ამრიგად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია გეგუჩაძის დებიუტი წარმატებული გამოდგა.
ანგარიში მე-10 წუთზე, შორი მანძილიდან ბრწყინვალე მოჭრილი დარტყმით გიორგი ხარაიშვილმა გახსნა.
შეხვედრის 33-ე წუთზე საჯარიმოში ნიკა კაჭარავას წაქცევის გამო პენალტი დაინიშნა, რომელიც თავად ნიკამ ზუსტად შეასრულა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 4 წუთში კაჭარავამ ბაჩანა არაბულის ეფექტური თამაშისა და პასის შემდეგ, დუბლი გაიფორმა.
საბოლოო ანგარიში კი ლევან შენგელიამ, რომან ჭანტურიასთან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, 81-ე წუთზე დააფიქსირა. არადა, შენგელიას მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა ჯერ მისი ფეხით დარტყმული მოხვდა ხარიხას, შემდეგ კი დამატებული თავური - ძელს.
ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 9 ქულა დაუგროვდა და მე-4 ადგილზეა. გია გეგუჩაძის გუნდი შესარჩევ ციკლში მომდევნო შეხვედრას 3 ივნისს, სტუმრად შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მანამდე კი 28 მარტს, ზესტაფონში, ამხანაგურად უკრაინას გაეჯიბრება.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სან მარინოსთან ამ შემადგენლობით ითამაშა: ქურდაძე, გეგეჭკორი, დვალი, ცნობილაძე, აბურჯანია, გოროზია (72, შენგელია), არაბული, კაჭარავა (66, ჭანტურია), თევზაძე, კიტეიშვილი (80, ფონიავა), ხარაიშვილი.