U16. საქართველომ ბანიკოვის მემორიალური ტურნირი მოიგო!
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები: ...მაგრამ თაობა უდავოდ ნიჭიერია
ქემოთ 16-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის გურამ ასპინძელაშვილის ინტერვიუს შემოგთავაზებთ...
- უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ წარმატებას. მოდით, ჯერ ზოგადად შევაფასოთ ტურნირი...
- საერთო ტენდენციით დავიწყებ. უკრაინაში ვნახეთ, რომ დიდი სხვაობა არ არის ამ ასაკის ნაკრებებს შორის. მთლიანად ტურნირი კი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. რა თქმა უნდა, გამარჯვება თავისთავად
ხაზგასმით უნდა ვთქვა - დღეს ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ფეხბურთელი, თუნდაც, ის საზღვარგარეთ თამაშობდეს. ამ ასაკში ჭირს ინფორმაციის მოპოვება. არც ის ივარგებს, რომ ფეხბურთელი ჩამოვიყვანოთ შეკრებაზე ისე, რომ მისი თამაში არ გვქონდეს ნანახი.
პირდაპირ გეტყვით - უცხოეთში მოთამაშე ქართველებთან დაკავშირებით, ჟურნალისტების დიდი იმედი გვაქვს. ვგრძნობთ ამ კუთხით თქვენი მხრიდან დიდ თანადგომას და ეს ძალიან გვახარებს. მაგალითად, ერთ-ერთი ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია სწორედ ჟურნალისტებისგან მივიღეთ. ორი ასეთი მოთამაშე უკრაინაშიც გვყავდა, ერთი კი მოსამზადებელ ეტაპზე მოვიწვიეთ.
ჩვენი მთავარი მოვალეობაა, მხედველობიდან არ გამოგვრჩეს სასურველი მოთამაშე. ამისთვის ძალიან ბევრ თამაშს ვესწრებით. უნდა გითხრათ, რომ არის რამდენიმე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი, მაგრამ მათ მომზადება აკლიათ. ნაკრები კლუბი არ არის და აქ ფეხბურთელს ვერ მოამზადებ. ესეც მნიშვნელოვანი პრობლემაა.
- ახლა უშუალოდ საქართველოს ნაკრების უკრაინულ გამოსვლაზე გვიამბეთ...
- ჯერ ჩვენი მეტოქეებიდან დავიწყებ. ერთი შეხედვით, ასაკი პატარაა, მაგრამ ისინი ჩამოყალიბებული ფეხბურთელები არიან. მათ ზუსტად იციან ყველა ტაქტიკური ნიუანსი, მათი ყველა მოძრაობა ბოლომდეა გათვლილი...
ჩვენი პირველი მეტოქე იყო ჩეხეთის ნაკრები - ძალიან ძლიერი გუნდი. ყველაზე მეტად სწორედ მათთან გაგვიჭირდა. 0:0 ვითამაშეთ. თანაბარი ბრძოლა იყო, მომენტები ჩვენც გვქონდა და მათაც. მიმაჩნია, რომ ფრე ლოგიკური შედეგი იყო...
ამის შემდეგ ვეთამაშეთ ლატვიას, რომელსაც აშკარად ეტყობა პროგრესი. არ იყო იოლი თამაში. მეტოქე ძირითადად დაცვაში იჯდა. მთელი თამაშის განმავლობაში ვამწიფებდით გოლს და გავიტანეთ კიდეც. ველოდით შანსს და როცა ეს შანსი გამოჩნდა, გამოვიყენეთ კიდეც. კიდევ ერთხელ უნდა ვქვა, რომ რთული თამაში იყო ლატვიასთან...
ამას მოჰყვა თამაში მოლდოვასთან. ეს მატჩი აუცილებლად უნდა მოგვეგო და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით. სიმართლე გითხრათ, არ დამივალებია ბიჭებისთვის, გინდა თუ არა, თავიდანვე ბევრი გოლი გაიტანეთ-მეთქი. როგორც წესი, ამგვარი დავალება ფეხბურთელს აბნევს. გეგმაზომიერი შეტევები ვარჩიეთ. ჩვენს თამაშში ძალიან ცოტა იყო სპონტანური მომენტები. საბოლოო ჯამში, მოლდოველებს ოთხი უპასუხო გოლი გავუტანეთ...
ამას მოჰყვა ფინალური მატჩი ისრაელთან. ძალიან დაძაბული მატჩი იყო. მეხუთე წუთზე გავხსენით ანგარიში. მერე ქვეცნობიერად დავიწყეთ ფიქრი ანგარიშის შენარჩუნებაზე და გავუშვით გოლი... სხვათა შორის, ეს იყო ჩვენს კარში გასული პირველი გოლი ამ ტურნირზე. მოკლედ, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა და იქ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა.
ტურნირის საუკეთესო მეკარედ ჩვენი გუნდის კარის დარაჯი ბულისკერია დაასახელეს, საუკეთესო მცველად კი - გელაშვილი. ხოლო ყველაზე მეტად იმან გამახარა, რომ ჩვენი ფეხბურთელების ყოველ ნაბიჯში იგრძნობოდა გუნდური სული და ქვეყნის დიდი სიყვარული.
- წეღან თქვით, ბევრი სამუშაო გვაქვსო. კონკრეტულად რა მიმართულებით?
- ერთ კონკრეტულ პრობლემაზე ვერ ვიტყვი. სამუშაო კომპლექსურია. არის ნიუანსები, რომლებშიც უკეთესები უნდა ვიყოთ. ჩვენთვის ყველაზე მთავარი ამოცანაა, კადრები მოვუმზადოთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.
- თქვენს შეგირდებში სანაკრებო პოტენციალს ხედავთ?
- გულწრფელად გეტყვით, ვხედავ ამ პოტენციალს. ამ თაობაში დევს დიდი ნიჭი და ის შესაბამისად უნდა გამოვიყენოთ.
- ხომ გაჩნდა ჩვენი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი უცხოური კლუბებისგან?
- არ დაგიმალავთ, ჩემთან მოვიდა რამდენიმე მენეჯერი. მათ სურთ, რომ ჩვენს ფეხბურთელებთან ითანამშრომლონ. მე მათ ვუთხარი, რომ მიმართონ იმ კლუბებს, სადაც ეს ბიჭები თამაშობენ.
შეიძლება, საკუთარ თავზე ცოტა მეტიც ავიღე, მაგრამ მათ ისიც ვუთხარი - ჩემი ფეხბურთელები დაბალი დონის გუნდებში არამც და არამც არ წავლენ-მეთქი. სიმართლე გითხრათ, მენანებიან ეს ბიჭები რუსეთისა და უკრაინის პირველი ლიგებისთვის.
- ამ ნაკრებს სექტემბერში, ფინეთში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ელის. მასპინძელი გუნდის გარდა, ჩვენი მეტოქეები შვედეთი და ბულგარეთი იქნებიან. აგროვებთ ინფორმაციას მეტოქეებზე?
- რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ვცდილობთ ინფორმაციის მოპოვებას. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ როცა ადგილზე ჩავალთ, ჩვენთვის უცნაურსა და მოულოდნელს არაფერს შევეჯახოთ. ცოტა რთულია, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვე მეტოქის სამზადისს. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ ასაკში ძალიან ხშირად იცვლება გუნდების შემადგენლობები, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არ ჩამოვრჩეთ მოვლენათა განვითარებას.
- შემდეგი ტურნირი როდის ელის ნაკრებს?
- აგვისტოს ბოლოს, პოლონეთში ტარდება წარმომადგენლობითი ტურნირი. ჯერ ის ვიცით, რომ იქ 8 გუნდი ითამაშებს. წესით, მონაწილეთა შორის ფინეთიც უნდა იყოს.
კარგი იქნება, თუ პოლონურ ტურნირამდე ერთ ან ორ ამხანაგურ შეხვედრას მაინც ჩავატარებთ, რათა გუნდი ტონუსში იყოს.
- საინტერესოა, როგორია ნაკრების შიდა სამზარეულო? არის ეს გუნდი ერთი დიდი ოჯახი?
- ნამდვილად არის! უნდა ნახოთ, როგორ მღერიან ბიჭები საქართველოს ჰიმნს. ის კი არა, სასტუმროში რომ მოვიდოდით ხოლმე, მეორე დღეს ჰიმნი რომ უნდა ემღერათ, რეპეტიციას გადიოდნენ. ავტობუსში, თამაშზე რომ მივდიოდით, სულ პატრიოტულ სიმღერებს მღეროდნენ...
შეიძლება, ვინმესთვის ეს არ იყოს მნიშვნელოვანი ფაქტორი, მაგრამ მე სხვანაირად ვფიქრობ. ჩვენს წარმატებაში ძალიან დიდია სწორედ ასეთი განწყობისა და ერთსულოვნების როლი. მომავალშიც ამ გზით უნდა ვიაროთ.
ბედნიერი ვარ, რომ ასეთ გუნდთან, ასეთი მაღალი შეგნების ფეხბურთელებთან მიწევს მუშაობა. ჩვენ არც მომავალში დავზოგავთ თავს იმისთვის, რომ გულშემატკივარი გავახაროთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"