12:22 17-07-2017
U19. ევროპის ჩემპიონატი: ღირსეული და დამსახურებული [VIDEO]
AutoSharing Option
ფეხბურთის სამშობლოს წარმომადგენელმა გუნდმა კონტინენტის ჩემპიონის ტიტული ამ ასაკში პირველად საქართველოში გაიფორმა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის პატივია, თუმცა უფრო დიდი პატივი საზოგადოდ ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ჩემპიონატის მასპინძლობა გახლდათ, რომელსაც საქართველომ ღირსეულად გაართვა თავი.
ცალკე უნდა ვთქვათ გორზე, რომელსაც გახსნის მატჩის გამართვის უფლება მისცეს და ჯგუფური ეტაპის ჩავლის შემდეგ, მოულოდნელად ფინალის ჩატარების პატივიც მიანიჭეს.
დედაქალაქისგან განსხვავებით, რეგიონებში ყოველთვის ნაკლებად ტარდება მაღალი რანგის სპორტული შეჯიბრებები და მით უფრო ისეთი ჩემპიონატის მასპინძლობის ფერხულში, რომლისთვისაც ადრე ჩვენი ქვეყნის მთავარ ქალაქსაც არ მიეღო მონაწილეობა - გორის ჩართვა ადგილობრივებისთვის მეტად სასიხარულო გახლდათ.
მადლობა გორელების სახელით ყველას, ვინც თავდაპირველად ამ ქალაქში ჩემპიონატის მატჩები დაგეგმა, მერე საორგანიზაციო მხარეზე იზრუნა და ბოლოს წვლილი შეიტანა თითოეული შეხვედრის ჩატარებაში...
როგორც მოსალოდნელი იყო, "თენგიზ ბურჯანაძეზე" ფინალმა ანშლაგით ჩაიარა. ოფიციალური მონაცემებით 4100 მაყურებელი ესწრებოდა მატჩს და შეიძლება ითქვას, რომ კარგი საფეხბურთო გარემო იყო, თუმცა სამომავლოდ გასათვალისწინებელ პატარა ხარვეზზეც აუცილებლად უნდა ვთქვათ.
კერძოდ, დაუნომრავი ბილეთები ქმნიდა იმ უსიამოვნო მომენტებს, რომელიც, მართალია, საერთო საორგანიზაციო ფონს არ აუფერულებდა, მაგრამ არც შეუმჩნეველი ყოფილა.
კი ბატონო, მოსაწვევით მოსულებს და ჟურნალისტებს ადგილებს არავინ გვეცილებოდა, მაგრამ ყველა რიგით ქომაგს დაუნომრავი ბილეთი რომ უჭირავს ხელში და წინასწარ ვიცით, რომ სტადიონზე ანშლაგი გარანტირებულია - უნდა ელოდოთ საგარეუბნო მატარებლის, ან სოფლის კლუბივით ცალკეულ რიგში წინასწარ დაკავებულ 10 ან მეტ ადგილს და მერე თავისუფალი ადგილის ძიებაში სხვა ბილეთიანი ადამიანების რიგიდან რიგში დაუსრულებელ მიმოსვლას.
ამის გამო, ბევრი უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამდა. ამიტომ, მუდამ ჯობია ბილეთებზე ზუსტად იყოს მითითებული რიგი, ნომერი, სავარძელი, რათა მფლობელი ცივილიზებურად მოთავსდეს იქ, სადაც მისი ადგილია...
გნებავთ პირდაპირი, გნებავთ გადატანითი მნიშვნელობით მიიღეთ და, მოედანზე ფეხბურთელებმა მანამდე არ იზრუნეს ფეხბურთის თამაშზე, როგორც ასეთზე, ვიდრე ტრიბუნებზე ადგილების ძიებაში წინ და უკან მოსიარულე მაყურებელი არ დალაგდა. ორივე გუნდის ფეხბურთელები შეხვედრის საწყის წუთებში გვარიანად ფრთხილობდნენ, მეტოქეს სამოქმედო სივრცეს უზღუდავდნენ და შეტევის მომზადებისას საჯარიმომდე მოახლოების საშუალებას არ აძლევდნენ.
დროის ამ მონაკვეთში, როცა ურთიერთდაზვერვა და მოწინააღმდეგის უკანა ხაზში სივრცეების ძიება ამაოდ მიმდინარეობდა, არც სათამაშო ტემპი ყოფილა მაღალი.
ინდივიდუალური მოქმედებებით თამაშის გამწვავება ოდნავ უკეთ პორტუგალიელებს გამოსდიოდათ და მათ კუთხურის მოწოდების უფლებებიც ზედიზედ მოიპოვეს. საერთოდ, ამ კომპონენტში ელიო სოუზას გუნდს მეტოქესთან შედარებით დიდი უპირატესობა ჰქონდა. ინგლისზე 10-ჯერ მეტი კუთხური ჩააწოდა პორტუგალიამ, მაგრამ ხეირი ვერ ნახა აქედან.
კიტ დაუნინგის ფეხბურთელთაგან უნდა გამოვარჩიოთ მეისონ მაუნთი - ინგლისელების ათი ნომერი კარგად მოქმედებდა ბურთით და თავისი გუნდის შეტევებიც დიდწილად სწორედ მისი გავლით ვითარდებოდა. მაუნთიმ თავისი გუნდის ორივე გოლში რომ მიიღო მონაწილეობა, ცხადია, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს.
27-ე წუთზე მას თავადაც შეეძლო გატანა, მაგრამ ძლიერად დარტყმულს მცველი გადაეფარა. დაუნინგმა ამჯერად ძირითად შემადგენლობაში დააყენა ინგლისელთა საკმაოდ აქტიური და სახიფათო მოთამაშე ბარკლი-რიკეტსი, მაგრამ მის პირისპირ მუდამ ედუ კონტე იდგა და უწინდელი მატჩების არ იყოს, არ აძლევდა ფლანგიდან გამწვავების საშუალებას.
ტაიმის ყველაზე მწვავე ეპიზოდი 38-ე წუთზე მოხდა, როცა რაიან სესენიონი მარცხენა ფრთაზე დაუსხლტა მცველებს და მცირეოდენ არაზუსტად რომ არ დაერტყა, პირველ გოლს, ალბათ, უკვე ამ დროს ვნახავდით.
პირველი ტაიმის მიწურულს მოპოვებული გარკვეული ტერიტორიული უპირატესობა ინგლისელებმა შესვენების შემდეგ გაამყარეს და გოლშიც გარდასახეს. 50-ე წუთზე მათ სახიფათო საჯარიმო დარტყმის უფლება მიიღეს. მაუნთის დარტყმული ძელს მოხვდა, უკუგდებულ ბურთთან კი ყველაზე ადრე მცველი ისა სულიმანი გაჩნდა და ანგარიში გახსნა - 0:1.
პორტუგალია გოლს არ გაუტეხავს, პირიქით, სისწრაფეს უმატა, უფრო დიდი ძალებით შეუტია და ვიდრე ინგლისი საგოლე ეიფორიიდან გამოვიდოდა, რამდენჯერმე მწვავედ უჩხვლიტა. 55-ე წუთზე, კუთხურიდან ჩამოწოდებისას დასწრებაზე ჯუს რომ უფრო სწრაფად ემოქმედა, ბურთს ცარიელ კარში შეაგორებდა. დასწრებით, ერთ წუთში პორტუგალიელ კუინას მისმა მეურვემ სტერლინგმაც კი დაასწრო, მაგრამ რად გინდა - პირდაპირ საკუთარ კარში გაგზავნა ბურთი - 1:1.
იგივე კუინა ცოტა ხანში დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და კარგადაც გაისროლა კარისკენ, მაგრამ აარონ რამსდეილმა თავისიანები გადაარჩინა. ბრიტანელი გოლკიპერის კარგ თამაშზეც უნდა ვთქვათ ორიოდ სიტყვა. მთელ ჩემპიონატში რიმსდეილმა სულ 2 გოლი გაუშვა, აქედან ერთი - თავისი თანაგუნდელისგან და მეორე - იმ მატჩში, სადაც ინგლისელებმა საპასუხოდ 4 გაიტანეს (გერმანიასთან 4:1). რამსდეილი ფინალშიც ერთობ საიმედო იყო.
...მეორე გოლის გასატანად მიძალებულმა პორტუგალიელებმა რამსდეილსაც ვერაფერი დააკლეს და 68-ე წუთზე ზურგმოშიშვლებულებმა სწრაფი კონტრშეტევა მიიღეს. ისევ მაუნთმა იმოქმედა სწორად, საქმეში ჩართო უკეთეს პოზიციაში მყოფი ნმეჩა, რომელსაც ანგარიშის გაზრდა არ გასჭირვებია - 1:2.
დარჩენილ დროში მეტად სასიამოვნოდ საყურებელი თამაში გაჩაღდა. პორტუგალიელები შეხვედრის დამატებით დროში გადაყვანას ცდილობდნენ.
სხვათა შორის, დღესასწაულის გაგრძელება სტადიონზე შეკრებილ პუბლიკასაც უნდოდა და მათ გოლს ამადაც ქომაგობდა, თუმცა... ელიო სოუზას გუნდის მცდელობებმა შედეგი ვერ გამოიღო. ამასთან, მართალია, ინგლისელებს 86-ე წუთიდან კაცნაკლულად დარჩენამ მოუწიათ, მაგრამ ამ უპირატესობის გამოსაყენებლად პორტუგალიელთათვის დრო არ აღმოჩნდა საკმარისი. სულ ბოლო წუთზე, კუთხურისას, მეტოქის კართან მათი გოლკიპერი დიოგო კოშტაც ჩავიდა და სწორედ მას მიეცა შანსი თავურით გაეტანა, მაგრამ... მიზანმა უმტყუნა.
საბოლოოდ, ინგლისმა ძირითად დროშივე მოამთავრა სათავისოდ საქმე. ამ გუნდმა, როგორც ჯგუფურ ეტაპზე, ისე ნახევარფინალში, საკმაოდ კარგი, შემტევი და ორგანიზებული ფეხბურთი აჩვენა. კიტ დაუნინგის ნაკრებმა ბულგარეთს და გერმანიას თუ შთამბეჭდავი უპირატესობით მოიგო, თითქმის მისი დონის ჰოლანდიას, ჩეხეთს და პორტუგალიასაც გაჭირვებით, თუმცა მაინც მოუხერხა და უპოვა გასაღები, რითიც გამარჯვება შეძლო. ყველაფერი ეს კი მისი ღირსეული, დამსახურებული ჩემპიონობის ნიშანია.
გორი, "თენგიზ ბურჯანაძე"
U19. პორტუგალია-ინგლისი 1:2
გოლები: 0:1 სულიმანი (50), 1:1 სტერლინგი (ს.კ.) (56), 1:2 ნმეჩა (68)
გაფრთხილება: 54", 86" ედანი, 67" პირეში, 90" რემსდეილი
გაძევება: 86" ედანი
პორტუგალია U19: დიოგო კოშტა, დალოტი, დ. კეიროში, აბდუ კონტე (78" კეტა), პირეში, ჟოაო ფილიპე (56" ლეაო), ჟედსონ ფერნანდეში, მესაკე (75" მიგელ ლუიში), რუი პედრო, ჟ. კეიროში, კინა
სათადარიგო შემადგენლობა: ლეიტე ფიგეირა, ლეიტე, პასი, ფლორენტინო
მთავარი მწვრთნელი: ელიო სოუსა
ინგლისი U19: რემსდეილი, სტერლინგი, ჯეი დასილვა, ედანი, სულიმანი, ბაკლი-რიკეტსი (84" ედვარდსი), დოზელი (77" და სილვა), მაუნთი, სესენიონი, ნმეჩა (73" ბრერეტონი), ჯონსონი
სათადარიგო შემადგენლობა: ტროტი, მედოქსი, ჯეიმსი
მთავარი მწვრთნელი: კიტ დაუნინგი
მსაჯები: სრდიან იოვანოვიჩი (სერბეთი), ტიბო ნიისენი (ბელგია), იური ხომჩენკო (ბელარუსი), ოლა ჰობერ ნილსენი (ნორვეგია)
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული