ევროპის 17 და 19-წლამდელთა ჩემპიონატები. წილისყრა: იღბალიც და უიღბლობაც

AutoSharing Option
28 ნოემბერს უეფას შტაბბინაში წილისყრის დღე იყო. 17 და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი ეტაპები დასრულდა და ელიტრაუნდის ჯერი დადგა.

საქართველოს ორივე ასაკის ნაკრებმა თბილისში ითამაშა და ეს ბარიერი წარმატებით დასძლია. სწორედ ელიტრაუნდის მეტოქეთა გარკვევას ველოდით...

...და გაირკვა კიდეც.

აშკარად არ გაუმართლათ ნოდარ აკობიასა და მის გუნდს. 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის V ჯგუფში ჩვენი მეტოქეები გერმანია, სერბეთი და ირლანდია იქნებიან. ტურნირს მომავალი წლის 26, 28 და 31 მარტს სერბეთი უმასპინძლებს.

სერბეთი და გერმანია ასაკობრივ ნაკრებებში მუდამ ფავორიტები არიან, თუმცა არანაკლებ ძლიერია
ზოგიერთი სხვა ჯგუფიც. მაგალითად, I კვარტეტში მოხვდნენ ესპანეთი, შვეიცარია, რუსეთი და უელსი; III - ჰოლანდია, საფრანგეთი, ავსტრია, შვედეთი; IV - ინგლისი, იტალია, ჩეხეთი, ალბანეთი; VI - რუმინეთი, შოტლანდია, ბელგია და ბოსნია.

ასე რომ, სუსტ ჯგუფში მოხვედრა გამორიცხული იყო.

* * *
19-წლამდელთა ნაკრები, როგორც ვწერდით, პირველ კალათაში იყო განთესილი (საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაჩვენები შედეგებით ევროპულ რეიტინგში სულაც მეოთხე ადგილზე იმყოფებოდა).

და ეს იმ ქვეყნის 19-წლამდელთა გუნდია, რომლის ეროვნულ ნაკრებს ფიფას რეიტინგში 101-ე პოზიცია უკავია, უეფას ანალოგში კი - 32-ე.

სწორედ ამის გამო ვასილ მაისურაძის გუნდი ავტომატურად ასცდა გამოკვეთილ ფავორიტებს - ინგლისს, ჩეხეთს, სერბეთს, ესპანეთს, რუსეთსა და პორტუგალიას.

წილისყრის შედეგად, საქართველო III ჯგუფში ისრაელთან, შვეიცარიასა და კვიპროსთან ერთად მოხვდა. მომავალი წლის 25, 27 და 30 მაისს მატჩებს შვეიცარია უმასპინძლებს.

ვფიქრობთ, მაისურაძის ნაკრები შესაძლო ვარიანტებიდან ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ჯგუფში მოხვდა. აგერ, გადახედეთ ძლიერ ჯგუფებს:

I - ინგლისი, უკრაინა, ჩერნოგორია და შოტლანდია
II - ჩეხეთი, იტალია, შვედეთი და ბულგარეთი
V - ესპანეთი, გერმანია, დანია და ლიტვა
VI - რუსეთი, ავსტრია, ნორვეგია, რუმინეთი
VII - პორტუგალია, ბელგია, საბერძნეთი და უელსი.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 2014 წლის 19-31 ივლისს უნგრეთი უმასპინძლებს. შესაბამისად, ამ ქვეყნის ნაკრები იქნება მერვე გუნდი, რომელიც ელიტრაუნდის 7 ჯგუფის გამარჯვებულებს შეუერთდება.

* * *
ამას გარდა, დაკომპლექტდა 17 და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მომავალი გათამაშების (2014/15 წლების სეზონის) შესარჩევი ციკლის ჯგუფებიც.

სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ნიონში გამგზავრებამდე განაცხადა - არაფერს დავიშურებთ, ჩვენმა ბიჭებმა შინ რომ ითამაშონო და ასეც მოხდა: ორივე ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს თბილისი უმასპინძლებს.

2014 წლის 26, 28 და 31 ოქტომბერს თბილისში გაიმართება 17-წლამდელების შესარჩევი ეტაპის მატჩები II ჯგუფში. ამ ნაკრებს გოჩა ტყებუჩავა უხელმძღვანელებს. ჩვენი ჭაბუკები არც ისე ძლიერ მეტოქეებთან მოხვდნენ - პოლონეთი, საქართველო, ესტონეთი, ლიხტენშტეინი.

შედარებით ძლიერია კომპანია, რომელშიც 19-წლამდელთა ნაკრები მოხვდა. გიორგი დევდარიანის ბიჭები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს თბილისში, 2014 წლის 8, 10 და 13 ოქტომბერს გამართავენ და მათი მეტოქეები რუმინეთი, კვიპროსი და ჩერნოგორია იქნებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვასილ მაისურაძე: საქართველო შვეიცარიაში როგორც ლიდერი, ისე უნდა ჩავიდეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული