საქართველოს ჯგუფიდან გასვლის შანსი გადაწურული აქვს, თუმცა მესამე ადგილზეა და მოტივაციად ის უნდა იმყოფინოს, რომ ეს პოზიცია შეინარჩუნოს.
ჩვენს 21-წლამდელებს 6 თამაშიდან 6 ქულა აქვთ. იგივე მაჩვენებელი აქვს მეოთხე ადგილზე მყოფ ხორვატიას, რომელსაც ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილი გუნდი 15 აგვისტოს თბილისში უმასპინძლებს.
შესარჩევში ბოლო შეხვედრას ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები 6 სექტემბერს გამართავს შინ ესტონეთთან.
* * *
ჩივაძემ ხორვატიასთან მატჩისთვის 25-კაციანი გაფართოებული სია შეადგინა, რომელიც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის შემდეგ ორი
შეგახსენებთ, რომ ჩივაძემ მიზანმიმართული პოლიტიკა აირჩია - რადგან ჯგუფიდან გასვლის შანსი გადაწურულია, აქცენტი იმ ფეხბურთელებზე კეთდება, რომელთაც ასაკი იმის საშუალებას მისცემს, რომ 21-წლამდელთა მომდევნო შესარჩევ ციკლშიც ითამაშონ (1992 წელს დაბადებულები და უმცროსი ასაკის).
ჩივაძის გაფართოებულ სიაში ამიტომაც მივუთითეთ ფეხბურთელთა დაბადების წელი:
მეკარეები: გიორგი ნადირაძე ("სპარტაკი", 1992), კახა მიშველიანი ("ზესტაფონი", 1992), გიორგი ბეგაშვილი ("გაგრა", 1991);
მცველები: მამუკა კობახიძე ("ზესტაფონი", 1992), თედო გრიგალაშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი (ორივე "ზესტაფონი", 1993), საბა კვირკველია ("ნეფტოხიმიკი", 1992), დავით კოხია ("ვოლგა", 1993), არჩილ ტვილდიანი ("დინამო", 1993), ნიკა აფაქიძე ("ზუგდიდი", 1992);
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა ჯიღაური (ორივე "დინამო", 1992), გიორგი პაპავა, ლაშა პარუნაშვილი (ორივე "დინამო", 1993), ნიკა ძალამიძე ("იაგელონია", 1992), ვაკო ყაზაიშვილი ("ვიტესი", 1993), ლევან ყენია (უგუნდო, 1990), თემურ შარაშენიძე ("ჩიხურა", 1992), გიორგი კუხიანიძე ("ტორპედო", 1992), მერაბ გიგაური ("ტორპედო", 1993);
თავდამსხმელები: ნიკა საბანაძე ("ტორპედო", 1991), კონსტანტინე გაბაშვილი ("დინამო", 1992), გიორგი ჭანტურია ("ვიტესი", 1993), დავით სხირტლაძე ("ორჰუსი", 1993).
* * *
15 აგვისტოს ლუქსემბურგთან ამხანაგური მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებში არიან გამოძახებულები ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე, რის გამოც ისინი ვერ მოხვდნენ ჩივაძის სიაში.
"ემპოლის" შემტევ ირაკლი შეყილაძეს კი შემოუთვლია, ამ ეტაპზე სანაკრებოდ მზად არ ვარო.
ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებს ჩვენთვის კარგად ნაცნობი, "დინამო თბილისის" ყოფილი თავკაცი ივო შუშაკი წვრთნის, რომელმაც ორი მატჩისთვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც კი უხელმძღვანელა.
საყურადღებოა, რომ 15 აგვისტოსთვის ხორვატიის ეროვნულ ჩემპიონატში უკვე ოთხი ტური იქნება ნათამაშები. შუშაკს, ალბათ, განსაკუთრებულად ენდომება წარმატების მიღწევა, მას ხომ ჩვენთან თავისი სახელი და რეპუტაცია აქვს.
* * *
ჩივაძეს რამდენიმე კითხვა დავუსვით:
- მეტოქეს, ალბათ, კარგად იცნობთ. ამ შესარჩევში, ოთარ გაბელიას ხელმძღვანელობით, საქართველოს 21-წლამდელებმა ამ გუნდს სტუმრად მოუგეს 1:0, რაც, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ თბილისში მხოლოდ მოგება ჩაითვლება დადებით შედეგად...
- ხორვატიაში გამართულ იმ მატჩს მეც დავესწარი. ჩვენებმა მართლაც კარგად ითამაშეს, სწორი ტაქტიკა დაუპირისპირეს მოწინააღმდეგეს.
ჩინებულად ითამაშა ლევან მჭედლიძემ, კარგად წარმოაჩინა თავი ვაკო ყაზაიშვილმაც.
მას მერე ჩვენი გუნდის შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეიცვალა, რადგან აქცენტი მომდევნო შესარჩევ ციკლზე გადავიტანეთ.
რთული თამაში გველის. ნაკრების მომავალზე კი ვფიქრობთ, მაგრამ ამავე დროს, აუცილებლად ორიენტირებულები ვართ შედეგზე.
- ამ ნაკრებს უკვე ორ შეხვედრაში უხელმძღვანელეთ და გუნდმა ორივე მატჩი მოიგო. ახლა მეტი ინფორმაცია გაქვთ ყველაფერზე და საინტერესოა, უფრო რომელ ტაქტიკურ განლაგებას მიანიჭებთ უპირატესობას...
- გუნდი ცალსახად შეტევისთვის იქნება მომართული. რაც შეეხება განლაგებას, ეს ფეხბურთელთა კონტინგენტის გარდა, მათ ფიზიკურ მზადყოფნაზეც იქნება დამოკიდებული.
გარემარბებით თუ გვსურს თამაში, ჩვენს ფლანგელებს უკან ჩამოსვლა და შავი სამუშაოს შესრულებაც უნდა შეეძლოთ. ამ საკითხზე ინდივიდუალურადაც დაველაპარაკები ფეხბურთელებს.
- თქვენი გაწვრთნილი გუნდისთვის რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ბურთზე კონტროლი? თუ უფრო გრძელი პასებით თამაშს ან კონტრშეტევებით ფონს გასვლას ამჯობინებთ?
- სანამ ესტონეთს სტუმრად 2:1-ს მოვუგებდით, ბალტიისპირელები შინ ესპანეთს ეთამაშნენ და 0:1 დამარცხდნენ. ამ მატჩის ვიდეოჩანაწერი ჩვენს ფეხბურთელებსაც ვაჩვენე.
ესტონეთი ათი კაცით იდგა საკუთარ საჯარიმოში. ესპანელებმა ბურთზე ორმოცამდე შეხება გააკეთეს, დაახლოებით რვა წუთი არ დაკარგეს ბურთი და როგორც კი დაიჭირეს შესაფერისი მომენტი, გოლიც გაიტანეს.
ჩვენც ის გვინდა, რომ ბურთზე კონტროლი მოვიპოვოთ და ყველა შეტევა და ინიციატივა მომზადებული უნდა იყოს.
- გაფართოებულ სიაში გამოჩნდა დავით კოხია - რას გვეტყვით ამ ახალწვეულზე?
- ის ჯერ კიდევ ოთარ კორღალიძის გაწვრთნილ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში იყო შეკრებაზე, მაგრამ მაშინ არ ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა და გუნდს ელიტრაუნდის მატჩებისთვის ვერ გაჰყვა.
ის წარმოშობით აფხაზეთიდანაა. საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელი ჩანს, ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში.
* * *
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 12 აგვისტოს შეიკრიბება ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე", ლეგიონერები მომდევნო დღეს ჩამოვლენ. შესაბამისად, სრულფასოვანი ვარჯიშის ჩატარებას გუნდი თამაშის წინა დღეს თუ მოახერხებს.
შეხვედრა "მიხეილ მესხზე" 15 აგვისტოს, 20 საათზე დაიწყება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ალექსანდრე ჩივაძე: უცხოელი მწვრთნელი ნაკრებში - ეს ჯოხია ორი დაბოლოებით
ალექსანდრე ჩივაძე: სამწვრთნელო საქმისგან შორს არასდროს წავსულვარ
ესტონეთი-საქართველო 1:2 - ალექსანდრე ჩივაძეს ლევან ყენია გამოადგა [+VIDEO]
თემურ ქეცბაიაზე ნაწყენი ლევან ყენია ალექსანდრე ჩივაძემ შემოირიგა