ოთარ კორღალიძე: გიორგი ჭანტურიაზე ათასი უსიამოვნო ხმა მესმოდა...

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის VI ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა: მასპინძელ ხორვატიას ერთი ქულით ჩამორჩა.

ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოთარ კორღალიძე მიიჩნევს, რომ ფინალურ ეტაპზე გასვლა რეალური იყო, ტიპურ ქართულ დარდიმანდობას რომ არ ეჩინა თავი:

- ბოსნიას 4:2 მოვუგეთ და ბევრმა იფიქრა, რომ ეს სუსტი გუნდი იყო. ასე ნამდვილად არ ყოფილა, უბრალოდ, ჩვენებმა ისეთი მონდომებით ითამაშეს, მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.

მაგრამ ამ შეხვედრამ დათვური სამსახური გაგვიწია. ბიჭებმა თამაშს უდიდესი ენერგია შეალიეს და ძალების აღდგენა ვერ მოახერხეს.

გარდა ამისა, ჩვენს
ბიჭებს მეტი პროფესიონალიზმი მოეთხოვებოდათ. ხორვატიაში ალექსანდრე ჩივაძე გვახლდა და პირველ შეხვედრამდე გაოცებული იყო, ასეთი რეჟიმისტი ქართველები დღემდე არ მინახავსო.

ბიჭები ვარჯიშის შემდეგ სასტუმროს ნომრებიდან არ გამოდიოდნენ. შემეშინდა, თამაშებზე ამდენი ფიქრით არ გადამწვარიყვნენ და თავად ვთხოვე, ბიჭებო, გარეთაც გადით, ასე არ შეიძლება-მეთქი.

- მაშინ, ხორვატიასთან რა მოხდა?
- ბოსნიასთან მოგების შემდეგ ბიჭები ვეღარ ვიცანი, აღარ იგრძნობოდა მობილიზება, მათი სასტუმროს ნომრებში შეყვანა ჭირდა, კონცენტრირება ვერ მოახერხეს და ხორვატიასთან ამიტომ წავაგეთ. არადა, 25-ე წუთამდე უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ ისეთი ბურთი გავუშვით, რომელიც მეკარეს უნდა აეღო.

დათო ლეგაშვილი გაიზრდება და მჯერა, მაღალი დონის მეკარედ ჩამოყალიბდება. მაგრამ ფაქტია, რომ ასე მოხდა, მერე მეორე ბურთიც გავუშვით და გავტყდით.

ბოლო მატჩში კარში ტყეშელაშვილი დავაყენეთ, რომელმაც ავსტრიელებთან რამდენჯერმე გადაგვარჩინა.

არადა, ხორვატიასთან მოგება შესაძლებელი იყო. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ მასპინძლებს ჩვენზე უკეთესი გუნდი არ ჰყავდათ - გუნდში საკმაოდ დიდი პოტენციალი დავინახე და არავისზე ნაკლებად არ გამოვიყურებოდით.

ხორვატებზე მეტად ავსტრია მომეწონა. ამ ქვეყანაში წელიწადნახევარი ვითამაშე და ასეთი ლამაზი ფეხბურთი იქ არ მინახავს. ეს ნაკრები ისეთ აზრიან და კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობდა, ტაშის დაკვრა მომინდა.

- აბა, ავსტრიას როგორ მოუგეთ?
- კონცენტრაციისა და მონდომების ხარჯზე. გული მწყდება, პორტუგალიის ტურნირზე საფრანგეთს 3:0 მოვუგეთ, სერბეთს კი - 3:2 და ორივე ევროპის ჩემპიონატზე გავიდა: პირველმა ჯგუფში ჰოლანდია 6:0 გაანადგურა, სერბებმა კი გერმანელები ჩატოვეს.

სულ ნაკრებმა ჩემი ხელმძღვანელობით 11 ოფიციალური და ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, 7 მოვიგეთ, მხოლოდ ორი წავაგეთ, ისიც პორტუგალიასთან და ხორვატიასთან და ორიც ფრედ ვითამაშეთ.

- თქვენ რომელ ფეხბურთელებს გამოარჩევდით?
- პირველი შეხვედრა ყველამ უმაღლეს დონეზე ჩაატარა, შეხვედრის ბედი კი ლიდერებმა გადაწყვიტეს - სხირტლაძემ, ყაზაიშვილმა და ჭანტურიამ, დანარჩენებიც დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. ხორვატიასთან კი ვერავინ ითამაშა, მასპინძლებმაც კარგად შეგვისწავლეს და გასაქანი არ მოგვცეს. მაგრამ ისიც არ შეიძლება, ყველასთან სამი კაცის მოტყუებას ცდილობდე.

- ელიტრაუნდამდე ახალგაზრდული ნაკრების სიაში იყვნენ ლეგაშვილი, სხირტლაძე, ყაზაიშვილი და ჭანტურია. მაგრამ ბოლო მომენტში ჩივაძემ ბელარუს-ესტონეთში გასამგზავრებთა შორის ოთხივეს გვარი ამოშალა.
- ტყუილად ფიქრობთ, რომ რამე დააშავეს. უბრალოდ, გადაიღალნენ. სხირტლაძემ 23 მაისს "ორჰუსში" 90 წუთი ითამაშა, 25 მაისს კი ბოსნიასთან იმდენი ირბინა, ყველა გაგვაოცა. ჭანტურია და ყაზაიშვილიც გამოფიტულები იყვნენ და ჭანტურიამ მითხრა, მაისში ბევრი ვითამაშე და ძალა აღარ შემრჩაო. თანაც, ბელარუსში შეხვედრის შემდეგ ბატონ საშას ახალგაზრდულიდან ორი ფეხბურთელი ისედაც უნდა გაეშვა და ასე აჯობებდა.

ლეგაშვილმა კი დიდი სტრესი მიიღო და ამიტომ დაასვენა.

აქვე გიორგი ჭანტურიაზე უნდა ვთქვა: სანამ ნაკრებს ჩავიბარებდი, მასზე ათასი უსიამოვნო ხმა მესმოდა. ბევრი ნიჭიერი მოთამაშე მწვრთნელის არასწორი დამოკიდებულების გამო დაიკარგა. ნიჭიერი ფეხბურთელი კი განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს.

ამიტომ მე და ლევან ბარათაშვილი დაველაპარაკეთ. აღიარა, თავისებური მართლაც ვარო, მაგრამ გუნდის ამრევის არაფერი ეტყობა. პირიქით, ბიჭებს თავს ევლება და დამრჩა შთაბეჭდილება, მას თუ გასაღები მოუძებნე და გვერდში დაიყენე, ათმაგი მონდომებით გიპასუხებს.

რა თქმა უნდა, ზოგჯერ ზედმეტად ინდივიდუალისტია, როდესაც გუნდი აგებს, ემოციები სძალავს და მოედნიდან გაძევების საფრთხეს ქმნის.

19 წლის ბიჭი უნაკლო ვერც იქნება და გამოსასწორებელი ბევრი აქვს, მაგრამ ტალანტია და სწორი მიდგომით, ჩვენს ფეხბურთს აუცილებლად გამოადგება. ახლოს რომ გავიცანი, დავრწმუნდი, ნაკრები ასეთ პიროვნებებზე უნდა აშენდეს.

- დასრულებული ციკლის შემდეგ ფედერაციამ თანამშრომლობის გაგრძელება შემოგთავაზათ?
- ზვიად სიჭინავასთან ჯენტლმენური შეთანხმება მქონდა, გუნდი თუ არ შერცხვებოდა, შემდგომში სხვა ნაკრებში დამასაქმებდა.

როგორ შეაფასებენ ჩვენს მუშაობას, ეს უკვე ფედერაციის საქმეა. ჯერ კი რა გითხრათ, თბილისში ამ დილით ჩამოვფრინდი.

ოთარ კორღალიძე: ევროფინალი რეალური იყო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კი ბააზ არა გიო ტალანტია. უბრალოთ ეს ხასიათის პრობლემა უნდა მოაგვაოს იმედია ასაკთან ერთად დაღვინდება
მე ვაკოც ძაან მომწონს და არანაკლებ ტალანტად მივიჩნევ
იმედია ახალი მწვრთნლი ათამაშებს ვიტესში და ბოლომდე გაიხსნება
0
ჭანტურია გადაიღალა, თუ რა მოუვიდა რა ვიცი, მაგრამ ერთი დანამდვილებით ვიცი, ქინქლაძის მერე ესეთი ნიჭიერი არ გამოჩენილა. ძაან პერსპექტიულია და ბევრს მიაღწევს მჯერა. საქართველოს ეროვნულ ნეკრებს ჭირდება გიოსნაირი ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის შეტევაზე იქნება ორიენტირებული.
dato
19:23 02-06-2012
0

სიახლეები პოპულარული