ევროპალიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩების წინ: ჯაბა, პლუს ნიშნით

AutoSharing Option
ევროპალიგის რვა წყვილიდან ვერც ერთში იტყვი გადაწყვეტილად, რომ ყველაფერი გარკვეულია. საუკეთესო სიტუაციაში ტიტულის შარშანდელი მფლობელი "სევილიაა", რომელმაც "ვილიარეალს" სტუმრად 3:1 მოუგო.

ესპანური დერბია და მაინც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მით უმეტეს, დაძაბულია სიტუაცია სხვა წყვილებში...

"სევილიამ" ევროთასებზე ბოლო ოთხი დაპირისპირება მოუგო ესპანურ კლუბებს. ბოლოს "სევილია" თანაქალაქელ "ბეტისთან" დამარცხდა შინ - 0:2, თუმცა დერბის მეორე მატჩში შური იძია და მომდევნო ეტაპზეც გავიდა. "ვილიარეალს" დაახლოებით ასეთი ამოცანა აქვს გადასაჭრელი.

"ნაპოლიმ" მოსკოვის "დინამოსთან" პირველ მატჩში გონსალო იგუაინის ჰეთ-თრიკის წყალობით, 3:1 იმარჯვა. მოსკოველებს ევროთასებზე ჯერ
არასდროს მოუგიათ იტალიური კლუბისთვის, თუმცა, ამავდროულად, "ნაპოლის" რუსეთში ჯერ არ უმარჯვია.

სხვათა შორის, სტანისლავ ჩერჩესოვი, რომელიც ახლა "დინამოს" თავკაცია, 1990 წელს პენალტების სერიაში დაუპირისპირდა "ნაპოლის" და იმარჯვა. მაშინ ჩერჩესოვი "სპარტაკის" მეკარე იყო, ჩემპიონთა თასის მეორე ეტაპზე ორივე მატჩი 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ჩერჩესოვმა და კომპანიამ 5:3 იმარჯვა.

"ფიორენტინას" ამ სეზონში ერთხელ უკვე აქვს გაკეთებული ის, რაც დღესაც ესაჭიროება - იტალიის თასზე "რომა" სტუმრად დაამარცხა. "იებს" შედეგიანი ფრეც (2:2 და მეტი) ჰყოფნით. ასე რომ, წინასწარ "რომას" ფავორიტად ვერ გამოვაცხადებთ. მით უფრო, რომ რუდი გარსიას გუნდი აშკარად კრიზისშია. ამ კლუბებს ურთიერთშეხვედრების უმდიდრესი ისტორია აქვთ - 159 დაპირისპირება. "რომამ" 52 მოიგო, "ფიორენტინამ" - 49.

"ევერტონი" ამ სეზონში საფეხბურთო ინგლისის უკანასკნელი იმედია. კიევის "დინამოს" კი ევროასპარეზზე ბოლო ოთხი შეხვედრა შინ 2 და მეტი გოლის სხვაობით აქვს მოგებული, ზუსტად ის, რაც ახლაც ესაჭიროება.

"აიაქსთან" მატჩში "დნიპროს" სამი დისკვალიფიცირებული ეყოლება; სამაგიეროდ, უბრუნდება ჯაბა კანკავა. "დნიპროს" ჰოლანდიაში ჯერ არ წაუგია (2 მოგება, 1 ფრე).

ბოლო 10 ევრომატჩია, "ტორინო" შინ არ დამარცხებულა (7 მოგება, 3 ფრე), თუმცა იტალიელთა ამოცანა კიდევ უფრო რთულია, "ზენიტს" 2:0 აქვს მოგებული.

"ინტერი", რომელიც 11 ევროშეხვედრაა, არ დამარცხებულა შინ, ევროპალიგის ამ გათამაშებაში, როგორც წესი, გოლს არ უშვებს, მაგრამ "ნერაძურის" ამოცანაც რთულია, "ტორინოსი" არ იყოს - ამ ეტაპზე შემორჩენილთაგან ევროპაში ყველაზე გამოუცდელმა გუნდმა, "ვოლფსბურგმა" გერმანიაში 2-ბურთიანი სხვაობით მოუგო ყველაზე გამოცდილს.

ამ სეზონში ერთადერთი კლუბი, რომელმაც აქამდე დაუმარცხებლად მოაღწია, "ბრიუგეა", თუმცა ახლა მას სტამბოლში სტუმრობა ელის.

19 მარტი
დინამო მ.-ნაპოლი 21:00 (1:3)
დისკვალიფიკაცია: ზობნინი (დინამო)
ტრავმა: - ბრიტოსი (?), ინსინიე (?), მიჩუ (?), სუნიგა (?)

რომა-ფიორენტინა 22:00 (1:1)
დისკვალიფიკაცია: ნაინგოლანი (რომა)
ტრავმა: კასტანი, დუმბია (?), იბარბო (?), მაიკონი (?), ტოტი (?) - ბერნარდესკი, გომესი, როსი, ბაბაქარი (?), სავიჩი (?), ტატარუშანუ (?)

დინამო კ.-ევერტონი 22:00 (1:2)
დისკვალიფიკაცია: ბელჰანდა (დინამო)
ტრავმა: მაკარენკო, ლენსი (?) - ჰიბერტი, მაკგიდი, ოვიედო, პიენაარი (?)

აიაქსი-დნიპრო 00:05 (0:1)
დისკვალიფიკაცია: ფედეცკი, როტანი, ზოზულია (დნიპრო)
ტრავმა: ბოილესენი, ფიშერი, ლეუვენბურგი, სიგტორსონი (?), ზიმლინგი (?) - მატეუსი, მაზუხი

ბეშიქთაში-ბრიუგე 00:05 (1:2)
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰატჩინსონი, კოიბაში, მილოშევიჩი, ჩენკ თოსუნი (?), ზენგინი (?) - კოოპმანი, ენგელსი, ვასკესი

ინტერი-ვოლფსბურგი 00:05 (1:3)
დისკვალიფიკაცია: ნალდო (ვოლფსბურგი)
ტრავმა: ნაგატომო - ჰანტი, დრევესი (?)

სევილია-ვილიარეალი 00:05 (3:1)
დისკვალიფიკაცია: კრიხოვიაკი - კოსტა
ტრავმა: ასპასი, ბეტო - ჩერიშევი, მარინი, სორიანო (?), მუსაჩიო (?), რუისი (?)

ტორინო-ზენიტი 00:05 (0:2)
დისკვალიფიკაცია: ბენაზი - ხავი გარსია
ტრავმა: მასიელო (?) - ფაიზულინი, ანიუკოვი (?), კერჟაკოვი (?)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული