დილა-ოლბორგი 3:0 - ძლევაი საკვირველი? [VIDEO]

AutoSharing Option
"ასეთი ანგარიშით გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი", - თქვა მატჩის შემდეგ გორის "დილას" დამრიგებელმა გიორგი დევდარიანმა.

"შედეგით გაწბილებული ვარ", - ეს უკვე "ოლბორგის" თავკაცის, კენტ ნილსენის სიტყვებია.

გორის "დილამ" ისე მოუგრიხა კისერი დანიელებს, რომ ყველა გააოცა - დევდარიანის გუნდმა მეორე ტაიმში მართლაც აღმაფრენით ითამაშა.

გორელებმა სამი სტოპერით გაამაგრეს დაცვა - მამუკა კობახიძე, ოთარ ხიზანეიშვილი და გულვერდ თომაშვილი - მარჯვენა ფლანგზე კახა ალადაშვილი იდგა, მარცხნივ კი გიორგი გურული.

"დილა" თავს ხუთი ნომინალური მცველით იცავდა, ხოლო როცა შეტევაზე გადადიოდა, დაცვაში მხოლოდ სტოპერები რჩებოდნენ.

პირველ ტაიმში შეტევას "დილა" მეტწილად ორი საშუალებით ანვითარებდა - დავით ბოლქვაძეს დიაგონალური პასით მარჯვენა ფლანგზე გარღვევაზე უნდა გაეყვანა გრიგოლ დოლიძე, რომელიც სწრაფია და კარის გასწვრივ ჩაწოდებაც მარჯვედ ეხერხება. იმავე ფლანგზე გამწესებული ალადაშვილი კი ფიზიკურად ძლიერია და მარჯვენა ფრთას ეს ფაქტორიც ამაგრებდა.

"დილამ" მარჯვნიდან მართლაც მოახერხა რამდენიმე ჩაწოდება, პირველ წუთებზე დოლიძის პასს გიორგი ილურიძემ შეაგება თავური და "ოლბორგის" მეკარემ ბურთი ხელებში გააქვავა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


მერე სტუმრებს ჰქონდათ ორი საგოლე მომენტი: სიორენ ფრედერიკსენს დაბალი ბურთი ჯერ ნუკრი რევიშვილმა აუღო, მერე კი "დილას" მცველებისგან უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ახლო მანძილიდან ზუსტად ვერ დაარტყა.

რაც შეეხება "დილას" შეტევების მეორე შესაძლებლობას - აქ უკვე გათვლა ილურიძის ინდივიდუალურ თამაშზე იყო გაკეთებული და "დილას" 21 წლის შემტევმა საქმეს თავი კარგად გაართვა - "ოლბორგის" დაცვას მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებდა.

აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ ირაკლი მოდებაძე. "დილას" ცენტრფორვარდი ძალიან აქტიური და სასარგებლო იყო, თითქმის ყველა დაბალი ბურთი მიიღო და შეინარჩუნა, გუნდიც "ამოჰყავდა" და თამაშსაც ამწვავებდა.

მოდებაძემ ორჯერ შორიდან დაარტყა, "ოლბორგის" საჯარიმო მოედანშიც აწუხებდა მცველებს.

Sportall.Geრევიშვილმა კი ერთხელაც იხსნა "დილა" - დანიელებმა მარჯვნიდან შეუტიეს გორელებს, რაც იეპ კურტის თავურით დასრულდა - "დილას" მეკარემ სასწაული ბურთი მოიგერია.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, "დილას" ჩინებული საგოლე შანსი რომ შეექმნა - მოდებაძის პასით ილურიძე დარჩა მეკარესთან პირისპირ, თავზე გადაავლო ბურთი ნიკოლაი ლარსენს, მაგრამ დარტყმა ძელიდან განზე წავიდა.

"დილამ" უფრო მონდომებით შეუტია, მოედნის ცენტრში მეტოქეზე უფრო სხარტად ამოძრავდა. გამოიკვეთა უპირატესობა სისწრაფესა და ტექნიკაში.

"დილა" მიზანმიმართულ ავანტიურაზე წავიდა და ამ ყველაფერმა გაამართლა - დოლიძემ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა, მოდებაძემ ბურთი ჯერ დაამუშავა და მერე გადაგზავნა "ოლბორგის" კარში - 1:0.

დიდებულად ათამაშდა ლაშა გვალია, აქტიურად ერთვებოდა შეტევაში, აგრესიულად გადაჰქონდა ბურთი მეტოქის ნახევარზე და "დილას" წარმატება მნიშვნელოვანწილად განაპირობა ამ საყრდენი შუახაზელის გარჯამ.

გვალიას აქტიურობას მოჰყვა მორიგი საგოლე მომენტი "ოლბორგის" კართან - ილურიძემ დამაგვირგვინებელი დარტყმა ზუსტად ვერ შეასრულა.

გვალიამ ერთხელაც წამოიწყო იერიში, მარცხენა ფლანგზე კარგად გაუჭრა პასი შეცვლაზე შესულ მიხაილ გორელიშვილს, რომელმაც ბოლქვაძეს დაუგორა - დარტყმა მცველს მოხვდა, ბურთი ისევ გორელიშვილმა მოიგდო, შეიჭრა საჯარიმოში და - 2:0.

"ოლბორგმა" მატჩის ბოლოს შემოუტია "დილას". დანიელებს ჯანი ერჩით, ორთაბრძოლებში მათი დაჯაბნა ადვილი ნამდვილად არ არის და იყო რამდენიმეწუთიანი მონაკვეთი, სტუმრებმა "დილა" მისივე საჯარიმოს რომ მიაჯაჭვეს. მასპინძლებმა თავი კარგად დაიცვეს, თანაც ისე, რომ ბურთს უმისამართოდ არ იგერიებდნენ, მოკლე პასებით ცდილობდნენ მის "ამოტანას".

"დილას" კართან არაერთხელ შეიქმნა მწვავე ეპიზოდი, თუმცა ყველაფერი ჩვენებურთა სასიკეთოდ დასრულდა - გვალიას წამოწყებული კონტრშეტევის შემდეგ გიორგი აბურჯანიამ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა გორელიშვილი და "დილამაც" მესამე გოლი გაუტანა "ოლბორგს".

ევროსარბიელზე დანიურ გუნდთან ასეთი ანგარიშით გამარჯვება იმაზე მეტია, რასაც ამ "დილასგან" ველოდით. იმედია, დევდარიანის გუნდი კარგად დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავა.

"დილამ" 18 ივლისს საფეხბურთო საქართველო გაახარა და ამას შეძლება უნდა, ეს შრომის და ოსტატობის შედეგია. "დილას" გამოცდილმა თუ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ინდივიდუალური და გუნდური თამაშის საუცხოო სინთეზი შემოგვთავაზეს.

ამიტომაც დავსვით კითხვა - არის კი "დილას" ეს გამარჯვება გასაკვირი?

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
აი ასეთ უაზრო სათაურებს ვინ არქმევს ამ სტატიებს ?! ძლევაი საკვირველი არა ქებაი და დიდებაი ქართული ფეხბურთისა.. )))) საღოლ ბიჭები ითამაშეთ ისე რომ ტრიბუნები გაავსოთ თორე ისეთ ფეხბურთს ნაკრები რომ თამაშობს უბანშიც ვუყურებ ხოლმე , შინაარს ვგულისხმობ. :D
gulshematikavi007
16:31 26-07-2013
0
ძალიან მომეწონა დილას თამაში განსაკუთრებით მეორე ტაიმში..
აშკარად ეტყობათ მწვრთნელის ხელი და არანაირი მანდრაჟი სადაც გასარისკია რისკავდნენ და უტევდნენ..
ძალიან მომეწონა მოდებაძე და გვალია
დაცვაში კობახიძე ასევე კარგი იყო აბურჯანია ილურიძე გორელიშვილი.
ბრავო ბიჭებს და დევდარიანს
messi001
11:26 19-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული