[გაიცანით 19-წლამდელები] ლუკა ზარანდია - "აიაქსამდე" "ტორპედოში"?

AutoSharing Option
დღევანდელ ნომერში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყველაზე უმცროს წევრს, ლუკა ზარანდიას წარმოგიდგენთ.

17 წლის თავდამსხმელი ქართველმა გულშემატკივარმა შარშან, შემოდგომაზე გაიცნო. მაშინ გიორგი დევდარიანის 17-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინასთან მარცხის შემდეგ (1:3) ლუქსემბურგი (3:1) და შოტლანდია (3:0) დაამარცხა და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა.

ამ მინი-ტურნირზე ზარანდია საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო. ფლანგის შემტევმა სამ მატჩში მეტოქეთა კარი სამჯერ აიღო, სულ კი 17-წლამდელებში ჩატარებულ რვა მატჩში შვიდი გოლი ჩაიწერა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

ლუკა ნაკრებში გამორჩეული იყო: 2012 წელს ის სამ ტურნირზე აღიარეს საუკეთესო მოთამაშედ (ბელორუსში, პოლონეთსა
და კასპიის თასზე). წლეულს, ელიტრაუნდზე ორჯერ ითამაშა - პირველად დევდარიანის 17-წლამდელთა ნაკრებში, მაისში კი გია ცეცაძის 19-წლამდელებში და ამ უკანასკნელის რიგებში ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ამ შემთხვევაში ტრადიციას გადავუხვიეთ და ფეხბურთელის ნაცვლად მამამისს - თამაზ ზარანდიას ველაპარაკეთ, რომელიც იხსენებს, თუ როგორ ცდილობდა, მის ვაჟს ინდივიდუალიზმი არ დაეკარგა და ნიჭი განევითარებინა.

ფეხბურთზე დიდი თხოვნით
სოლოლაკში, ენგელსის ქუჩაზე ვცხოვრობდით. ფეხბურთზე მხოლოდ 9 წლისა შევიდა, რადგან ვეწინააღმდეგებოდი. ყოფილი ფეხბურთელი ვარ და ძალიან კრიტიკული ვიყავი - ლუკას თამაში არ მომწონდა.

მაგრამ ფეხბურთი ძალიან უყვარდა და ტიროდა, საფეხბურთო სკოლაში რომ არ შემყავდა.

ბავშვი ოჯახის წევრებმა შეიცოდეს და მათ თხოვნას დავთანხმდი. "შევარდენის" საფეხბურთო სკოლაში შევიყვანე - რაც შეიძლება შორს, ვინმე ნაცნობს რომ არ ენახა და არ შევრცხვენილიყავი.

ახლა კი მეცინება, მაგრამ მაშინ ლუკას თითოეულ შეცდომას ძალიან განვიცდიდი. ვერ ვიტყვი, რომ ფეხბურთელისა არაფერი ეტყობოდა, საკმაოდ სწრაფი და სხარტი იყო, მაგრამ დიდი მოთამაშის კრიტერიუმებით ვაფასებდი და შესაბამისსაც ვთხოვდი. ცხადია, პატარა ბავშვი ასე ვერ ითამაშებდა.

როგორ გავზარდოთ ინდივიდუალისტი?
მისი პირველი მწვრთნელები ვაჟა ხუბეჯიშვილი და გია ნავროზაშვილი იყვნენ. ერთი წლის შემდეგ 35-ე სკოლაში გადავიყვანე, სადაც 2012 წლამდე ზურა თარაშვილთან იზრდებოდა. ის თავისუფლებას აძლევდა, არ ზღუდავდა, ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას აძლევდა...

მერე და მერე გამოჩნდა, რომ ლუკამ საუკეთესო თვისებები განავითარა, რისთვისაც ზურას მადლიერი ვარ. მან გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა - ელემენტარულად, ლუკასთვის ხელი არ შეუშლია.

საერთოდ, მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი საშინელი შეცდომაა - ბავშვებს საუკეთესო თვისებების გამოვლენას უკრძალავენ და თავიდანვე მხოლოდ პასებით თამაშს აიძულებენ, რაც მათ ინდივიდუალიზმს კლავს. არადა, ჩვენი ფეხბურთი სწორედ ასეთებზე იდგა.

დამატებითი ვარჯიშები
ვცდილობდი, დავხმარებოდი, უფრო მოქნილი, სწრაფი და ღონიერი რომ გამხდარიყო. ჩემი მეუღლე ხათუნა ნანიშვილი საკმაოდ წარმატებული ტანმოვარჯიშე გახლდათ და ფეხბურთიც უყვარდა. ტანვარჯიშით ადამიანი უფრო მოქნილი ხდება და გარკვეული პერიოდი ამ სახეობაზე დავატარებდი.

ახლა წაქცეული სწრაფად ახერხებს წამოდგომას და თამაშის გაგრძელებას, რაც ორთაბრძოლებში ძალიან მნიშვნელოვანია.

მცირე ხნით, კალათბურთსა და ფიგურულ სრიალზეც კი შევიყვანე, რადგან კალათბურთი ნახტომის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, ფიგურული სრიალი უკეთეს კოორდინაციას, თან ორგანიზმისთვისაც სასარგებლოა.

პლუს-მინუსები
ლუკას ნაკლი თავით თამაშია და ახლა ცდილობს, ეს კომპონენტი გააუმჯობესოს. არ დავმალავ, ბავშვობაში ზარმაცი იყო. ვარჯიშებს არ აცდენდა, მაგრამ თავსაც არ იკლავდა.

გიორგი დევდარიანიც მეუბნებოდა, შესაძლოა, ვარჯიშებზე არც მოგეწონოს, მაგრამ მოედანზე გასული სულ სხვა არისო.

მოედანზეც თავისებურია. სუსტი გუნდების წინააღმდეგ ისეთი მოტივირებული არ არის, როგორც ძლიერებთან. უკომპლექსოა და ძლიერ მოწინააღმდეგეებთან კი არ ითრგუნება, უფრო მოტივირებული ხდება.

ფეხბურთელებმა კარგად იციან, რომ მწვრთნელები მეტოქის ყველაზე სახიფათო მოთამაშის გასანეიტრალებლად, ზოგჯერ მის წინააღმდეგ უხეშობას ავალებენ. ზოგიერთს ერთხელ მიარტყამენ და ჩერდება. ლუკა ამაზე უფრო მწარდება და ბრძოლის მეტი ჟინი უჩნდება.

საერთოდ, საკმაოდ კონტაქტურია და ვიცი, რომ ლამის ყველა ასაკობრივი და ეროვნული ნაკრების მოთამაშეს ახლოს იცნობს.

აიაქსამდე ტორპედოში?
2012 წლის ზაფხულში 35-ე სკოლიდან თბილისის "ლოკომოტივში" გადავიდა. 19-წლამდელების ელიტრაუნდამდე, გასინჯვაზე ამსტერდამის "აიაქსში" მიიწვიეს და ვიცი, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელს, ფრანკ დე ბურს თავი მოაწონა.

მაგრამ არნემის "ვიტესიც" იწვევს და ჯერ არ ვიცით, სად ითამაშებს.

ხელს ასაკიც უშლის, 17 წლის ბიჭი ევროკავშირის ქვეყანაში კონტრაქტს ვერ გააფორმებს. ამასობაში "ლოკომოტივის" 17 მოთამაშე ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა და ლუკასაც იგივე შესთავაზეს.

თუმცა, სად ითამაშებს, ეს ჯერ არ ვიცით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
[გაიცანით 19-წლამდელები] გურამ სამუშია: არავისზე ნაკლებები არ ვართ
[გაიცანით 19-წლამდელები] ბუდუ ზივზივაძე: ჩვენ შიში უკვე დავძლიეთ!
გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედი მაქვს ეს ბავშვიც არ გაფუჭდება... საგანგაშოდ მომეჩვენა, "შეიძლება ვარჯიშზე არ მოგეწონოწ" ან ვარჯიშზე თავს არ იკლავს" და "ზარმაცია" მგონია რომ თანამედროვე ფეხბურთში ფიზიკურ სიძლიერეს უუუუზარმაააზარი მნიშვნელობა აქვს და კიდე მგონია რომ ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდები ამიტომაც იჩაგრებიან (მხოლოდ ანანიძის მაგალითიც საკმარისია) ასე რომ დიდი იმედი მაქვს რომ ამ ბავშვს შრომისმოყვარეობის გრძნობაც აუმაღლდება ტექნიკურ მონაცემებთან ერთად...
ნიჭიერი მაგრამ ზარმაცი
16:16 13-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული