ევროპალიგა. 1/4-ფინალი: მუქარა "ლიონს" - ჩვენი სტადიონი თავზე დაგემხობათ

AutoSharing Option
დღეს ევროპალიგის ოთხი ნახევარფინალისტის ვინაობაც გვეცოდინება. რვიდან ოთხი გუნდი შვედური სოლნას "ფრენდ არენის" ორი საგზურისთვის იბრძოლებს. შეგახსენებთ, რომ ევროპალიგის ფინალი 24 მაისს სწორედ სტოკჰოლმის გარეუბანში გაიმართება.

თქმა არ უნდა, ყველაზე "ცხელი" საპასუხო მეოთხედფინალი სტამბოლში გველის, სადაც "ბეშიქთაში" "ლიონს" მასპინძლობს. გავიხსენოთ, რა ხდებოდა ერთი კვირის წინათ ლიონში: თურქ და ფრანგ ფანებს შორის შეტაკებები ჯერ კიდევ თამაშამდე დაიწყო "ოლიმპიკ პარკის" მიმდებარედ და შემდეგ ტრიბუნებზე გაგრძელდა.

უფრო ზემოთ მსხდომმა თურქებმა ქვემოთ მყოფ ფრანგებს პეტარდები და სხვადასხვა საგანი დააყარეს და მასპინძლებიც იძულებულნი გახდნენ, მინდორზე
შეცვივნულიყვნენ.

ამის მერე საქმეში "ლიონის" ულტრასები ჩაერთვნენ, რომელთა ნაწილმა თურქი ფანების გარკვეული ჯგუფი მოიქცია და უმოწყალოდ ურტყა. ფანების შესაჩერებლად საქმეში "ლიონის" პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლაც კი ჩაერთო. თამაში კინაღამ ჩაიშალა და ის გვიან დაიწყო.

მოედანზეც გვარიანი დრამა გათამაშდა, "ბეშიქთაში" რაიან ბაბელმა დააწინაურა და სტუმართა გუნდი 83-ე წუთამდე იგებდა, შემდეგ კი ტოლისომ და მორელმა თამაში შემოატრიალეს, 2:1 "ლიონის" სასარგებლოდ.

უეფამ ორივე გუნდი ერთნაირად დასაჯა - "ლიონსა" და "ბეშიქთაშს" ევროთასებიდან 1-წლიანი მოკვეთა შეუფარდეს, ოღონდ ეს სასჯელი პირობითია და რეალური მას მერე გახდება, რაც რომელიმეს ფანები კიდევ ერთხელ შესცოდავენ.

ბევრი მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება დღესვე მოხდეს. "ბეშიქთაშის" ულტრასები უკვე დაემუქრნენ ფრანგ ფეხბურთელებს - "ჩვენი სტადიონის ტრიბუნები თავზე დაგემხობათ".

ამასთან, "ლიონი" და "ბეშიქთაში" 100-100 ათასი ევროთი დაისაჯნენ. უეფას გადაწყვეტილება თურქებმა გააპროტესტეს, ფრანგებმა კი მას სამართლიანი უწოდეს.

სხვათა შორის, გუშინ საფრანგეთში "ბეშიქთაშის" ერთ-ერთი ფანი გაასამართლეს და სტადიონის მომსახურის ცემისთვის ციხეში 2 თვით ჩააყუდეს. ამასთან, მას ორი წლით აეკრძალება საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა. სულ კი იმ დღეს 12 ფანი დააპატიმრეს.

დღეს "ბეშიქთაშს" ორი ფეხბურთელი ეყოლება დისკვალიფიცირებული - აბუბაქარი და მარსელო, "ლიონს" კი ამავე მიზეზით არ ეყოლება რაფაელი.

* * *
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბრიუსელის "ანდერლეხტს" მასპინძლობს და ბუნებრივია, "ოლდ ტრაფორდზე" აშკარა ფავორიტია. შეგახსენებთ, რომ ბელგიელები პირველ მატჩში მარცხს დაუძვრნენ. ინგლისელები ჰენრიხ მხითარიანის გოლით იგებდნენ და მეტოქეს ერთი თავით სჯობდნენ, მაგრამ ჟოზე მოურინიოს შეგირდები დაისაჯნენ მომენტების გამოუყენებლობის გამო. 86-ე წუთზე დენდონკერმა "ანდერლეხტს" იმედი შეუნარჩუნა.

საპასუხო მატჩში თამაშის შანსი გაუჩნდა უეინ რუნის, რომელიც ბოლო დროს ტრავმის გამო ვერ ეხმარება "იუნაიტედს". "რუნი ვარჯიშობს და მისი მდგომარეობა უკეთესია. თუკი გოლი ან ბურთის კონტროლი დაგვჭირდა, ის შესაძლოა, გამოგვადგეს კიდეც", - განაცხადა მოურინიომ.

"ანდერლეხტთან" ვერ ითამაშებენ ხუან მატა, კრის სმოლინგი და ფილ ჯონსი.

* * *
ცოტა სხვა ორ წყვილზეც ვთქვათ - ყველაზე კარგ მდგომარეობაში "აიაქსია", რომელმაც "ამსტერდამ არენაზე" "შალკეს" 2:0 მოუგო. დევი კლაასენმა დუბლი შეასრულა და "აიაქსს" კომფორტული უპირატესობა შეუქმნა.

ისე, სამი მიზეზი მაინც არსებობს, თუ რატომ შეიძლება გერმანულმა კლუბმა ამ წყვილში ყველაფერი თავდაყირა დააყენოს - "შალკემ" ბოლო სამი მატჩი ჰოლანდიურ კლუბებს შინ სამბურთიანი სხვაობით მოუგო.

"გენკი" კი ითვლება აუტსაიდერად, მაგრამ ვიგოში მხოლოდ 2:3 წააგო და ახლა ყველაფერი შეიძლება მოხდეს ბელგიაში. თასზე, რომელიც ბოლო დროს "ესპანურად" იქცა, "სელტა" ბოლო შემორჩენილი ესპანური კლუბია. ედუარდო ბერიცოს გუნდმა ერთგოლიანი უპირატესობა უნდა დაიცვას, თუმცა "სელტას" დაცვიდან თამაში ნაკლებად ეხერხება, გალისიური კლუბის სტიქია შეტევაა. ასე რომ, გენკშიც ღია ფეხბურთს ველით ბევრი გოლით.

ხუთშაბათი. 20 აპრილი
ბეშიქთაში-ლიონი 23:05 (1:2)
დისკვალიფიკაცია: აბუბაქარი, მარსელო - რაფაელი

გენკი-სელტა 23:05 (2:3)
დისკვალიფიკაცია: არავინ

მანჩესტერი-ანდერლეხტი 23:05 (1:1)
დისკვალიფიკაცია: არავინ

შალკე-აიაქსი 23:05 (0:2)
დისკვალიფიკაცია: კეჰრერი -

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /


100 000 ჯარიმით კი არა...

10-10 მილიონით უ ნ დ ა დასაჯოს ფიფამ ასეთი შემყტხვევები და მერე ა რ ა რ იზამენ დებოშს და მისთანებს

10 მილიონად ერთ ფეხბურთელს იყიდიან და გაყიდიან ასეთი კლუბები...100 ათასი მათთვის ჯიბის ფულია!
glaxuna
16:01 20-04-2017
0

სიახლეები პოპულარული