მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე ჩივაძის შეგირდები გასვლაზე საკმაოდ სუსტ ლუქსემბურგს დაუპირისპირდნენ, 3:0 მაინც სასიხარულო და დამაიმედებელი შედეგია.
ჩივაძემ გუნდი 4-2-3-1 განლაგებით ათამაშა. დასაწყისში მასპინძლებმა ქართველ ახალგაზრდებს საკმაოდ ბევრი პრობლემა შეუქმნეს. საგოლე მომენტებიც იყო ჩვენს კართან, მაგრამ ნადირაძე საიმედოდ თამაშობდა.
მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდი იყო. შეხვედრის ძირითად ნაწილში ჩვენი 21-წლამდელები უტევდნენ. მე-18 წუთზე "ორჰუსის" თავდამსხმელ დავით სხირტლაძის გოლით დავწინაურდით - 1:0.
პირველ ტაიმში ჩივაძის ბიჭებმა ლუქსემბურგელთა მეკარეს საქმე არ
მეორე ტაიმი დიდი ხნის დაწყებული არ იყო, როცა ლუქსემბურგელები 10 ფეხბურთელით დარჩნენ: მე-60 წუთზე უელსელმა არბიტრმა ბრინ მარკჰემ-ჯონსმა ჰოლტერს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან მიაბრძანა.
ქართველებმაც რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და შეტევები კიდევ უფრო გაამწვავეს. 68-ე წუთზე ანგარიშის გაზრდა შეეძლო სხირტლაძეს, მაგრამ ივეშიჩი კვლავ საიმედოდ იდგა.
თუმცა ლუქსემბურგელები ვერც მეკარის თავგანწირულმა თამაშმა იხსნა დიდი ანგარიშით მარცხისგან. ნიკა კვეკვესკირის მიერ შესრულებული საჯარიმოს შემდეგ ბურთი კარში მამუკა კობახიძემ გადაგზავნა - 2:0.
აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მეორე შეხვედრაა, კობახიძე და სხირტლაძე მოედანს უგოლოდ არ ტოვებენ.
78-ე წუთზე კი ჭანტურიამ აისრულა სურვილი - ამჯერად ლუქსემბურგელთა გოლკიპერმა მისი საჯარიმო დარტყმა ვეღარ მოიგერია - 3:0.
ამას გარდა, შეცვლაზე შესულ გიორგი ფანცულაიასა და კვეკვესკირსაც (ორჯერ) შეეძლოთ ქართველების უფრო დიდი ანგარიშით დაწინაურება, მაგრამ მათმა დარტყმებმა მიზანს ვერ უწია.
9 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სენეცში სლოვაკეთს შეხვდება.
* * *
5 სექტემბერს III ჯგუფში, ნაიმეგენის "დე გოფერტზე", ჰოლანდიამ შოტლანდია მიიღო და 4:0 დაამარცხა. გოლები ტრინდად დე ვილენამ (52), კასტაინოსმა (69), ვან დერ ჰოორნმა (74) და დროსტმა (78) გაიტანეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"