"ლელო" საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების კიდევ ერთ ფეხბურთელს წარმოგიდგენთ.
დოსიე
გურამ სამუშია
პოზიცია: ფლანგის შემტევი ნახევარმცველი
დაიბადა 1994 წლის 5 სექტემბერს ზუგდიდში
სიმაღლე: 177 სმ
წონა: 67 კგ
კლუბები
2007-09 - "მგლები" (ზუგდიდი)
2009-11 - "ბაია" (ზუგდიდი)
2012-დან - "ზესტაფონი"
სანაკრებო კარიერა
U17 - 7 მატჩი, 1 გოლი
U19 - 5 მატჩი, 2 გოლი
(აზერბაიჯანთან შესარჩევში, ბელგიასთან ელიტრაუნდში)
ელიტრაუნდში ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ბელგიასთან ატარებდა. 78-ე წუთისთვის გია ცეცაძის
ბელგიელებს "ბრიუგეს" მეკარე სვენ დუსტის თავგანწირულმა ნახტომმაც ვერ უშველა, ბურთი "ცხრიანში" ჩაეშვა და ყველაფერი დალაგდა - საქართველოს ნაკრები ევროფინალში გავიდა.
იხილეთ ვიდეო
გურამ სამუშია ქართველმა გულშემატკივარმა 2011 წელს გაიცნო, როდესაც კობა ჟორჟიკაშვილის დროინდელ 17-წლამდელთა ნაკრებში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო და მადრიდის "ატლეტიკომ" სინჯებზე მიიწვია, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.
ზუგდიდის "ბაიას" შემტევი ნახევარმცველი "ზესტაფონში" გადავიდა და გასულ სეზონში გუნდში ადგილის დამკვიდრებას ცდილობდა.
ელიტრაუნდის შემდეგ სამუშია ზუგდიდში ისვენებს და ევროპის ჩემპიონატის მოლოდინშია.
ბავშვობა და პირველი მწვრთნელები
ბავშვობიდან მამუკა ჭაჭუასთან და ბორის გუგუჩიასთან ვვარჯიშობდი. სტადიონიდან 3 კილომეტრში ვცხოვრობდი. პატარა ბიჭისთვის ძნელი იყო ყოველდღე 6 კილომეტრის გავლა, მაგრამ ერთი ბიჭი ყოველდღე აფხაზეთიდან ჩამოდიოდა და მრცხვენოდა, ჩემს დაღლაზე მელაპარაკა.
ალბათ, ასე ჩამომიყალიბდა გამძლეობა და შრომისმოყვარეობა.
მერე "ბაია" დაარსდა, სადაც კარგი პირობები შეგვიქმნეს. იქიდან კი 15 წლის ბიჭი ელგუჯა ქომეთიანმა "ბაიაში" მიმიწვია და უმაღლეს ლიგაში სადებიუტო შეხვედრაც ჩავატარე - სხვათა შორის, "ზესტაფონს" ვხვდებოდით.
16 წლის ვიყავი, უმაღლესში პირველი გოლი "გაგრას" რომ გავუტანე. მალე "ზესტაფონში" მიმიწვიეს, სადაც ძლიერი ფეხბურთელები თამაშობდნენ და გია გეგუჩაძე მავარჯიშებდა.
საერთოდ, მწვრთნელებში თავიდანვე მიმართლებდა. ჩემზე დიდი გავლენა მოახდინეს გიორგი დევდარიანმა და გიორგი ცეცაძემ, რომლებმაც პირველად გამომიძახეს ნაკრებში. ცხადია, კობა ჟორჟიკაშვილმაც, რომლის 17-წლამდელებიდანაც ხალხმა გამიცნო.
ელიტრაუნდზე
თავიდანვე ცეცაძემ საქმე ისე ააწყო, მწვრთნელები და ფეხბურთელები ერთმანეთს იოლად ვუგებდით და საბრძოლო სულისკვეთება გვქონდა. კარგი ატმოსფერო ბიჭებს მოედანზეც გაგვყვა. საკუთარი ძალების ვირწმუნეთ და გვჯეროდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდით. ყველა მეტოქესთან მაქსიმალური თავდადებით, ბოლო წუთამდე მობილიზებულები ვთამაშობდით, მწვრთნელის დავალებებს ვასრულებდით. შედეგიც დავიმსახურეთ.
გია ცეცაძემ მარცხენა ფლანგის შემტევად დამაყენა. ბელგიასთან თამაშამდე ვარჯიშზე კი მითხრა, მარცხნიდან შევარდნასა და შორიდან დარტყმაზე ივარჯიშეო. არ ვიცი, გული უგრძნობდა თუ რა იყო მიზეზი, მაგრამ ასე დარტყმა ლამის ავტომატურამდე დავხვეწე.
ბელგიასთან შეხვედრის დროს ბურთი ზუსტად მარცხენა ფლანგზე მივიღე. საჯარიმოს კუთხეს რომ მივუახლოვდი, არც დავფიქრებულვარ, ისე გავაქანე - ბურთი "ცხრიანში" რომ ჩაეშვა, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი.
იმედი მაქვს, რომ ჩვენი გულშემატკივრის იმედებს გუნდი ლიტვაშიც გაამართლებს.
ევროპული იმედები
ელიტრაუნდის შემდეგ ზუგდიდში დავბრუნდი. ერთ კვირა დავისვენე, მაგრამ მწვრთნელმა დავალება მოგვცა და ფორმას მსუბუქი ვარჯიშებით ვინარჩუნებ - მეგობრებთან ერთად ყოველდღე ვთამაშობ და ვერთობი. 10 ივნისს "ზესტაფონი" სეზონისთვის მზადებას დაიწყებს და ნაკრების შეკრებისთვის მზად ვიქნები.
უიმედოდ თამაშს აზრი არ აქვს, ჩვენ კი საკუთარი ძალების ვირწმუნეთ. ამიტომ ევროპის ჩემპიონატს თითოეული ჩვენგანი იმედით ველით და წარმატებით გამოსვლაზე ვოცნებობთ.
მიმაჩნია, რომ ნებისმიერ ჩვენს მოთამაშეს შეიძლება ჰქონდეს იმის საფუძველი, რომ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს და მსოფლიომ გაიცნოს. ესპანელები, გერმანელები და თურქები არაფრით ჩვენზე უკეთესები არ არიან.
მომავალზე
არ დავმალავ, ელიტრაუნდის შემდეგ გავიგე, რომ რამდენიმე გუნდი ჩემით დაინტერესდა, მაგრამ ჯერჯერობით "ზესტაფონის" ფეხბურთელი ვარ და ტრანსფერზე ბევრს არც ვფიქრობ, რადგან "ზესტაფონთან" კონტრაქტი მაქვს და არ გამიშვებენ. თუმცა ჯერ ისიც არ ვიცი, გუნდში რა ხდება და ახალ სეზონში რა გეგმები გვექნება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
[გაიცანით 19-წლამდელები] ბუდუ ზივზივაძე: ჩვენ შიში უკვე დავძლიეთ!
გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია