამ ტიტულს მოიგებს. პირველი ორიც არგენტინელი იყო - ლუის კარნილია (რეალი) და ელენიო ერერა (ინტერი).

მატჩის წინ
ზინედინ ზიდანი (რეალი): "როცა "რეალი" ჩავიბარე, ჩემთვის ყველაფერი ახალი იყო, მაგრამ დრო არ ითმენდა, ჩვენ მაშინვე უნდა დაგვეწყო მოგებები. უნდა ვყოფილიყავი მზად, ნებისმიერი გამოცდისათვის. იმ მომენტისთვის უკვე გამოვვარდით ესპანეთის თასიდან. ჩვენ დავიწყეთ 3-კვირიანი დაუღალავი შრომით.

სწორედ მაშინ დავაგროვეთ შემდგომი წარმატების ყველა წინაპირობა. პირველ რიგში, გუნდის ფიზიკურ გამძლეობას ვგულისხმობ. მერე კი უბრალოდ ვიგებდით თამაშებს. და აი, ჩვენ უკვე სეზონის მთავარი მატჩს ველით.

"ატლეტიკო" ჩვენთვის გამორჩეული მეტოქეა. ფინალამდე მათ ევროპის ორ უძლიერეს კლუბს აჯობეს, ასე რომ, ჩვენ გველის ძალიან რთული დაპირისპირება. როგორც ყოველთვის, "ატლეტიკო" დაცვაში საიმედოდ ითამაშებს. მაგრამ მეტოქეზე ლაპარაკისას არ შეიძლება იმის თქმა, რომ "ატლეტიკო" მარტო თავს იცავს, ამ გუნდმა ძალიან კარგად იცის ფეხბურთის თამაში.

მას შეუძლია ნებისმიერი მეტოქე ჩააგდოს გამოუვალ მდგომარეობაში. ჩვენ ეს კარგად გვესმის და ვფიქრობთ, შევძელით სათანადოდ მოვმზადებულიყავით. შევეცდებით, ფინალში ჩვენი ფეხბურთი ისე ვითამაშოთ, რომ სანანებელი არაფერი გაგვიხდეს".

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ბევრი რამ ითქვა და ბევრიც კიდევ ითქმევა. მაგრამ ეს ცარიელი სიტყვებია. ხშირად ხალხი იმას ლაპარაკობს, რაც რეალობიდან შორსაა და მათ სურვილებს ეყრდნობა. ვფიქრობ, რომ ასეთი მსჯელობა აზრსმოკლებულია.

უნდა იცხოვრო აწმყოთი, არც წარსულით და არც მომავლით. რა თქმა უნდა, "ატლეტიკო" ფინალისთვის მოემზადება საუკეთესოდ. მაგრამ "რეალთან" დაპირისპირების შედეგი სულაც არ არის დამოკიდებული იმაზე, რა მსურს მე. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რა ძალისხმევას ჩავდებთ ამ კონკრეტულ დაპირისპირებაში".

ფრთიანი ფრაზები ფინალის წინ
გარეთ ბეილი (რეალი): "ატლეტიკოს" ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდებოდა "რეალის" ძირითად შემადგენლობაში".

დიეგო გოდინი (ატლეტიკო): "ჩემპიონთა ლიგის მოგება ოცნებასავითაა".

კოკე (ატლეტიკო): "ზიდანი "რეალში" ხუთი თვეა, რაც მუშაობს, სიმეონე კი "ატლეტიკოში" ხუთი წელია მუშაობს, ჩვენ უპირატესობა გვაქვს".

კრიშტიანო რონალდო (რეალი): "იმედია, მოვიგებთ და ზიდანი ჩვენთან დიდი ხნით დარჩება".

სერხიო რამოსი (რეალი): "მიყვარს, როცა უძლიერესებს ვამარცხებ. ასე რომ, სჯობს "ატლეტიკო" უძლიერესი შემადგენლობით გამოვიდეს".

კრიშტიანო რონალდო (რეალი): "ჩემპიონთა ლიგის მოგება უფრო ძვირფასია, ვიდრე "ბარსას" დუბლი".

ფაბიო კაპელო: "ხასიათის სიმტკიცით, "ატლეტიკო" "რეალს" ერთი ორად უსწრებს".

ენრიკე სერესო (ატლეტიკოს პრეზიდენტი): "რეალი" ფინალში უნდა დავამარცხოთ ან ვიცილური მეთოდით, ან კრიმინალურით".

პრედრაგ მიატოვიჩი (რეალის ყოფილი ფეხბურთელი): "ატლეტიკოს" ლიგის ფინალში წაგება ერთი 50-წლიან ტრავმას მიაყენებს".

ჩემპიონთა ლიგა 2015/16
* ეს იყო ტურნირის რიგით 61-ე გათამაშება და 24-ე მას მერე, რაც ევროპის ჩემპიონთა თასის ნაცვლად უეფას ჩემპიონთა ლიგა დაერქვა.

* წინა სეზონის გამარჯვებული "ბარსელონა" ტურნირს 1/4 ფინალში გამოეთხოვა.

* ტურნირი დაიწყო 30 ივნისს (2015 წ) I საკვალიფიკაციო ეტაპით და დასრულდება 28 მაისს ფინალით.

* ტურნირში სულ ევროპის 53 ასოციაციის 78-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, ჯგუფური ეტაპიდან კი 32-მა კლუბმა ითამაშა.

* სულ გაიმართა 124 მატჩი და გავიდა 345 გოლი (2,78 გოლი მატჩში).

* ტურნირს ჯამში 5 მილიონზე მეტი ფანი დაესწრო (საშუალოდ 40 665 მატჩში).

* ტურნირზე საქართველოს ჩემპიონი გორის "დილა" II საკვალიფიკაციო წრეში ჩაერთო და ორი მატჩის ჯამში "პარტიზანთან" (სერბეთი) 0:3 დამარცხდა.

* ჯგუფურ ეტაპზე 17 ასოციაციის გუნდებმა ითამაშეს. "ასტანა", "გლადბახი" და "გენტი" დებიუტანტები იყვნენ.

* "ასტანა" გახდა პირველი ყაზახური კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.

* საქართველოს წარმომადგენელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჯერ არასოდეს უთამაშია.

* ესპანეთმა ჯგუფურ ეტაპზე ხუთი კლუბით იასპარეზა. ასეთი რამ პირველად მოხდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში.

28 მაისი. "სან სირო" მილანი (იტალია)
რეალი (ესპ)-ატლეტიკო (ესპ) 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: არბელოა, ვარანი, რონალდო (?), ხ. როდრიგესი (?) - გამესი
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ს. რამოსი, პეპე, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ბეილი, ბენზემა, რონალდო
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - გაბი, ტიაგო, ს. ნიგესი, კოკე - ფ. ტორესი, გრიზმანი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)
ურთიერთშეხვედრები
სულ: 191 თამაში: რეალი - 99, ფრე - 43, ატლეტიკო 49; ბურთები - 324:248
ჩემპიონთა ლიგაზე
სულ: 6 თ +4=1-1 9:4

რეალი
მწვრთნელი
ზინედინ ზიდანი
კაპიტანი
სერხიო რამოსი
ლიდერი
კრიშტიანო რონალდო

გზა ფინალამდე
მოიგო A ჯგუფი
1/8
რომა 2:0/2:0
1/4
ვოლფსბურგი 0:2/3:0
1/2
სიტი 0:0/1:0

ატლეტიკო
მწვრთნელი
დიეგო სიმეონე
კაპიტანი
გაბი
ლიდერი
ანტუან გრიზმანი

გზა ფინალამდე
მოიგო C ჯგუფი
1/8
პსვ 0:0/0:0 (8:7)
1/4
ბარსელონა 1:2/2:0
1/2
ბაიერნი 1:0/1:2

ჩემპიონთა ლიგის ყველა ფინალი
სეზონი თამაში ანგ.
1955/56 რეალი-რეიმსი 4:3
56/57 რეალი-ფიორენტინა 2:0
57/58 რეალი-მილანი 3:2 დ. დ.
58/59 რეალი-რეიმსი 2:0
59/60 რეალი-აინტრახტი 7:3
60/61 ბენფიკა-ბარსელონა 3:2
61/62 ბენფიკა-რეალი 5:3
62/63 მილანი-ბენფიკა 2:1
63/64 ინტერი-რეალი 3:1
64/65 ინტერი-ბენფიკა 1:0
65/66 რეალი-პარტიზანი 2:1
66/67 სელტიკი-ინტერი 2:1
67/68 მანჩესტერი-ბენფიკა 4:1 დ. დ.
68/69 მილანი-აიაქსი 4:0
69/70 ფეიენოორდი-სელტიკი 2:1 დ. დ.
70/71 აიაქსი-პანათინაიკოსი 2:0
71/72 აიაქსი-ინტერი 2:0
72/73 აიაქსი-იუვენტუსი 1:0
73/74 ბაიერნი-ატლეტიკო 1:1, 4:0
74/75 ბაიერნი-ლიდსი 2:0
75/76 ბაიერნი-სტ. ეტიენი 1:0
76/77 ლივერპული-გლადბახი 3:1
77/78 ლივერპული-ბრიუგე 1:0
78/79 ნოტინგემი-მალმიო 1:0
79/80 ნოტინგემი-ჰამბურგი 1:0
80/81 ლივერპული-რეალი 1:0
81/82 ასტონ ვილა-ბაიერნი 1:0
82/83 ჰამბურგი-იუვენტუსი 1:0
83/84 ლივერპული-რომა 1:1 (4:2)
84/85 იუვენტუსი-ლივერპული 1:0
85/86 სტიაუა-ბარსელონა 0:0 (2:0)
86/87 პორტუ-ბაიერნი 2:1
87/88 პსვ-ბენფიკა 0:0 (6:5)
88/89 მილანი-სტიაუა 4:0
89/90 მილანი-ბენფიკა 1:0
90/91 ცრვენა ზვეზდა-მარსელი 0:0 (5:3)
91/92 ბარსელონა-სამპდორია 1:0 დ. დ.
92/93 მარსელი-მილანი 1:0
93/94 მილანი-ბარსელონა 4:0
94/95 აიაქსი-მილანი 1:0
95/96 იუვენტუსი-აიაქსი 1:1 (4:2)
96/97 დორტმუნდი-იუვენტუსი 3:1
97/98 რეალი-იუვენტუსი 1:0
98/99 მანჩესტერი-ბაიერნი 2:1
99/2000 რეალი-ვალენსია 3:0
2000/01 ბაიერნი-ვალენსია 1:1 (5:4)
01/02 რეალი-ლევერკუზენი 2:1
02/03 მილანი-იუვენტუსი 0:0 (3:2)
03/04 პორტუ-მონაკო 3:0
04/05 ლივერპული-მილანი 3:3 (3:2)
05/06 ბარსელონა-არსენალი 2:1
06/07 მილანი-ლივერპული 2:1
07/08 მანჩესტერი-ჩელსი 1:1 (6:5)
08/09 ბარსელონა-მანჩესტერი 2:0
09/10 ინტერი-ბაიერნი 2:0
10/11 ბარსელონა-მანჩესტერი 3:1
11/12 ჩელსი-ბაიერნი 1:1 (4:3)
12/13 ბაიერნი-დორტმუნდი 2:1
13/14 რეალი-ატლეტიკო 4:1 დ. დ.
14/15 ბარსელონა-იუვენტუსი 3:1
15/16 რეალი-ატლეტიკო ?:?

ყველა გამარჯვებული
ტიტული კლუბი
10 რეალი (ესპ)
7 მილანი (იტ)
5 ბაიერნი (გერ)
ბარსელონა (ესპ)
ლივერპული (ინგ)
4 აიაქსი (ჰოლ)
3 ინტერი (იტ)
მანჩესტერი (ინგ)
2 იუვენტუსი (იტ)
ბენფიკა (პორ)
ნოტინგემი (ინგ)
პორტუ (პორ)
1 სელტიკი (შოტ)
ჰამბურგი (გერ)
სტიაუა (რუმ)
მარსელი (საფ)
ჩელსი (ინგ)
დორტმუნდი (გერ)
ფეიენოორდი (ჰოლ)
ასტონ ვილა (ინგ)
პსვ (ჰოლ)
ცრვენა ზვეზდა (იუგ)

ტიტულები ქვეყნების მიხედვით
ტიტული ქვეყანა
15 ესპანეთი
12 იტალია
ინგლისი
7 გერმანია
6 ჰოლანდია
4 პორტუგალია
1 საფრანგეთი
შოტლანდია
რუმინეთი
იუგოსლავია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Nametani did gulze arian es realis fexburtelebi.. ragac titkos kargad ver apaseben metokes da ise laparakoben titkos tituli ukve jibeshi akvt. Atletikos yvelaze zlieri gundebi shexvda cina etapebze da isini daamarcxa, reals kidev finaliamde yvelaze susti gundebi shexvda, ase rom jobia realurad shefason metoke, tore aseti gonorit tu gavidnen moedanze, aucileblad damarcxdebian
0

სიახლეები პოპულარული