[გაიცანით 19-წლამდელები] გიორგი ფანცულაია: ვიცი, ეს მამას ჩემზე მეტად გაუხარდება

AutoSharing Option
ფოტოზე: ელიტრაუნდში ბელგიასთან მატჩის მთავარი გმირები: გიორგი ფანცულაია (N14) და გურამ სამუშია

2010 წელს კობა ჟორჟიკაშვილის მიერ გაწვრთნილი 17-წლამდელთა ნაკრები თბილისში გამართული შესარჩევი ციკლიდან ელიტრაუნდში გაძვრა და ინგლისის, პოლონეთისა და შვედეთის გარემოცვაში თავი მშვენივრად წარმოაჩინა.

მაშინ შევიტყვეთ, რომ ცნობილ ფეხბურთელს, მამუკა ფანცულაიას თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია ეზრდებოდა. გიორგი მალე ქუთაისის "ტორპედოში" ათამაშდა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა, 19-წლამდელებში კი ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა: ელიტრაუნდზე ორი გოლი გაიტანა (ინგლისთან და ბელგიასთან) და გუნდს ევროფინალში გასვლაში დაეხმარა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

წილისყრასა და ამბიციაზე
შემიძლია ვთქვა, რომ
ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფები საკმაოდ კარგად გადანაწილდა. სხვადასხვა დროს ტურნირის სამ მონაწილესთან გვითამაშია: სერბეთი, გასვლაზე რომ 1:0 მოვუგეთ, ძლიერი, შემტევი გუნდია, მაგრამ დავჯაბნეთ.

მრავალი საგოლე მომენტის მიუხედავად, პორტუგალიასთან 0:2 წავაგეთ - მიმაჩნია, რომ ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტია.

ფრანგების ამ თაობას 17-წლამდელების ელიტრაუნდში შევხვდით და წავაგეთ. მაშინ ძალისმიერი ნაკრების შთაბეჭდილება დატოვა. წესით, იმ გუნდიდან ლიტვაში ბევრი მოთამაშე უნდა ჰყავდეთ. ვიცი, რომ თურქეთიც ძლიერია და შემტევ ფეხბურთს აჩვენებს.

წლები ისე გადიოდა, ქართველებს საკუთარი ძალების არ გვჯეროდა. ახლა კი ფიქრობენ, ჩვენი გუნდის წევრები ზედმეტად თავდაჯერებულები ხომ არ ვართ. ასე ნაღდად არ არის. ბიჭები მოტივირებულები არიან და ჯანსაღი ამბიცია გვაქვს, რომ ევროპაზე ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ.

წინასწარ არავინ ვიცით, რა და როგორ მოხდება, მაგრამ ჩვენს ნაკრებს დიდი პოტენციალი გააჩნია. ჯგუფის სიძლიერის მიუხედავად, ყველაფერს გავაკეთებთ, ნახევარფინალში რომ გავიდეთ. მჯერა, გავალთ კიდეც.

ბურთი არც მაინტერესებდა
7 წლამდე არც ვიცოდი, ფეხბურთი რა იყო და მამაჩემმა შემაყვარა. 2000 წელს 6 წლის ვიყავი, ჩემპიონთა ლიგის ფინალი ("რეალი"-"ვალენსია") რომ მაყურებინა. რობერტო კარლოსი და მთლიანად, ფეხბურთი ძალიან მომეწონა და ინტერესი გამიჩნდა.

2001 წელს მამამ საფეხბურთო აკადემია "ოლიმპში" მიმიყვანა, სადაც თავად ორი წლით უფროსებში მუშაობდა - ჩემი პირველი მწვრთნელები ლევან და გურამ გვანცელაძეები იყვნენ. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი გია ცეცაძემ ჩაიბარა და ბოლომდე ის მავარჯიშებდა.

სხვათა შორის, გიას 1994 წელს დაბადებულების ძალიან კარგი გუნდი ჰყავდა. ასე რომ, ჩვენს თაობას მშვენივრად იცნობს და მის მოთხოვნებს ჩვენც ვიცნობთ.

ტიტულოვანი კრიტიკოსი
მამა ჩემით კმაყოფილი არასოდეს ყოფილა. არც მიკვირს. უნიჭიერესი ფეხბურთელი იყო და თბილისის "დინამოში" თამაშობდა. ერთი ხანობა, ლიდერობდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლეებში, რომელიც მაღალი დონის ტურნირი იყო და ძლიერი გუნდები თამაშობდნენ. იყო ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი, მაგრამ 26 წლისამ კარიერა ნაადრევად დაასრულა. ახლა კი საფეხბურთო აკადემია "ოლიმპის" მწვრთნელია - საქართველოს ნაკრების წევრი თორნიკე ოქრიაშვილი მისი გაზრდილია.

მიხარია, რომ ფანცულაიების ოჯახია პირველი საქართველოში, რომლის ორი წარმომადგენელიც, მამაც და შვილიც ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილე ვიქნებით: 1985 წელს მამუკა ფანცულაია საბჭოთა კავშირის 18-წლამდელთა შემადგენლობაში, ალეკო კანტიძესთან, ზაზა რევიშვილთან და ვასილ მიქაშავიძესთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

რეჟიმზე
მე თუ ფეხბურთელად ჩამოვყალიბდი, ეს მამუკას დიდი დამსახურებაა. ვიცი, მამამ დიდი ფეხბურთი რატომ ვერ ითამაშა და არ უნდა, მისი შეცდომები გავიმეორო. მირჩევს, ჩემსავით მცირედით არასოდეს დაკმაყოფილდე და სულ წინსვლაზე იფიქრეო.

19 წლის ვარ და ცხადია, გართობა მიყვარს, ეს აუცილებელიც არის, მაგრამ საამისოდ სეზონის შემდეგ ვიცლი. საერთოდ კი, რეჟიმის დაცვა, ვარჯიში და გართობაზე თავის შეკავება არ მიჭირს. უცხოურ შეკრებაზე მსიამოვნებს, მხოლოდ ფეხბურთზე რომ ვფიქრობ და გულით ვემზადები.

ამ კუთხით გამონაკლისი არ ვარ. ასე მგონია, სხვაგვარი თაობა მოვდივართ, უფრო მოტივირებულები, ამბიციურები და ალბათ, საქმეს უფრო პროფესიულად ვუდგებით, თორემ ვერ ვიტყვი, რომ ადრინდელებზე ნიჭიერები ვართ - მამას და შემდგომ თაობებში ძალიან მაგარი ფეხბურთელები იყვნენ.

ის ურჩევნია მამულსა...
როგორ წარმომიდგენია ჩემი კარიერა ათის წლის შემდეგ? ნაკრებში რომ მოვხვდე და საქართველოს სიხარული მივანიჭო. ვიტყოდი, რომ საკლუბო დონეზე წარმატების მიღწევა მსურს-მეთქი, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ეს არარეალური მეჩვენება, თუმცა ძალიან კი გამიხარდება.

უფრო რეალური მიზანია, ჯერ საქართველოში მოვიკიდო ფეხი და ჩემპიონის ტიტული მოვიპოვო. ამის შემდეგ უცხოეთში წასვლაც არ მაწყენდა. რაც უნდა იყოს, დღეს დიდ ფეხბურთზე გზა ევროპული კლუბების გავლით გადის.

ბევრჯერ მიფიქრია, მამა რა ნიჭიერი ყოფილა და რამდენს მიაღწია. მისი მიღწევების განმეორება ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ მაინც ვოცნებობ. იქნებ, შევძლო და დიდ ფეხბურთში ადგილი დავიმკვიდრო. ვიცი, მამას ეს ჩემზე მეტად გაუხარდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
[გაიცანით 19-წლამდელები] ლუკა ზარანდია - "აიაქსამდე" "ტორპედოში"?
[გაიცანით 19-წლამდელები] გურამ სამუშია: არავისზე ნაკლებები არ ვართ
[გაიცანით 19-წლამდელები] ბუდუ ზივზივაძე: ჩვენ შიში უკვე დავძლიეთ!
გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია
მკითხველის კომენტარები / 2 /
ის ურჩევნია მამულსა ხომ იცი ძმისშვილო, მამაშენი ნაღდად მაგარი იყო,დრო დაემთხვა ცუდი, მარა შენ ორმაგად უნდა გვასახელო
tengo
18:49 17-06-2013
0
ეგრეა რა , 100%_ით მართალს ამბობს ეს ბიჭი , მახსოვს მამამისი, ვასილა მიქაშავიძეც( მაგის ბიჭიც თამაშობდა, 95_ია)... ნაღდად შეეზლოთ მეტის გაკეთება, ისე ალბათ ცუდი დროც დაემტხვა მაგათ ფეხბურთის თამაშს!
beso65
15:29 17-06-2013
0

სიახლეები პოპულარული