იმედია, საქართველოში კიდევ ჩამოვალ - ჟოაო პინტუს ერთი ნაბიჯი

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრების "ოქროს თაობა" უდავოდ გამორჩეული იყო ამ ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში. მართალია, იმ თაობამ დიდი ტიტულები ვერ მოიგო, მაგრამ განუმეორებელი ფეხბურთით მილიონობით ქომაგის სიმპათია მოიხვეჭა.

იმ თაობას არ აკლდა ვარსკვლავები - ფიგუ, რუი კოშტა, ვიტორ ბაია... იმ დროის გამორჩეული ვარსკვლავთაგანი გახლდათ ჟოაო მანუელ ვიეირა პინტუ, ვისაც პორტუგალიაში "ბოავიშტას", "ბენფიკას", "სპორტინგისა" და "ბრაგას" ღირსება დაუცავს. მას არ ჰქონია თვალისმომჭრელი კარიერა თავისი ქვეყნის გარეთ, თუმცა პორტუგალიის ნაკრებისთვის შეუცვლელი შემტევი გახლდათ და ნაკრებში ჩატარებულ 81 შეხვედრაში 23 გოლი შეაგდო.

პინტუ თბილისში ახლავს პორტუგალიის
ცხრამეტწლამდელთა ნაკრებს. "ლელოს" საშუალება მიეცა, მასთან ინტერვიუ ჩაეწერა.

- პირველ რიგში, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში! საინტერესოა, რა თანამდებობა გიკავიათ პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრებში?
- ფეხბურთის ფედერაციაში ერთ-ერთი დირექტორის პოსტზე ვმუშაობ. ამ ფორმატით ვარ პორტუგალიის 19-წლამდელებთან ერთად.

- რას იტყვით, მოგწონთ თქვენი გუნდი? ფაქტია, მათ თურქეთთან შთამბეჭდავად ითამაშეს...
- ანგარიში თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე, თუმცა მაინც ვიტყვი, რომ არ იყო იოლი თამაში.

- ჯგუფის ფავორიტ ესპანეთთან მატჩს რა განწყობით ელით?
- ჯერ ჩვენ უნდა ვითამაშოთ საქართველოსთან (ინტერვიუ ჩაწერილია პორტუგალია-თურქეთის I ტურის მატჩის შემდეგ - რედ). მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებთ ესპანეთზე. ფაქტია, ყველაფერი უშუალოდ მინდორზე გადაწყდება.

- როგორ ფიქრობთ, ამ 19-წლამდელებიდან ბევრი მოხვდება ეროვნულ გუნდში?
- იქამდე ჯერ დიდი გზაა. ამ ეტაპზე ბიჭების თამაშში ჯერ კიდევ არის ხარვეზები, თუმცა ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი. მთავარია, რაც შეიძლება, მეტი საერთაშორისო მატჩი ჩავატაროთ.

- თბილისი მოგეწონათ?
- საქართველოში პირველად ვარ და იმედი მაქვს, კიდევ ჩამოვალ აქ. ჯერ ბევრი რამ ვერ ვნახე, მაგრამ თუნდაც ჩვენი სასტუმროს ირგვლივ მშვენიერი ხედია...

- რამდენად კმაყოფილი ხართ ელიტრაუნდის ორგანიზაციული მხარით?
- ყველაფერი მომწონს. უეფა ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, სხვადასხვა ქალაქში რომ ატარებს ასეთ ტურნირებს. ეს ფეხბურთის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

- საინტერესოა, რატომ არ სცადეთ უცხოეთში კარიერის აწყობა?
- მქონდა ამის შანსები, თუმცა არ ვნანობ არაფერს. რომ წავსულიყავი, შესაძლოა, ისე ვეღარ გამოვდგომოდი ნაკრებს. მე პორტუგალიაში ყველაფერი მქონდა - ხალხის სიყვარული, დაფასება...

- პორტუგალიის "ოქროს თაობაზე" გკითხავთ. რატომ ვერ მოიგო ამ თაობამ ვერცერთი საერთაშორისო ტიტული?
- სულ ერთი ნაბიჯი გვაკლდებოდა. ალბათ, გახსოვთ თუნდაც ევრო 2004... რას ვიზამთ, ასე იყო. იმ ერთი ნაბიჯის გადადგმას ვერა და ვერ ვახერხებდით.

- იმ ნაკრებში ვინ იყო თქვენი საუკეთესო პარტნიორი?
- უხერხულიც კია, ვინმე გამოვარჩიო. ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით, უახლოესი მეგობრები ვიყავით. ბედნიერი ვარ, რომ ისეთი ფეხბურთელების გვერდით ვითამაშე, როგორებიც იყვნენ ფიგუ, რუი კოშტა... სხვებიც...

- ვინ იყო საუკეთესო იმათგან, ვის წინააღმდეგაც გითამაშიათ?
- ზინედინ ზიდანი. ის უდიდესი ფეხბურთელი იყო.

- პორტუგალიური ფეხბურთის ისტორიაში, ჯერჯერობით, სამი უმთავრესი ვარსკვლავია - ეუსებიო, ფიგუ და კრიშტიანო რონალდო. რომელი მათგანია პორტუგალიაში ყველაზე პოპულარული?
- კრიშტიანო რონალდო.

- ვინ იყო საუკეთესო მწვრთნელი იმათგან, ვისთანაც გიმუშავიათ?
- ამჟამად ფედერაციის ერთ-ერთი დირექტორი ვარ და ჩემგან უხერხული იქნება გამორჩევა. ვისთანაც არ მიმუშავია, იმათგან ჟოზე მოურინიოს გამოვყოფ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა გემტრიელი ნაკრები იყო...
0
ჟოაო!
portugal
18:17 01-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული