U19. ბელგია - საქართველო 0:2 - მზიანი ღამე ბელგიაში [VIDEO]

AutoSharing Option
გრიგოლ რობაქიძე ცოცხალი რომ ყოფილიყო, ისევ გაიმეორებდა - "მე ვნახე როკვა ქართული გენისა"! ჩვენ ეს როკვა სატელევიზიო რეპორტაჟით ვერ ვნახეთ, მხოლოდ უეფას ვებგვერდის ტექსტურ რეპორტაჟში ვიკლავდით მატჩის ცქერის წყურვილს.

გია ცეცაძის გაწვრთნილი საქართველო ლიტვაში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს! მისი გაწვრთნილი 19-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდის გადამწყვეტ შეხვედრაში ბელგიას დაუპირისპირდა. ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად, "ჯვაროსნებს" ხელს ფრეც აძლევდათ, თუკი ჯგუფის მეორე მატჩში ინგლისი შოტლანდიას დიდი სხვაობით არ მოუგებდა - ევროპის ჩემპიონატზე ხომ მხოლოდ პირველადგილოსანი გადიოდა.

2 ტურის
შემდეგ საქართველოს ნაკრებს 4 ქულა ჰქონდა და პირველ ადგილზე იმყოფებოდა, მეორე-მესამეზე 2-2-ქულიანი ბელგია და ინგლისი, მეოთხე ადგილზე კი - შოტლანდია (1 ქულა).

ბოლო ტურში ცეცაძის გუნდი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან შესარჩევ ეტაპებსა და წინა ორ ტურში გაძევებული და გაყვითლებული მოთამაშეების გამო ნაკრებს ერთბაშად 5 მოთამაშე დააკლდა - მცველი დავით მთივლიშვილი, ნახევარმცველები ავთო ენდელაძე და თემურ მარკოზაშვილი და თავდამსხმელები, ბაჩო არაბული და ნიკა კაჭარავა. სათადარიგოებში მხოლოდ მეკარე ბაჩო მიქავა და მცველი ალექსანდრე გურეშიძე იყვნენ.

ეს ყველაფერი შოტლანდიასთან შეხვედრის არბიტრის, ესპანელი კარლოს დე სეროს დამსახურება იყო. გუნდს ამ დროს არ ახლდა ფედერაციის დელეგაცია და შესაძლოა, ჩათვალეს, რომ უპატრონო გუნდი გვყავდა. ამის გამო უეფას კონგრესის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე ფიფას კონგრესზე არ გაემგზავრნენ და ბელგიაში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მხარდასაჭერად ჩავიდნენ.

ფედერაციის ვებგვერდთან სიჭინავას კომენტარიდან შევიტყვეთ, რომ უეფას წარმომადგენლებსა და ელიტრაუნდზე მსაჯთა დამკვირვებელს შოტლანდიასთან მატჩში მომხდარ ფაქტებზე რეაგირება სთხოვეს.

* * *
... მატჩი მძიმედ დავიწყეთ: ბრიგერ ვესტრატის, ლეონარდო ტროსარისა და თომას ფოკეტის დარტყმების შემდეგ მეკარე გაბრიელ თებიძემ გადაგვარჩინა, რომელმაც მთელი ელიტრაუნდი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. საქართველომ ამის შემდეგ შექმნა მომენტები, მაგრამ გურამ სამუშიასა და ლაშა დვალის დარტყმების შემდეგ მასპინძლები მეკარე სვენ დრუხტსმა გადაარჩინა.

მეორე ნახევარიც ბელგიელთა მომენტით დაიწყო, მაგრამ ცეცაძის გაწვრთნილებმა თამაში კვლავ გაათანაბრეს - ჩვენების პირველი სახიფათო მომენტი კვლავ სამუშიამ შექმნა.

სიხარული 56-ე წუთზე გვეწვია: შეტევა გიორგი ფანცულაიას ზუსტი დარტყმით დასრულდა - 0:1.

ქუთაისის "ტორპედოს" თავდამსხმელს უპირატესობის გაზრდის საშუალება 74-ე წუთზეც ჰქონდა, მაგრამ ლუკა ზარანდიას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ძელს მოარტყა.

ჩვენები ამ წარუმატებლობამ ვერ გატეხა და ბელგიელებს კვლავ შეუტიეს. ამან 78-ე წუთზე შედეგი გამოიღო: სამუშიამ ჩვენების უპირატესობა ორამდე გაზარდა - 0:2 და ყველაფერი ცხადი გახდა.

მატჩის მიწურულს ლაშა დვალთან უხეშობისთვის მასპინძელთა მოთამაშე ჟილ რეისენი გააძევეს, მთავარმა არბიტრმა კი ჩვენი გამარჯვება და უდიდესი სიხარული დააფიქსირა - 0:2.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საქართველოს გუნდი მეხუთედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, კონტინენტის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.

მადლობა ბიჭებს, გია ცეცაძესა და მის შტაბს, რომ ამ გაჭირვებულ ქვეყანას მოულოდნელი სიხარული აჩუქეს, სიხარული, რომლის არმინიჭება უფრო გაგვაოცებდა, ვიდრე ეს წარმატება, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა - მზიანი ღამე.

გია ცეცაძემ ფედერაციის ვებგვერდთან მცირე კომენტარი გააკეთა:
"ჩვენ სამი საოცარი, სანახაობრივი თამაში ჩავატარეთ ძალიან ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ.

მე ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელებით! ამ შემადგენლობით, ჩვენ მართლაც დიდი მომავალი გვაქვს და ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს სიტყვას ვიტყვით".

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ინგლისის ნაკრებმა შოტლანდიას 3:0 სძლია (კულხტერსი, ბეიკერსი, აკპომა) და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის წილისყრა 14 ივნისს გაიმართება. ჯერჯერობით ფინალურ ეტაპზე მასპინძელი ლიტვა, თურქეთი და საქართველო გავიდნენ. ჩემპიონატი კი 20 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაიმართება.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები თბილისში 30 მაისს, შუადღის 4 საათისთვის დაბრუნდება.

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტრაუნდი. 6 ჯგუფი
29 მაისი. ბორნემი, "ბრევენშტადიონი".
ბელგია - საქართველო 0:2
გოლები: 0:1 ფანცულაია (56), 0:2 სამუშია (78).
გამოუყენებელი პენალტი: ფანცულაია (74. ძელი)

ბელგია: დხუსტი, რიბომა (73. კასტანი), რეისენ, დე საარი, ფოკეტი, ვერსტრატე, კაბასელე (58. სხაივერსი), სხოფსი, ატება, ბეიკერსი (63. კორინი), ტროსარი.
სათადარიგოები: გობლე, ფიორე, დე ნევი.
მთავარი მწვრთნელი: მარკ ვან გეერსომი
საქართველო: თებიძე - გეგეჩკორი, ჭანტურია, სანდოხაძე, უბილავა - სამუშია (80. გურეშიძე), დვალი, ცნობილაძე - ფანცულაია, ზარანდია, ზივზივაძე
სათადარიგო: მიქავა.
მთავარი მწვრთნელი: გია ცეცაძე

გაფრთხილება: უბილავა (7), სამუშია (21), გეგეჩკორი (68), დე სარი (71), სხაივერსი (75).
გაძევება: რეისენი (90+3)

არბიტრი: საშა ამხოფი (შვეიცარია)

6 ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 3 2 1 0 6-2 7
2. ინგლისი 3 1 2 0 5-2 5
3. ბელგია 3 0 2 1 3-5 2
4. შოტლანდია 3 0 1 2 3-5 1

ასევე იხილეთ:
გია ცეცაძე: მინდა, უეფას გასაგონად ვთქვა, რომ ქართველები მათხოვრები არ ვართ!
U19. საქართველო-შოტლანდია 3:1 - ძლევაი საკვირველი [VIDEO]
U19. საქართველო - ინგლისი 1:1 - პირველი ფრე და შენარჩუნებული შანსი
მკითხველის კომენტარები / 12 /
გენაცვალეთ თქვენ, მართლა მიხარიხარიხართ და ჩემტან ერტად მთელ საქართველოს გვიხარიხართ, გვეამაყოს თქვენით და მასე გააგრძელეთ
misa
12:35 30-05-2013
0
გილოცავთ ბიჭებო, ასე გამარჯვებებით გევლოთ, თქვენს მწვრთნელთან ერთად.
გაიხარეთ!!!!
gizog
12:45 30-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული