[გაიცანით 19-წლამდელები] ბაჩო მიქავა: სამი წელი თავდასხმაში ვთამაშობდი

AutoSharing Option
დოსიე
ბაჩო მიქავა
დაიბადა: 1994 წლის 1 იანვარს
ამპლუა: მეკარე
სიმაღლე 1.86 სმ
წონა: 78 კგ

კარიერა
2010 რუსთავის "ოლიმპი"
2011 ბოლნისის "სიონი"
2011-12 "გაგრა"
2012-13 "ლოკომოტივი" (20 მატჩი)
2013 "ტორპედო"

ბაჩო მიქავა
საქართველოს 19-წლამდელების ნაკრების წევრია, მაგრამ დღემდე ერთი ოფიციალური შეხვედრაც არ ჩაუტარებია. ის დღეს "ლელოს" სტუმარია.

- შენს შესახებ მოგვიყევი...
- აფხაზეთში, გალში დავიბადე. ჩემი ოჯახი იქ ომის შემდეგაც ცხოვრობდა, მაგრამ მალე მშობლები იძულებულნი გახდნენ, სახლ-კარი მიეტოვებინათ და თბილისში წამოსულიყვნენ. 2 წლიდან აქ ვიზრდები.

- ვარჯიში სად დაიწყე?

- თბილისის "მერანში", სადაც ჩემი მწვრთნელი გურამ ბარამია იყო. მერე საფეხბურთო აკადემია "ოლიმპში" გია ცეცაძესთან გადავედი. მანვე რუსთავის "ოლიმპის" დუბლშემადგენლობაში წამიყვანა. შემდეგ მცირე ხნით ბოლნისის "სიონისა" და "გაგრას" დუბლშემადგენლობებში ვთამაშობდი.

2012 წელს თბილისის "ლოკომოტივში" მიმიწვიეს, სადაც საკმაოდ კარგი სეზონი მქონდა. წლეულს კი ლამის მთელი "ლოკომოტივი" ქუთაისის "ტორპედოში" გადავედით.

სანაკრებო კარიერა კი 17-წლამდელებიდან დავიწყე და მერე 19-წლამდელებშიც მიმიწვიეს.

- პიროვნება, ვინც შენს ჩამოყალიბებაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- გურამ ბარამია და გია ცეცაძე. ბარამიამ ფეხბურთის ანბანი და კიდევ ბევრი რამ მასწავლა, რაც მერე და მერე გამომადგა. ჩამოყალიბებასა და წინსვლაში გია ცეცაძე დამეხმარა - დიდ ფეხბურთში სწორედ მან შემადგმევინა ფეხი.

- გულშემატკივრებმა და სპეციალისტებმა მაინც "ლოკომოტივიდან" გაგიცნეს, სადაც ძირითადი მეკარე იყავი...
- დიახ, "ლოკომოტივში" შარშან ზაფხულს მიმიწვიეს. მთელი სეზონი სტაბილურად ვთამაშობდი, სასტარტოს მეკარე გავხდი და მუდმივი პრაქტიკა მქონდა - 30 ტურიდან 20 შეხვედრა ვითამაშე. მწვრთნელების მადლიერი ვარ, რომელთა ნდობასაც ვგრძნობდი. ეს მეკარეებზე განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს.

- მანამდე სათამაშო პრაქტიკა გაკლდა?
- მანამდე ერთი წელი "გაგრაში" ვიყავი, მაგრამ თამაშები მარტო ჭაბუკთა ლიგაზე მიწევდა, დუბლებში კი მხოლოდ 3 მატჩი ჩავატარე. ამის შემდეგ პირველ ლიგაში გამოსვლა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა.

- ერთადერთი ხარ, ვინც ელიტრაუნდზე არ ითამაშა. საერთოდ, ცნობილია, რომ გუნდში ატმოსფეროს და წარმატებას სკამზე მჯდომის საქციელიც განაპირობებს...
- რა თქმა უნდა, თამაში მინდოდა და გული მწყდებოდა, მოედანზე რომ ვერ გავდიოდი, მაგრამ გაბი თებიძე კარში ისე კარგად იდგა, მწვრთნელი როგორ ან რატომ შეცვლიდა? ან მის კარგ მეკარეობაზე ხომ არ უნდა დავბოღმილიყავი? პირიქით, გუნდი ისაა, სადაც სათადარიგოები მოედანზე მყოფებს გულიანად ქომაგობენ.

ალბათ, ადრე თუ გვიან, მეც მომეცემა თამაშის საშუალება და იმედია, შანსს გამოვიყენებ. ახლა კი მთავარია, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავედით და ამ გუნდის წევრობა დიდი ბედნიერებაა.

- ვიცით, რომ ბელგიასთან ორი ფორმა გქონდა და გამორიცხული არ იყო, წინა ხაზის მოთამაშე შეგეცვალა. სხვა პოზიციაზე ოდესმე გითამაშია?
- დიახ, "მერანში" სამი წელი ცენტრალურ თავდამსხმელად ვთამაშობდი. სხვათა შორის, ერთ სეზონში 21 გოლიც გამიტანია.

- შენი აზრით, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრებისგან რას უნდა ველოდოთ?
- მიმაჩნია, რომ საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს. მაიმედებს ჩვენი გუნდის თამაშის სტილი და მოთამაშეთა კლასი. რაც მთავარია, ეს არის გუნდი და არა უბრალოდ 11 მოთამაშე.

სათადარიგოთა სკამიდან რომ ვუყურებდი, მსიამოვნებდა, ისეთ გუნდურ და შემტევ ფეხბურთს ვაჩვენებდით. თუ ჩვენი სტილის ერთგულნი დავრჩებით, არ გამოვრიცხავ, ევროპის ჩემპიონები გავხდეთ. ამაზე ბევრს გაეცინება, მაგრამ შესარჩევ ჯგუფში ინგლისი, ბელგია და შოტლანდია რომ შეგვხვდნენ, ჩვენს შანსებს მაშინაც ნულს უტოლებდნენ.

- კონკურენტ გაბრიელ თებიძესთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
- გაბისთან მხოლოდ ძმაკაცობა მაკავშირებს და არა კონკურენცია - ასეთი რამ ჩვენ შორის არ არსებობს! ის ძალიან მაგარი მეკარეა, რაც ამ ელიტრაუნდზეც დააამტკიცა და გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. კარგი მეკარე იქით იყოს, გაბი გულიანი ადამიანია და ურთიერთობა არ ეშლება.

- ქუთაისის "ტორპედოს" პირველი მეკარე ეროვნული ნაკრების კანდიდატი ომარ მიგინეიშვილია. სათადარიგოებში ჯდომის დიდი შანსი გაქვს და ეს რაში გაწყობს?
- ეს არ მადარდებს, პირიქით, ძალიან მომწონს შექმნილი სიტუაცია. ასეთი გამოცდილი მეკარისგან ბევრს ვისწავლი და გავიზრდები. შანსი თუ მომეცემა, ჩემი აზრით, გამოვიყენებ.

- ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობა ძალიან გაახალგაზრდავდა და ასე გუნდს ევროპის ლიგაზე არ გაუჭირდება?
- ქართული გუნდები ვარსკვლავებს ისედაც ვერ წყვეტდნენ და იქნებ ევროპას ჩვენი ახალგაზრდული მონდომება და ნიჭი მაინც ვაჩვენოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

[გაიცანით 19-წლამდელები] გიორგი ფანცულაია: ვიცი, ეს მამას ჩემზე მეტად გაუხარდება
[გაიცანით 19-წლამდელები] ლუკა ზარანდია - "აიაქსამდე" "ტორპედოში"?
[გაიცანით 19-წლამდელები] გურამ სამუშია: არავისზე ნაკლებები არ ვართ
[გაიცანით 19-წლამდელები] ბუდუ ზივზივაძე: ჩვენ შიში უკვე დავძლიეთ!
გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მაგარი ბიჭია და მაგრად ვგულშემატკივრობ :)
Giorgi
01:20 21-06-2013
0

სიახლეები პოპულარული