პოლონეთისაკენ! - ახალგაზრდულ ნაკრებს კვლავ ალექსანდრე ჩივაძე გაწვრთნის

AutoSharing Option
ხუთშაბათს, 5 თებერვალს, თბილისის დროით 12 საათზე, შვეიცარიულ ნიონში ევროპის 2017 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგება. რა თქმა უნდა, პოლონეთში მოსახვედრად, სხვებთან ერთად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიც იბრძოლებს.

იმთავითვე ვთქვათ, რომ ჩვენი გუნდის შანსები ახლა უფრო დიდია, ვიდრე აქამდე იყო. საქმე ისაა, რომ ფინალურ ეტაპზე არა 8, არამედ 12 ნაკრები იასპარეზებს.

2 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გვითხრეს, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს კვლავ ალექსანდრე ჩივაძე უთავკაცებს. სანამ მომავალზე ვიტყოდეთ, წარსულზე ვთქვათ - მიმოვიხილოთ ევროპის ჩემპიონატის წინა შესარჩევ ციკლში საქართველოს ახალგაზრდული
ნაკრების მიერ ნაჩვენები შედეგები.

ჰოლანდიის, სლოვაკეთის, შოტლანდიისა და ლუქსემბურგის კომპანიაში ჩვენმა 21-წლამდელებმა ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავეს.

იმ ციკლში კარგიც იყო და ცუდიც. გვახსენდება საშინაო მოგება შოტლანდიასთან (2:1) და ძალიან გასახარი წარმატება ჰოლანდიაში (1:0). ისიც გვახსოვს, როგორ უმწეოდ ვითამაშეთ შინ იმავე ჰოლანდიასთან (0:6) და როგორ დავთმეთ მოსაგები მატჩი სლოვაკეთთან...

ახლა უფრო დაწვრილებით ვთქვათ წილისყრის ფორმატის შესახებ. სულ იქნება 9 ჯგუფი - 2 ხუთგუნდიანი და 7 ექვსგუნდიანი. პირველ ადგილზე გასული ნაკრებები პირდაპირ მოხვდებიან ევროპის ჩემპიონატზე. ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი კი პლეი ოფის პრინციპით გამოავლენს კიდევ ორ ნაკრებს, რომელიც ასევე გაემგზავრება ევროპის ჩემპიონატზე. ამით გროვდება 11 ნაკრები, რომელსაც მასპინძელი პოლონეთი დაემატება.

უეფამ უკვე დაადგინა მატჩების გამართვის თარიღები.
2015 წელი: 23-31 მარტი, 8-16 ივნისი, 31 აგვისტო-8 სექტემბერი, 5-13 ოქტომბერი, 9-17 ნოემბერი;
2016 წელი: 21-29 მარტი, 29 აგვისტო-6 სექტემბერი, 3-11 ოქტომბერი.

წილისყრის წინ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 52 ევროპული ნაკრები უკვე დაანაწილა კალათების მიხედვით.

კალათა 1: ესპანეთი, ინგლისი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ჩეხეთი, პორტუგალია, ჰოლანდია, დანია.
კალათა 2: რუსეთი, შვეიცარია, შვედეთი, სერბეთი, ისრაელი, უკრაინა, სლოვაკეთი, რუმინეთი, ბელგია.
კალათა 3: თურქეთი, სლოვენია, ავსტრია, საბერძნეთი, შოტლანდია, ხორვატია, ნორვეგია, სომხეთი, ჩერნოგორია.
კალათა 4: ფინეთი, უელსი, უნგრეთი, ისლანდია, ბოსნია, საქართველო, მოლდოვა, ირლანდია, ბელორუსი.
კალათა 5: ბულგარეთი, კვიპროსი, მაკედონია, ლიტვა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ალბანეთი, ლატვია, ესტონეთი.
კალათა 6: ფარერები, ჩრ. ირლანდია, ლუქსემბურგი, მალტა, სან მარინო, ანდორა, ლიხტენშტაინი.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო ევროშესარჩევ ციკლში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს შეუძლია დაეყრდნოს მხოლოდ 1994 და შემდეგ წლებში დაბადებულ ფეხბურთელებს.

მართალია, უეფამ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ახალგაზრდული ნაკრებების რაოდენობა გაზარდა, მაგრამ საქართველოს ნაკრებს მაინც ძალიან გაუჭირდება კონტინენტის უმთავრეს ახალგაზრდულ ფორუმზე მოხვედრა. თავადაც ხედავთ - ევროშესარჩევის გზა რთული და ჩახლართულია.

რაც შეეხება ევროპის 2015 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატს, ის 17-30 ივნისს ჩეხეთში გაიმართება. ამ ტურნირში ჩვენი კონტინენტის 8 საუკეთესო ახალგაზრდული ნაკრები ითამაშებს - გერმანია, დანია, ჩეხეთი, სერბეთი, იტალია, პორტუგალია, ინგლისი და შვედეთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვაი ტქვენს პატრონს ჩივადზეს დანიშვნისატვის
vini
09:37 06-02-2015
0
ყველაზე წარმატებული ქართველი მწვრთნელი მაისურაძეა და....
ზაზა
20:30 03-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული