გიორგი ყიფიანი: ფეხბურთი, რომელსაც ვითხოვთ, მხოლოდ ბოლო წუთებში ვითამაშეთ

AutoSharing Option
2017 წელს ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება და, შესაბამისად, ჩვენი ნაკრები ტურნირის ფინალურ ეტაპზე უკონკურსოდაა დაშვებული. ამ ასაკის გუნდს გიორგი ყიფიანი ავარჯიშებს. მის განკარგულებაშია 18-წლამდელთა ნაკრები, რომელიც საგაისო ტურნირისთვის აქედანვე ემზადება.

ყიფიანის გაწვრთნილებმა 2 და 4 ივნისს თბილისში ორჯერ ითამაშეს უკრაინელი თანატოლების წინააღმდეგ - ჯერ სტუმრებმა მოიგეს (0:1), ორი დღის შემდეგ კი ქართველებმა რევანში აიღეს - 2:1.

U18. საქართველო-უკრაინა 2:1 - ბოლო წუთებზე... [VIDEO]
U18. საქართველო-უკრაინა 0:1 - გუშინ იყო მარცხი... [VIDEO]

ასე იყო ჩერნოგორიაშიც (აპრილში), სადაც ბალკანელებთან წაგებული პირველი
მატჩის შემდეგ ყიფიანის გუნდმა მეორე თამაში მოიგო, მანამდე კი თბილისში ბულგარეთთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, მეორეში იმარჯვეს.

"ლელო" გიორგი ყიფიანს გუნდის მზადებაზე, მომავალ წელს თბილისში გასამართავ ევროპის ჩემპიონატსა და სხვა თემებზე ელაპარაკა...

- რატომღაც, ეს ნაკრები პირველი თამაშს ვერ იგებს, სამაგიეროდ, მეორე თამაშში იმარჯვებს...
- ეტყობა, ბიჭებს ცოტა გამწარება სჭირდებათ... მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხანმოკლე შეკრებებს ვატარებთ და გუნდს შეთამაშება სჭირდება. ფეხბურთი, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ - ფეთქებადი, შემოქმედებითი და აგრესიული - უკრაინასთან მხოლოდ ბოლო წუთებში ვითამაშეთ.

- გუნდის მზადებას როგორ აფასებთ?
- ყველა მატჩის შემდეგ თამაშს ვაანალიზებთ და მიმაჩნია, რომ ამ ეტაპისთვის ყველაფერი ნორმალურადაა. რა თქმა უნდა, ხარვეზები არის, რომელსაც გამოსწორება სჭირდება და ამას სექტემბერ-ოქტომბერში დაგეგმილ შეხვედრებშიც შევეცდებით.

იმედია, თითოეული ფეხბურთელი და მთლიანობაში გუნდიც მოუმატებს, სულ უფრო ხარისხიან ფეხბურთს ვითამაშებთ.

- თქვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე თამაში მასპინძლის რანგში მოუწევს და ბუნებრივია, გაძლიერების რესურსს ეძებთ...
- ცხადია, გუნდის გაძლიერებისა და შეთამაშების პარალელურად, ახალ კანდიდატებსაც ვეძებთ, გუნდი კიდევ უფრო რომ გაძლიერდეს.

- უცხოეთში მოთამაშე სხვა ქართველებს თუ აკვირდებით?
- რუსეთში, მოსკოვის "ლოკომოტივში" ძალიან საინტერესო ბიჭია - ნახევარმცველი გიორგი მახათაძე. პირადად მე არ მილაპარაკია მასთან, მაგრამ ვიცი, რომ ამ ეტაპზე მან საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარი თქვა.

აქვე ვიტყვი: თუ უცხოეთში არის ფეხბურთელი, ვისზეც სფფ-ში ინფორმაციას არ ფლობენ, მზად ვარ, ყველა დაინტერესებულ ადამიანს მოვუსმინო და ინფორმაცია გადავამოწმო. დავაკვირდები, სად თამაშობს, როგორ და რა დონის მოთამაშეა... რატომაც არა?! ნაკრების კარი ყველასთვის ღიააა...

Sportall.Ge

უკრაინის 18-წლამდელთა ნაკრებთან მეორე შეხვედრის მოგებაში დიდი როლი ითამაშა შეცვლაზე შესულმა "საბურთალოს" შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი კოხრეიძემ. მან თამაშიც გაამწვავა და ჯერ ჩინებული საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, ბოლოს კი საგოლე კომბინაციაც წამოიწყო...

"პირველი წაგებული მატჩის შემდეგ მოგება გვინდოდა. ეს გუნდს თავდაჯერებულობასაც შემატებდა. იყო მონდომებაც და მიმაჩნია, რომ კლასიც გამოვავლინეთ. გამოჩნდა, რომ შეგვიძლია სწრაფ ტემპში ძლიერი მეტოქის დაჩაგვრა...

ჩემი აზრით, საკმაოდ დიდი პოტენციალის ნაკრები გვყავს. მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე უკეთესი ფეხბურთის საჩვენებლად, მეტი შრომა და უფრო კარგი მომზადება გვჭირდება", - ამბობს კოხრეიძე.

რატი არდაზიშვილი ("ლოკომოტივი"):
"წარმატებული შეკრება გვქონდა. ამ თამაშებში დავინახეთ ჩვენი პლუს-მინუსები, რაზეც აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ. სამწუხაროდ, პირველ შეხვედრაში მთავარი მწვრთნელის დავალებების შესრულება ვერ შევძელით და დავმარცხდით.

მეორე შეხვედრამდე კი მეტოქე კარგად შევისწავლეთ და გაცილებით უკეთ და სანახაობრივად ვითამაშეთ. დაძაბული მატჩი იყო. მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც შევძელით და ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ შემოვატრიალეთ".

ლუკა ფიფია ("ლოკომოტივი", სადებიუტო მატჩი 18-წლამდელთა ნაკრებში):
"ძალიან ბედნიერი ვარ, ნაკრებში თამაშის საშუალება რომ მომეცა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო გუნდის თითოეულ მოთამაშეს. ბიჭებმა იცოდნენ, რომ ნაკრებში პირველად ვთამაშობდი და ყველანაირად მხარში დამიდგნენ.

რაც შეეხება გიორგი ყიფიანს, მასთან მუშაობა საინტერესოა, ახალგაზრდა და ნიჭიერი მწვრთნელია. შემიძლია გითხრათ, რომ ამ პერიოდში დიდი გამოცდილება მივიღე, რაც წარმატების მიღწევაში აუცილებლად დამეხმარება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
რატომ არ ეძახი ქიმერას. სპანდერას,ვორუბოვსან ნიკოლეიშვილს??? სად გააქრეთ ეს ბიჭები??მარტო დინამო და საბურთალო???
vaxo
21:44 14-06-2016
0
ნაკრების კარი ყველასთვის ღია როგორ არის თუ არ გამოიძახე თავისით ვინ მოვა ნაკრებში მანდ უპატრონო პეხაც ვერ შემოდგავს
gulshematkivari
21:12 03-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული