ალექსანდრე ჩივაძე პრობლემებით და იმედით: კარგი შანსი გაგვიჩნდება, თუ...

AutoSharing Option
14 და 18 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროშესარჩევში ორ შეხვედრას გამართავს - ჯერ შოტლანდიას ესტუმრება, მერე კი გორში სლოვაკეთს დაუხვდება.

ჩვენებურებს ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერაც არ დაუკარგავთ და ცხადია, ამ მატჩებს ძალიან დიდი, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი მნიშვნელობაც აქვს.

ამასთან დაკავშირებით, 21-წლამდელთა თავკაცი ალექსანდრე ჩივაძე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებს შეხვდა...

- გუშინ სპლიტის "ჰაიდუკისგან" მივიღეთ წერილი, - დაიწყო ჩივაძემ, - რომელიც გვამცნობს, რომ გიორგი ილურიძე, ტრავმის გამო, ამ შეკრებაზე ვერ ჩამოვა.

რაც შეეხება პოლონური "იაგელონიის" შემტევ ნიკა ძალამიძეს,
ვერც ის დაგვეხმარება - ოპერაციას იკეთებს. ტრავმების გამო ნაკრებში ვერ იქნებიან არჩილ ტვილდიანი და აკაკი შულაია.

- კიდევ რა პრობლემებს აწყდებით ამ ორი მატჩის წინ?
- ძირითადი პრობლემა ის არის, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ბევრი ფეხბურთელი თავისი კლუბის ძირითად შემადგენლობაში ვერ თამაშობს.

გიორგი ქვილითაიამ ნაკრებში შოტლანდიასთან რომ ითამაშა, მას მერე თითქმის ერთი თვე გავიდა და გორის "დილაში" მეტწილად შეცვლებზე თამაშობს. "დილას" ხელმძღვანელობას ვთხოვე, მეორე გუნდის ძირითადში მაინც ეთამაშებინათ. ასეც მოხდა - "დილას" მეორე გუნდმა თბილისის "ლოკომოტივს" 4:3 მოუგო და ოთხივე გოლი ქვილითაიამ შეაგდო.

მამუკა კობახიძეს ტრავმა აქვს, გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი "ვიტესის" სასტარტოში არ იყვნენ... ისე კი, ყაზაიშვილმა მართლაც ჩინებული გოლი გაუტანა "აიაქსს".

ნიკა კვეკვესკირი და თედორე გრიგალაშვილი დისკვალიფიცირებულები არიან და ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტს ვთხოვე, დუბლებში თამაშის ნება დართონ. გიორგი პაპავა "დინამოს" ძირითადში არ იყო, დავით სხირტლაძეც ვერ ხვდება "ორჰუსის" სასტარტოში...

- შოტლანდიას თბილისში კი მოუგეთ, თუმცა სენტ-მირენში, ალბათ, სულ სხვა თამაში იქნება...
- ასეა, მძიმე მატჩი გველის, შოტლანდია ცუდი გუნდი ნამდვილად არ არის. ცხრილს თუ ჩავხედავთ, ჩვენ და შოტლანდიას ერთნაირი ქულები გვაქვს და სატურნირო მდგომარეობის თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იქნება. თბილისში პენალტი ვერ გავუტანეთ, მერე შეგვიტიეს და ბოლო წუთებში შტურმიც კი მოგვიწყვეს.

თუ შოტლანდიაში წარმატებით ვითამაშებთ და მერე გორში სლოვაკებს დავამარცხებთ, ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის კარგი შანსი გაგვიჩნდება.

შოტლანდიაში სტამბოლის გავლით 11 ნოემბერს ჩავალთ. მეტოქეზე ინფორმაცია გვაქვს, მათ შორის - ვიდეოჩანაწერებიც.

- სათუო იყო ჯანო ანანიძის ჩამოსვლა ამ სანაკრებო შეკრებაზე...
- ანანიძე ჩამოვა. 8 ნოემბერს რუსეთში ტურია და ამის მერე ჩვენთან იქნება.

- 18 ნოემბერს სლოვაკებთან გორში რომაა თამაში, ამ იდეას თქვენც დაუჭირეთ მხარი?
- გორში კარგი მინდორია და სხვა მხრივაც ნორმალური პირობებია. ისიცაა, რომ 13, 15 და 18 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები თბილისში ევროშესარჩევის მატჩებს გამართავს და დედაქალაქში მოედნები დაკავებული იქნება.

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გორში ბევრი ქომაგი მოვა ჩვენი ახალგაზრდულის მხარდასაჭერად. პირველად არ ხდება, 21-წლამდელები თბილისში რომ არ თამაშობენ. გახსოვთ, ალბათ, ზესტაფონში თურქეთი 4:0 რომ დაამარცხეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული