U17. ლუკა გუგეშაშვილი: უკრაინასთან თამაშს საბრძოლო განწყობით ვხვდებით

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ბელორუსში მიმდინარე "განვითარების თასზე" თამაშობს. ვასილ მაისურაძის შეგირდებმა ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში მოლდოვის ნაკრები 5:4 დაამარცხეს, მერე კი ფინეთთან 0:1 წააგეს.

ფინეთთან მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. იყო გაწევ-გამოწევა, არბიტრის ბევრი საეჭვო გადაწყვეტილება, ჩვენს კარში უსამართლოდ დანიშნული პენალტი, რომელიც ჩინებულად მოთამაშე ლუკა გუგეშაშვილმა აიღო...

ახლა საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დღევანდელი მატჩისათვის ემზადება. ამ შეხვედრაში ჩვენს გუნდს აუცილებლად სჭირდება გამარჯვება.

"ლელო" მინსკში დაუკავშირდა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილს და ტურნირის პირველი ორი მატჩის შეფასება სთხოვა.

"პირველი თამაში, როგორც იცით, მოლდოვასთან გვქონდა. ეტყობა, სათანადოდ ვერ შევაფასეთ მოწინააღმდეგე. ისე წავიდა თამაში, რომ 1:3-ს ვაგებდით. მერე, როგორც ეს ჩვენს ნაკრებს სჩვევია, "შემოვატრიალეთ" შეხვედრა. ჩვენი გამარჯვება კანონზომიერი იყო...

რაც შეეხება ფინეთთან მატჩს, ძალიან დაძაბული თამაში გამოვიდა. ჯარიმიდან გაგვიტანეს ფინელებმა. ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა. 0:0-ზე ოთხი-ხუთი ასპროცენტიანი მომენტი შევქმენით. ერთხელ ცარიელ კარსაც ავაცილეთ ბურთი...

ჩვენს კარში დანიშნულ 11-მეტრიანზე კი გეტყვით, რომ ვგრძნობდი, ავიღებდი. თამაშის დასრულებამდე ჯერ კიდევ იყო დრო დარჩენილი. არბიტრმა 5 წუთი დაამატა... რას ვიზამთ, ფეხბურთი ემოციური სპორტია. ემოციებში ვიყავით ბიჭები. ხშირი იყო კამათი, თან მოწინააღმდეგე უხეშობდა...

რაც შეეხება უკრაინასთან მატჩს, ამ თამაშს საბრძოლო განწყობით ვხვდებით. ჯერ კიდევ არის ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შანსი და ბოლომდე ვეცდებით მის გამოყენებას...

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს ტურნირი ელიტრაუნდისთვის მოსამზადებელი ეტაპია. შედეგი თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ პირველი რიგის ამოცანა მაინც ის არის, რომ კარგად მოვემზადოთ ელიტრაუნდისთვის", - გვითხრა პოლონური "იაგელონიას" კარის დარაჯმა.

მარტში გასამართავ თბილისურ ელიტრაუნდში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები იტალიის, რუსეთისა და ბოსნიის ნაკრებები იქნებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გადამწყვეტ მატჩს როგორც წესი ვაგებთ.
assa
15:29 21-01-2016
0

სიახლეები პოპულარული