ვადუცი-ჩიხურა 1:1 - სოსო ფრუიძე მართალს ამბობდა... [VIDEO]

AutoSharing Option
სოსო ფრუიძე მართალს ამბობდა, "ვადუცმა" თავისი მაქსიმუმი თბილისურ შეხვედრაში გამოავლინა და მეტის მომატება არ შეუძლიაო. "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი არ ცდებოდა - მეტოქე სუსტი იყო და ასე თუ ისე, ამით საჩხერელებმა ისარგებლეს.

უეფას ვებგვერდზე მიმდინარე ტექსტური რეპორტაჟიდან უნდა დავასკვნათ, რომ "ჩიხურა" მოგებას იმსახურებდა, რადგან მეტი საგოლე მომენტი შექმნა.

საჩხერელებმა მატჩი ისე დაიწყეს, უკეთესს ვერც ინატრებდნენ: უკვე მე-2 წუთზე, პირველივე შეტევა ბესიკ დეკანოიძემ ჯაბა ჯიღაურს გაუგრძელა, მან კი ანგარიში გახსნა - 0:1.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეს იმდენად მოულოდნელი იყო, "ვადუცი" საკმაო ხანს გონს
ვერ მოეგო, მაგრამ შეტევების გამწვავებას ვერც საჩხერელები ახერხებდნენ.

Sportall.Geმასპინძლებმა პირველი სახიფათო მომენტი 22-ე წუთზე შექმნეს: პასკალ შიურპფის დარტყმის შემდეგ გიორგი სომხიშვილმა თავისიანები გადაარჩინა.

27-ე წუთზე "ჩიხურას" ორბურთიანი სხვაობით დაწინაურების შანსი დავით ოდიკაძეს მიეცა, მაგრამ "ვადუცის" მეკარე პეტერ იელეს ვერ აჯობა.

საფეხბურთო ლოგიკა უმალ ამოქმედდა: შიურპფის გადაცემის შემდეგ ლიხტენშტეინელთა ავსტრიელმა თავდამსხმელმა მანუელ ზუტერმა ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

ბოლო წუთებზე საჩხერელებმა კიდევ ორი საგოლე მომენტი შექმნეს. პირველი ოდიკაძემ განავითარა: მისი გადაცემის შემდეგ გიგა ბეჭვაიამ დაარტყა და მასპინძლებს ისევ მეკარემ უშველა.

45-ე წუთზე ჯიღაურმა შეუტია და იელე კვლავ შეუვალი იყო - ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისში დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა, მაგრამ მომენტი მხოლოდ 58-ე წუთზე შეიქმნა. თამაში ისევ სტუმრებმა გაამწვავეს: გიორგი რეხვიაშვილმა ჯარიმა შეასრულა, ბურთი ძელს მოხვდა და "ვადუცი" გადარჩა.

ოთხ წუთში მომენტი უკვე შოთა კაშიას შეტევას მოჰყვა, თუმცა მისი გასროლაც უშედეგო აღმოჩნდა - იელემ ამჯერადაც საიმედოდ იმოქმედა.

მასპინძლებმა მეორე ნახევარში სახიფათო მომენტი მხოლოდ 68-ე წუთზე შექმნეს, ამჯერადაც პირველი გოლის ავტორი ზუტერი უტევდა - სომხიშვილმა ბურთი მოიგერია.

მაგრამ ამის შემდეგ, ხუთწუთიან მონაკვეთში, "ვადუცმა" მეტოქეს შტურმი მოუწყო და საჩხერელთა მეკარემ თავისიანები კიდევ სამჯერ იხსნა: ორჯერ კორეელი პაკ კვან რენის დარტყმა მოიგერია, მერე კი შიურპფს აუღო - სომხიშვილი შესანიშნავად თამაშობდა.

საჩხერელებმა შტურმი მოიგერიეს და მალე მწვავე კონტრშეტევა წამოიწყეს, რომლის დაგვირგვინებასაც დეკანოიძე ცდილობდა - ისევ ძელი!

84-ე წუთზე ოდიკაძემ შეუტია და ამჯერად იელემ ივარგა.

ალბანელი მთავარი არბიტრის, ზნეა იორგის საფინალო სასტვენმა "ჩიხურას" შემდეგ წრეში გასვლა დააფიქსირა.

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ჩიხურა" შვეიცარიულ "თუნს" დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩიხურა-ვადუცი 0:0 - ერთი დონის მეტოქეები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული