ვასილ მაისურაძე: საქართველო შვეიცარიაში როგორც ლიდერი, ისე უნდა ჩავიდეს

AutoSharing Option
ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში დასრულდა 17 და 19-წლამდელთა ელიტრაუნდის წილისყრა. ცნობილია ყველა ჯგუფი და მასპინძელი ქვეყნების ვინაობა.

წილისყრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი ესწრებოდნენ და მომავალი წლის შემოდგომისთვის, ორივე ასაკში საკვალიფიკაციო ტურნირების თბილისში წამოღება მოახერხეს. ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ. ახლა ელიტრაუნდების წილისყრას მივყვეთ თანმიმდევრობით.

პირველად 17-წლამდელების მეტოქეთა ვინაობა გაირკვა. ნოდარ აკობიას გუნდი მე-5 ჯგუფში მოხვდა გერმანიის, სერბეთისა და ირლანდიის რესპუბლიკის ნაკრებებთან ერთად. ელიტრაუნდის მასპინძელი კი სერბეთი იქნება. ტურნირი 2014 წლის 26-31 მარტს გაიმართება.

ამის შემდეგ კი უკვე 19-წლამდელთა ჯერიც
დადგა. სფფ-ის ოფისში, ტრადიციულად, წილისყრას ერთად უყურეს ნაკრებების მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა. მათთან ერთად იყო სფფ-ის სპორტული დირექტორი - არჩილ არველაძეც.

მოგეხსენებათ, ვასილ მაისურაძის გუნდი პირველ კალათაში იყო განთესილი. ჩვენი 19-წლამდელები მე-3 ჯგუფში მოხვდნენ ისრაელის, შვეიცარიისა და კვიპროსის ნაკრებ გუნდებთან ერთად. ჯგუფის მასპინძელი შვეიცარია იქნება. ელიტრაუნდი 25-30 მაისს გაიმართება.

როგორც სფფ-ის პრეზიდენტმა - ზვიად სიჭინავამ გვითხრა, ჩვენი ჯგუფის მონაწილე ყველა ქვეყანას ჰქონდა ჯგუფის მასპინძლობაზე პრეტენზია და ვინაიდან ქვეყნებმა სამუშაო შეხვედრაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მასპინძლის ვინაობა ბრმა კენჭისყრით გადაწყდა.

წილისყრით კმაყოფილები დარჩნენ ნაკრების ფეხბურთელები.

ნიკა ჭანტურია (19-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი): "ვთვლი, რომ წილისყრაში გაგვიმართლა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ. პირიქით, ეს ისეთი ჯგუფია, რომ საქართველოს ნაკრები ლიდერი უნდა იყოს და ჩვენ ამას დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. მთავარია, კარგად მოვემზადოთ და მერე ჩვენებური შემართებითა და ბრძოლით შევძლოთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა."

საქართველოში არ იმყოფება 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ვასილ მაისურაძე, რომელიც ჰოლანდიაშია მწვრთნელთა ლიცენზირების სემინარზე. პირველი შთაბეჭდილებები 19-წლამდელთა თავკაცმა სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში დააფიქსირა.

ვასილ მაისურაძე: "ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ მეც და ბიჭებსაც ჯგუფში გერმანია არ გვინდოდა და ამის შანსი იყო, ვინაიდან ჩვენ პირველ კალათაში ვიყავით. ისეთი ჯგუფია, სადაც გამოკვეთილი აუტსაიდერი არ არის და სწორედ ამიტომ საქართველო შვეიცარიაში როგორც ლიდერი, ისე უნდა ჩავიდეს.

ისრაელის ნაკრებთან ჩვენ ნათამაშები გვაქვს და მეტ-ნაკლები წარმოდგენაც გაგვაჩნია. კვიპროსზეც ვერ იტყვი, რომ ეს გუნდი აუტსაიდერი იქნება. აი, შვეიცარიას კი ყოველთვის კარგი ასაკობრივი ნაკრებები ჰყავს. ამიტომ ვთვლი, რომ ელიტრაუნდზე ჩვენი ძირითადი მეტოქე შვეიცარია იქნება.

რა თქმა უნდა, იოლი თამაშები არ გვექნება, მაგრამ იმ შემართებით, რაც ჩვენს გუნდს გააჩნია, ჩვენ ყველა ბარიერის გადალახვა შეგვიძლია. ბიჭებს არც მონდომება აკლიათ და არც ბრძოლისა და შრომის უნარი. ასე რომ, ვნახოთ... შვეიცარიაში ლიდერისთვის საჭირო შემართებით ჩავალთ და ჯგუფიდან გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ."


სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვუერთდები ამ ოპტიმიზს: მართლა ძლიერი მწვრთნელია ვასილ მაისურაძე, საქმით დაამტკიცა უკვე და თანაც არაერთხელ! ახალგაზრდა თაობის ბიჭებსაც გაცილებით მეტი პატრიოტიზმი, დისციპლინა და თავმოყვარება აქვთ, ვიდრე უფროსი ასაკის ფეხბურთელებს. ასე რომ, თანდათანობით ამ ყველაფერმა რეალური შედეგი უნდა მოიტანოს!!!
ბადრი
13:41 29-11-2013
0
გააზრებულ და ლამაზ ფეხბურთს აჩვენებენ მაისურაძის ბიჭები, წარმატებებს უსურვებ. გაიხარეთ და გაახარეთ სრულიად საქართველო.
kaxaberi
13:12 29-11-2013
0

სიახლეები პოპულარული