ჰაიდუკი-დილა 0:1 - გორის ციხე სპლიტშიც აუღებელია [VIDEO]

AutoSharing Option
გორის "დილამ" საქმე წინ წაიგდო - სპლიტის "ჰაიდუკს" სტუმრად მოუგრიხა კისერი და პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი შეიქმნა.

გიორგი დევდარიანის გაწვრთნილმა "დილამ" წლევანდელ ევროსარბიელზე 3 მატჩი ითამაშა და გოლი არ გაუშვა - გუნდის შენება სწორედ მეკარიდან და დაცვიდან იწყება და დევდარიანსაც ასე აუწყვია საქმე.

ნუკრი რევიშვილმა 1 აგვისტოს ჩინებულად ითამაშა. როცა ასეთი საიმედო და ნიჭიერი მეკარე გყავს, ეს უკვე ძალიან დიდი ზურგია.

Sportall.Geდევდარიანმა "ჰაიდუკთანაც" 3 სტოპერით ითამაშა. "დილას" დაცვას ნაპრალები მაშინ მოემატა, როცა ოთარ ხიზანეიშვილი ორი გაფრთხილების გამო გააძევეს, საერთო
ჯამში კი აუგი არც დაცვის ხაზზე ითქმის.

"დილამ" თავისუფლად ითამაშა, გუნდს წნეხი არ ეტყობოდა და როცა ევრიტურნირზე მოთამაშე ქართული გუნდი ამას სტუმრად ახერხებს, ესეც მწვრთნელის აქტივში იწერება.

"დილას" არ უთამაშია მეორე ნომრად და ესეც სასიამოვნო იყო - ჩვენებურებმა თავიდანვე აგრძნობინეს ხორვატებს, რომ მუხლები არ უკანკალებდათ.

ცუდ მოედანზე რომ გაიმართებოდა შეხვედრა, "დილამ" ამის შესახებ თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე აცნობა უეფას, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა - ქვიშა ლამის ადრიატიკის ზღვის პლაჟებიდან მიეტანათ გვარიანად შელანძღულ მოედანზე...

"დილას" მუშა ფლანგი - მარჯვენა გამოდგა. თემურ ღონღაძე და კახა ალადაშვილი კარგ ტანდემს ქმნიდნენ, აშკარად ჩანდა, რომ დამუშავებული იყო მათი მოქმედებები.

გოლიც ღონღაძისა და ალადაშვილის ჩაუქობას მოჰყვა - კარის გასწვრივ ჩაწოდებას გიორგი ილურიძე დაუხვდა და გამარჯვების გოლიც გაიტანა.

ისევე, როგორც წინა ეტაპზე დანიურ "ოლბორგთან", 21 წლის ილურიძე გუშინაც აქტიური იყო.

საინტერესოა, რატომ არ იწვევენ ეროვნული ნაკრების ამხანაგური მატჩისთვის ევროსარბიელზე თავგამოჩენილ ფეხბურთელს...

"დილას" ანგარიშის გაზრდაც სწორედ მარჯვენა ფლანგიდან განვითარებული იერიშით შეეძლო, როცა ილურიძე ჩიკორივით დაბზრიალდა მეტოქე მცველებში და ჩინებული პასი გაუჭრა ალადაშვილს - გორელთა მარჯვენაფლანგელმა კარში დარტყმას გრიგოლ დოლიძისკენ გადაცემა ამჯობინა, თუმცა პასი მცველმა ჩაჭრა და მომენტიც გამოუყენებელი დარჩა.

ტაიმის ბოლოსკენ იგორ ტუდორის გუნდმა შემოუტია "დილას". ხიზანეიშვილმა ბურთი ლამის კარის ხაზიდან გამოიტანა, მიო კაკტაშმა კი ოცდახუთიოდე მეტრიდან ისეთი დააქუხა, ბურთი ძელ-ხარიხის გადაკვეთამ აისხლიტა.

მეორე ტაიმის დასაწყისში "ჰაიდუკი" ვერ ახერხებდა სათამაშო უპირატესობის მოპოვებას. ანგარიში "დილას" მიჰყავდა და დევდარიანის გუნდიც შეტევაში თავქუდმოგლეჯილი არ გარბოდა.

ამის მერე ისეთი მონაკვეთი იყო, "დილას" ბურთის დაჭერა რომ გაუჭირდა და ინიციატივა მეტოქის მხარეს გადავიდა.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


ქართველთა თავკაცმა შეცვლებს მიმართა - ჟინიანი და სხარტი მიხეილ გორელიშვილი შეუშვა მოედანზე, მერე კი დაღლილი დოლიძე ირაკლი მოდებაძით ჩაანაცვლა.

მოდებაძე ისეთი თავდამსხმელია, ბურთის შემაგრებაც რომ შეუძლია და თამაშის გამწვავებაც. მან ეს ერთი-ორჯერ გუშინაც მოახერხა და "დილას" ამით შეეხიდა.

გორელიშვილიც ყოჩაღად ჩაერთო თამაშში. ამას ისიც დაემატა, რომ "ჰაიდუკს" გორან იოზინოვიჩი გაუძევეს და "დილა" რიცხობრივ უპირატესობაში დარჩა.

გორელების გამარჯვებას თითქოს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, მაგრამ მალე ხიზანეიშვილს უმტყუნა ნერვებმა - ისეთი ჯარიმა "აიკიდა", რისი აუცილებლობაც არ იყო და ისიც გააძევეს.

მატჩის ბოლოს უკვე რევიშვილის წარმოდგენა დაიწყო. საქართველოს ნაკრების მეკარემ "დილა" ორჯერ იხსნა. საქართველოს მეკარის პრობლემა აღარ აქვს - "დილას" გუშინდელ წარმატებას ამანაც მოაყარა მარილი.

"დილა" არ იყო შორეული ცის სილაჟვარდე, მაგრამ გუშინდელ სილაში მართლაც ვარდივით ჩანდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ოლბორგი-დილა 0:0 - ნულოვანი, მაგრამ ოსტატური
დილა-ოლბორგი 3:0 - ძლევაი საკვირველი? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 18 /
თამაშს არ მიყურემია მაგრამ ვიცი რაც იკნებოდა.დევდარიანი კარგი მწვრტნელი კია მაგრამ რამდენ ხანს გაატრევს ეგ არ ვიცი.მტავარი მაინც რაც უპრო მეტს იტამაშებენ უკეტესია/
რუსლანი
02:10 09-08-2013
0
ეს დევდარიანი რა მაგარია ,ნაკრებსი დაუცახეტ რა ,,არ გვინდა ეს დაცვიტი ტანჯვა,გოლი უხდება ფეგბურტ გოლიიი,,
reso
11:09 03-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული