შუქურა-სიონი 0:0 - თუ ვერ გაიტან...

AutoSharing Option
ამ შეხვედრას ბოლნისის "სიონისთვის" დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ვარლამ კილასონიას გუნდი "ჩელე არენას" ოპტიმალური შემადგენლობით ეწვია. ბოლნისელები ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვიან.

მატჩამდე ისინი კიდევ ორი მოთამაშით გაძლიერდნენ - ქობულეთში ითამაშეს ახალწვეულებმა, ცენტრალურმა მცველმა ზურაბ ჯაფიაშვილმა და პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ლუის ალბერტო მედინამ. პირველი - მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაც გახლდათ...

კილასონიას გაწვრთნილებმა წარმატებული სტარტის გაგრძელება ვერ შეძლეს. მიზეზი საგოლე მომენტების რეალიზაციის ცუდი მაჩვენებელია. პირველივე წუთებზე მასპინძელთა კარის აღება ირაკლი გოგინაშვილს შეეძლო, თუმცა მეკარე აზამატ ჯიოევს ვერ აჯობა.

რამდენიმე წუთში, ლაშა გვალიას საჯარიმოს შემდეგ, ჯაფიაშვილმა
მიზანს მცირე მანძილით ააცილა.

მაგრამ ყველაზე რეალური საგოლე მომენტი დიმიტრი ტატანაშვილს ჰქონდა: ლუკა რაზმაძემ ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, მეკარე გამოსვლაზე შეცდა, ბოლნისელთა ბომბარდირმა კი... ბურთი კარს ააცილა. მალევე, მისი დარტყმის შემდეგ, ქობულეთელთა კარი ძელმა იხსნა.

დაწინაურება თემურ შალამბერიძის გუნდსაც შეეძლო, თუმცა ელგუჯა ლობჯანიძემ გამოცდილ მეკარე მირზა მერლანს ვერ აჯობა.

მეორე ტაიმი უფრო დაბალ ტემპში წარიმართა, მიუხედავად იმისა, რომ ქობულეთში მშვენიერი საფეხბურთო ამინდი იდგა. ბოლოს, შეტევებით გართულ ბოლნისელებს მასპინძელთა კონტრშეტევა გაეპარათ, მაგრამ გრიგოლ დოლიძემ შანსით ვერ ისარგებლა და თამაში ასეც მორჩა - 0:0.

მატჩის შემდეგ
ვარლამ კილასონია (სიონი):
"ვიცოდით, რთული თამაში რომ გვექნებოდა. ამისთვის ბიჭებიც სათანადოდ იყვნენ განწყობილები. მიუხედავად ამისა, დღეს კარის აღება ვერ შევძელით. პირველი ორი ტურის შემდეგ დავრწმუნდი, რომ სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს.

საგოლე მომენტების რეალიზება გვიჭირს. სამწუხაროდ, დღესაც იგივე განმეორდა. არ შეიძლება, გუნდმა ამდენი მომენტი ვერ გამოიყენოს. მთლიანად თამაშითაც არ ვარ კმაყოფილი, თუმცა ბიჭებს მონდომება არ დაუკლიათ.

მომდევნო თამაში "საპოვნელასთან" გვაქვს, რომელმაც დღეს წააგო და მდგომარეობა გაიუარესა, ამიტომ ბოლნისიდან 3 ქულის წასაღებად თავს არ დაზოგავს და ეს უნდა გავითვალისწინოთ".

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVII ტური
27.02. ქობულეთი. "ჩელე არენა"
შუქურა-სიონი 0:0
შუქურა: ჯიოევი, ბრაჭული, მალანია, გეგეჭკორი, პუკანიჩი (66. ურიდია), ჩალაძე, გეწაძე (46. დოლიძე), თარხნიშვილი, მოსიაშვილი, კომახიძე, ლობჟანიძე (79. კაკალაძე).
სათადარიგოები: სტურუა, ტაკიძე, ჩაჩუა, კერძევაძე
მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
სიონი: მერლანი, ფოფხაძე (73. შულაია), კილასონია, გურეშიძე, რაზმაძე, გვალია, გაფრინდაშვილი, ჯაფიაშვილი, გოგინაშვილი (66. ლუის ალბერტო), მანჯგალაძე (66. გოგობერიშვილი), ტატანაშვილი.
სათადარიგოები: ნანიევი, სვანიძე, საჯაია, კობახიძე
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
გაფრთხილება: ბრაჭული (48), ჯაფიაშვილი (50), შულაია (74)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი

ბომბარდირები:
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 15
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 13
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 10
ი. სიხარულიძე (სამტრედოა) 10
დ. ტატანაშვილი (სიონი) 10
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 10

XIX ტური
6 მარტი, კვირა
დინამო (თბ)-მერანი
გურია-ლოკომოტივი
ტორპედო-დინამო (ბთ)
სიონი-საპოვნელა
ცხინვალი-დილა
შუქურა-კოლხეთი
ჩიხურა-ზუგდიდი

7 მარტი, ორშაბათი
სამტრედია-საბურთალო.

სერგო კორძაია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული