ბოლო 30 წელიწადია, ფეხბურთი იმდენად პრაგმატული გახდა, თვით ბრაზილიაც კი (რომელსაც დაცვაში ჯდომა სირცხვილად მიაჩნდა) მისთვის უცხო სტილს გაუშინაურდა. ათლეტიზმმა და მოგებაზე დაგეშილთა პრაგმატიზმმა უსახური სქემები გაამეფა.
ქართველებმაც საკუთარ ფეხბურთზე უარი ვთქვით და არც დავფიქრებულვართ, საით მივდიოდით.
კიდევ კარგი, გამოჩდნენ მწვრთნელები, რომლებიც ლაღ ფეხბურთს ამჯობინებდნენ - გია გეგუჩაძე, გიორგი დევდარიანი, თემურ ფოცხვერია, გია ჭიაბრიშვილი, გელა სანაია...
ამ ფეხბურთის მიმდევარია გია ცეცაძეც. მან ჯერ კიდევ გორის "დილას" მთავარი მწვრთნელობისას
ცეცაძემ თავისი შესაძლებლობები ყველაზე სრულად მაინც 19-წლამდელთა ნაკრებში გამოავლინა. მისმა გაწვრთნილებმა ბელგიაში გამართულ ელიტრაუნდზე ბელგია, შოტლანდია და ინგლისი ჯგუფში ჩატოვეს და ევროპის ჩემპიპონატზე გავიდნენ, რომელიც 20 ივლისს ლიტვაში დაიწყება.
გია ცეცაძეს მზადებაზე და მიზნებზე ველაპარაკეთ:
- მზადებით კმაყოფილი ვარ, რადგან შეკრება კარგად ორგანიზებული იყო. მშვენიერი ამინდებიც დაემთხვა, სიცხეები არ გვაწუხებდა და მგონია, რომ ლიტვაში კარგ მდგომარეობაში ჩავედით. დანარჩენი ფრანგებთან შეხვედრაში გამოჩნდება.
- სულ ამბობდით, ქართულმა ფეხბურთმა საკუთარი სახე უნდა წარმოაჩინოსო - ახლა საამისოდ, მშვენიერი სარბიელი გაქვთ.
- ძალიან ამაღლებული განწყობა გვაქვს, ისეთი, ევროპის ჩემპიონატს რომ შეჰფერის. ცხადია, ბევრად უფრო მოტივირებულები ვართ, ვიდრე ელიტრაუნდში და შევეცდებით, ერთ ადგილზე არ გავჩერდეთ.
საბედნიეროდ, საქართველოში უკვე ისეთი დამოკიდებულებაა, რომ წარმატებად მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას აღარ თვლიან. ჩვენც არ წამოვსულვართ მხოლოდ მონაწილეობისთვის. შევეცდებით, ისეთი ცეცხლი დავანთოთ, თითოეული ქართველის გული რომ გავახაროთ.
სხვათა შორის, ელიტრაუნდზე წასვლამდეც ეკლესიაში ვიყავით და მამა დავით ქვლივიძემ დაგვლოცა. ახლაც ასე მოხდა.
- ამ თაობას როგორ დაახასიათებთ.
- მათ წინა თაობების მაგალითები აქვთ. ძალიან ნიჭიერი ბიჭები გვყავდა, დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშათ, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, მიუტევებელი შეცდომები დაუშვეს და დაისაჯნენ. ეს ამ თაობისთვის იყო მაგალითი, ნიჭი როგორ არ უნდა გაფლანგო.
არა მგონია, რომ ადრინდელი თაობები ამ შეცდომებს შეგნებულად უშვებდნენ. უბრალოდ, ცუდი დრო იყო, "პირველი მერცხლები" იყვნენ, ქართულ ფეხბურთთან ერთად, დამოუკიდებლად ნაბიჯებს დგამდნენ და ევროპულ ფეხბურთში კარგად გარკვეულები არ იყვნენ. მათ ჩვენზე ნაკლებად კი არ სურდათ დიდი ფეხბურთი ეთამაშათ, მაგრამ გარემომ ხელი ვერ შეუწყო.
ჩემი დიდი სურვილია, 19-წლამდელთა ნაკრებში მოხვედრილმა ბიჭებმა მაინც მიაღწიონ მეტს და საქართველო ასახელონ. ეს ქვეყანას და ხალხს ჰაერივით სჭირდება, მორალურად ფეხზე რომ დადგეს და მოღონიერდეს.
- წარუმატებლობამ ქართული ფეხბურთის სტილი რადიკალური შეცვალა და "კატენაჩოს" ცუდ ვარიანტზე გადავედით. თქვენ კი სულ იმეორებთ, რომ ბავშვებს ფეხბურთი უნდა ვასწავლოთ და არა ანტიფეხბურთიო. არ ფიქრობდით, რომ ამ სიტყვების გამო, ბევრის საქილიკო გახდებოდით?
- არ ვნაღლობდი, თუ რას ფიქრობდნენ პესიმისტები. მათ რომ ვუსმინოთ, ვერასოდეს მოვიგებთ. საერთოდ, ადამიანმა ის უნდა აკეთოს, რაშიც არის დარწმუნებული.
საერთოდ, რასაც 10 წლის წინათ უსტატუსოდ ვფიქრობდი, იგივეს განხორციელებას შევეცადე ნაკრებში - ნაკრების მწვრთნელები, ფეხბურთელები და მთელი დელეგაცია საქართველოს წარმოვადგენთ. ასეთ დროს, უსახურად თამაშის უფლება არ გვაქვს. საკუთარ პლუსზე, ფინტებსა და ტექნიკაზე უარი როგორ უნდა ვთქვათ? მაშინ ქართული ფეხბურთისგან არაფერი დარჩება.
ფეხბურთი მხოლოდ ფულზე არ დგას და უნდა მოვიშოროთ არასრულფასოვნების კომპლექსი, რომელსაც ჯერ გორის "დილაში" ვებრძოდი, ახლა კი - 19-წლამდელთა ნაკრებში.
ან რატომ უნდა გვქონდეს არასრულფასოვნების კომპლექსი, როდესაც ძალიან დიდი ფეხბურთელები და გუნდები გვყავდა? არავინ თქვას, რომ 1964 და 1981 წლების "დინამო" ევროპული დონის კლუბი არ იყოო. ამ ორ გუნდს სანაკრებო სარბიელი რომ ჰქონოდა, დარწუნებული ვარ, ძალიან დიდ წარმატებებსაც მიაღწევდნენ.
წინასწარ როგორ ვიტყვი, ევროპის ჩემპიონატიდან რა შედეგით დავბრუნდებით. მაგრამ ჩემი დიდი სურვილი არა მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლა, არამედ, ევროპისთვის საკუთარი სახის ჩვენებაც არის.
როდესაც "მიხეილ მესხზე" ლატვიაში გასაცილებელი საღამო მოგვიწყვეს, ბევრი ხალხი არ ყოფილა, რადგან ეს ამბავი ყველამ ვერც გაიგო. იმედია, ევროპის ჩემპიონატზე ისეთ შედეგს მივაღწევთ, რომ ჩამოსვლის შემდეგ სტადიონზე ბევრად მეტი მაყურებელი დაგვხვდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ქინქლაძის აღმზრდელი 19-წლამდელებზე: ნიჭიერებიც არიან და შრომისმოყვარენიც
გია ცეცაძე: ძალიანაც კარგი, თუ ფრანგების მწვრთნელი არ გვიცნობს
გია ცეცაძე: პირველი შეხვედრა სწორედ ფავორიტთან სჯობდა
გია ცეცაძე: ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და ჯგუფიდან გავიდეთ
გია ცეცაძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა [VIDEO]
გია ცეცაძე: ჩვენი ცეკვები - ხორუმი, აჭარული, მთიულურიც - სულ შეტევაა
გია ცეცაძე: მინდა, უეფას გასაგონად ვთქვა, რომ ქართველები მათხოვრები არ ვართ!
P.S. "რასაც 10 წლის წინათ უსტატუსოდ ვფიქრობდი" - ნეტავ ეს ფრაზა რას ნიშნავს?..