4 ივლისს საჩხერის "ჩიხურა" უეფას ევროპის ლიგაში სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებს. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სოსო ფრუიძის გაწვრთნილები ლიხტენშტეინის "ვადუცს" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 18:00 სთ-ზე დაუპირისპირდებიან. შეხვედრის ტელეტრანსლაციას I არხი განახორციელებს.
"ვადუცმა" ორი საკმაოდ საინტერესო ახალწვეული დაიმატა. პირველი ბოსნიელი თავდამსხმელი ჰარის ხანჯიჩია. 23 წლის ბალკანელმა ერთკვირიანი სინჯების შემდეგ ლიხტენშტეინელთა დამრიგებელს, ჯორჟო კონტინის მწვრთნელს თავი მოაწონა და იტალიელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ ის გუნდიდან წასულ გილერმე ალფონსოს სრულფასოვნად შეცვლის.
ამ უკანასკნელს, წარმოშობით ანგოლელ თავდამსხმელს, შვეიცარიის ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია,
ხანჯიჩი მაღალი (191 სმ) თავდამსხმელია და როგორც ამტკიცებენ, კარგად ხმარობს მარცხენა ფეხს. ის ბოსნიაში, პრიჟედორის "რუდარში" თამაშობდა, ეროვნულ ნაკრებში 2 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადებიუტო მატჩი კი 17 წლის ასაკში ითამაშა.
მანამდე გუნდში ჩრდილოკორეელი კვანგ რიონგ პაკი ჩაირიცხა. ისიც ტანმაღალი თავდამსხმელია (188 სმ). ამ 20 წლის ბიჭმა უკვე მოასწრო ეროვნული ნაკრების ფორმის 12-ჯერ მორგება და 3 გოლის გატანა. იყო "ბაზელის" ახალგაზრდული გუნდის წევრი.
პაკმა ჩემპიონთა ლიგაში 3 შეხვედრა ჩაატარა. 19 წლის 2011 წლის 27 სექტემბერს გახდა, როდესაც "ოლდ ტრაფორდზე" "ბაზელის" შემადგენლობაში "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ მოედანზე 81-ე წუთზე გამოჩნდა. ის შეხვედრა შვეიცარიელებმა გასვლაზე 3:3 დაასრულეს.
მერე "ბაზელმა" ევროპის ლიგაში გადაინაცვლა, სადაც კორეელმა ერთი მატჩი ჩაატარა. 2013 წლის დასაწყისში "ბელინცონაში" იჯარით გაუშვეს. იქ მან 17 მატჩში 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დააგროვა.
ლიხტენშტეინელები იმან შეაგულიანა, რომ შვეიცარიის ჩელენჯლიგას ახალი სპონსორი გამოუჩნდა, რომელიც გენერალურ სპონსორს გვერდში დაუდგა და ამით კლუბებს ყოველწლიური შემოსავლების გაზრდის იმედი გაუჩნდათ, თუმცა კონკრეტული თანხა არ მიუთითებიათ.
საჩხერელები კი ამჟამად მატჩისთვის თბილისში ემზადებიან. გუნდში არსებული ფინანსური მდგომარეობის გამო "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ წინა სეზონის შემადგენლობიდან 14 მოთამაშე გაუშვა და ახალგაზრდებს დაეყრდნობა. თუმცა ისინი საკმაოდ გამოცდილები არიან: ბაქოს "ინტერისა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მეკარე რევაზ თევდორაძე, თბილისის "დინამოსა" და "ბათუმის" ნახევარმცველები ჯაბა ჯიღაური და დავით კაკულია.
"გაგრასთან" კონტრაქტი გაწყვიტა და საჩხერელებს დაუბრუნდა ალექსანდრე ივანიშვილი. "ჩიხურას" ფორმას მოირგებენ ქუთაისის "ტორპედოდან" წამოსული გიორგი დათუნაიშვილი და "ზესტაფონის" ყოფილი თავდამსხმელი რატი წინამძღვრიშვილი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საჩხერის "ჩიხურას" მეტოქე "ვადუცი" - აქამდე "ჯუჯებს" მაინც ვჯობდით...