"ეს თაობა დაანგრევს მითს, თითქოს ქართველებმა არ იციან ფეხბურთის თამაში"

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ბულგარეთიდან დაბრუნდა, სადაც "უეფას განვითარების თასზე" ითამაშა.

გურამ ასპინძელაშვილის
შეგირდებმა სამივე მატჩი წააგეს (ბულგარეთთან, რუმინეთთან და ხორვატიასთან), მაგრამ ამ ეტაპზე შედეგი, ალბათ, მთავარი არ არის. შედეგი მთავარი მაშინ იქნება, როცა საქართველოს ნაკრები 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ციკლში ჩაებმება.

გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გურამ ასპინძელაშვილმა, ვინც ამ პოსტზე ვასილ მაისურაძე შეცვალა, შეგირდები პირველად ნახა საქმეში.

"ლელო" საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს ესაუბრა...

- ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებული ტურნირი იყო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას იმისთვის,
რომ ასეთი დონის შეჯიბრებაში მოვახერხეთ მონაწილეობის მიღება.

ჩემთვისაც და მთლიანად გუნდისთვისაც ძალიან სასარგებლო ტურნირი იყო. ამ გუნდის 80-90 პროცენტს არ ჰქონდა საერთაშორისო მატჩებში ასპარეზობის გამოცდილება. ბიჭებმა თავად დაინახეს, რომ საქართველოს პირველობას, დუბლების ჩემპიონატს, მოკლედ, საშინაო და საგარეო შეჯიბრებებს შორის სხვაობა არის ძალიან დიდი. იქ სხვა მოთხოვნებია, სხვა სისწრაფეებია...

რა თქმა უნდა, ტურნირის შედეგი ჩვენთვის ვერ არის სახარბიელო, მაგრამ ამ ასაკში ჩვენ პირველად გავედით საზღვარგარეთ და აქედან გამომდინარე, მთავარი იყო, ფეხბურთელები უშუალოდ გვენახა საქმეში.

თამაშის ხარისხი მთელ რიგ შემთხვევებში კარგი იყო. დარწმუნებული ვარ, თანდათან მოვა შედეგიც. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ ამ ბიჭებში დიდ პერსპექტივას ვხედავ.

- მოდით, ცალ-ცალკე ვისაუბროთ საქართველოს ნაკრების თითოეულ მატჩზე...
- პირველი შეხვედრა ბულგარეთთან გვქონდა. ჩემი დაკვირვებით, მასპინძლებს ამ ტურნირზე ყველაზე ათლეტური გუნდი ჰყავდათ. თავიდანვე დავწინაურდით და უპირატესობაც გვქონდა. 8 წუთი იყო დარჩენილი შეხვედრის ბოლომდე, როცა გაგვიტანეს გოლი და მატჩის გამარჯვებული თერთმეტმეტრიანების სერიაში გაირკვა.

აქ, ერთი შეხედვით, მცველების შეცდომაზეც შეიძლება ვთქვათ, მაგრამ მე ვფიქრობ, შეცდომების უმეტესობას მაინც გუნდური ხასიათი აქვს. ახლაც ასე იყო - დაცვაში ჩასვლა დავაგვიანეთ, არ ვიდექით სწორად.

მთლიანობაში, ბულგარეთთან სათამაშო ინიციატივა ჩვენი იყო. ეგ იყო, მასპინძლებმა ორთაბრძოლებში გვაჯობეს. დანარჩენ კომპონენტებში ჩვენ უკეთ გამოვიყურებოდით...

მომდევნო მეტოქედ რუმინეთის ნაკრები გვყავდა. როგორც იცით, მინიმალური ანგარიშით დავმარცხდით. თამამად ვიტყვი, რომ 90 წუთის განმავლობაში მინდორზე ჩვენი თამაში მიდიოდა.

ერთადერთი შეცდომა დავუშვით, რაც გოლად დაგვიჯდა. არადა, რამდენიმე აშკარა საგოლე მომენტი გვქონდა...

ბოლო შეხვედრაში 2:3 წავაგეთ ხორვატიის ნაკრებთან. სხვათა შორის, ეს მატჩი თბილისის დროით დილის 9 საათზე დაიწყო. ბიჭები 6 საათზე ადგნენ, გამოუძინებლები იყვნენ. არ იყო გასაკვირი, რომ ძალიან ცუდად დავიწყეთ თამაში და სამი ბურთით ჩამოვრჩით. მერეღა მოვახერხეთ თამაშში გარდატეხის შეტანა და ორი ბურთიც გავიტანეთ. სამწუხაროდ, პენალტი გაგვიცუდდა და თამაშის გადარჩენა ვეღარ მოვახერხეთ.

- რა იყო ის მთავარი, რაც ამ ტურნირმა მისცა საქართველოს ნაკრებს?
- მთავარი ის იყო, რომ ბიჭები ვნახეთ ყველა სიტუაციაში. მათ ხასიათი გამოავლინეს, თუნდაც იმ მომენტში, როცა თითქმის უიმედოდ ვმარცხდებოდით ხორვატიასთან.

- გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს იყო თქვენი პირველი გასვლა საერთაშორისო ასპარეზზე...
- რა თქმა უნდა, ამანაც თავისი როლი ითამაშა. თქვენ წარმოიდგინეთ, ხორვატიისა და რუმინეთის ნაკრებების მწვრთნელებმა თქვეს, ეს ჩვენთვის მეშვიდე ტურნირიაო. აქ არ ითვლება პატარ-პატარა ვოიაჟები, ვთქვათ, ხორვატია ორი დღით რომ გადავა ავსტრიაში, იქაურ ნაკრებთან რომ ითამაშებს და ასე შემდეგ.

- როგორ წარმოაჩინეს თავი იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც ამ ნაკრებს წინა 17-წლამდელებიდან შემორჩნენ - ივანიაძემ, დავითაშვილმა და ხარაბაძემ? ხომ არ იგრძნობოდა მათი მხრიდან გარკვეული მოდუნება?
- მივხვდი კითხვის არსს. იმის მიუხედავად, რომ ეს ბიჭები წინა ფორმაციის 17-წლამდელთა ნაკრების ძირითადი ფეხბურთელები იყვნენ, არანაირი მოდუნება და "ცალი ფეხით" თამაში არ ყოფილა. პირიქით, მე ვიგრძენი ამ ბიჭების წყურვილი, თავი დაიმკვიდრონ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში.

- როგორია თქვენი უახლოესი გეგმები?
- მაისში უკრაინაში გაიმართება ვიქტორ ბანიკოვის სახელობის თასის გათამაშება და ამ ტურნირზე ვითამაშებთ. ასევე ვითამაშებთ პოლონეთის საერთაშორისო ტურნირზე.

- საინტერესოა თქვენი ზოგადი შეფასება: როგორი თაობა მოდის?
- პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არის ძალიან კარგი თაობა, რომელიც დაანგრევს ბოლო დროს გავრცელებულ მითს იმაზე, თითქოს ქართველებმა არ იციან ფეხბურთის თამაში. ეს არის თაობა, რომელსაც გენში აქვს ქართული ფეხბურთი. ჩვენ შეგვიძლია, ამ ბიჭების დიდი იმედი გვქონდეს. რა თქმა უნდა, საუბარი მაქვს 2000-2001 წლებში დაბადებულებზე.

- თუ არიან თქვენთვის საინტერესო ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ამ ეტაპზე უცხოეთში თამაშობენ?
- რა თქმა უნდა, არიან. ბულგარული ტურნირისთვის რომ ვემზადებოდით, ორი ფეხბურთელი გვყავდა მოწვეული უცხოეთიდან - ქუთათელაძე პრაღის "სპარტიდან" და გელაშვილი ფრანგული "ლილიდან". გელაშვილი ბულგარეთშიც წავიყვანეთ და ვათამაშეთ კიდეც.

ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდება. არიან ევროპაში ჩვენთვის საინტერესო ფეხბურთელები და ვალდებულნი ვართ, ისინი მხედველობის არიდან არ გამოგვრჩნენ. ეგ არის, რომ 15-16 წლის ფეხბურთელზე ჭირს ინფორმაციის მოძიება და აქ თქვენი თანადგომის დიდი იმედი გვაქვს. ბულგარეთიდან რომ ჩამოვედი, ერთი-ორი საინტერესო ფეხბურთელის მონაცემები და ვიდეოჩანაწერები დამხვდა. აუცილებლად განვიხილავთ და შანსს მივცემთ ამ ბიჭებსაც.

საერთოდ, თუ ჩანაწერი მაინც არ ნახე, ისე პირდაპირ ძნელია, მოიწვიო ფეხბურთელი.

- მაშ, საქართველოს ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა?
- რა თქმა უნდა! საქართველოს ნაკრებში ითამაშებს ყველა უძლიერესი, ყველა ის ფეხბურთელი, ვინც ღირსი იქნება.

- ბოლოს მკითხველს ვუთხრათ, როდის უწევს ამ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ციკლი?
- ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ციკლი გველის შემოდგომაზე. ჩვენი მეტოქეები იქნებიან ფინეთის, შვედეთისა და ბულგარეთის ნაკრებები. შესარჩევი ეტაპი ფინეთში გაიმართება.

სხვათა შორის, ჩვენს მომავალ მეტოქე ბულგარეთს უკვე ვეთამაშეთ და პოლონეთის ტურნირზეც გადაიკვეთება ჩვენი გზები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 20 /
სწორია,ამ თაობას შეუძლია ევოპის ჩემპიონატიც მოიგოს,მხოლოდ გასვლა კი არა,დამიჯერეთ,თუ ყველა ძლიერი ბავშვი შეიკრიბა და დაცვას მიეხედა, მართლაც შეიძლება ყველაფერი მოიგონ.
kaxa
14:08 25-04-2016
0
ძირითადი პრობლემა არის სირბილი და არავინ საუბრობს თუ პოგორ აპირებენ ამ პრობლემის მოგვარებას.
გუჯა კახაძე
14:18 25-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული