ფოთის "კოლხეთი": ესეც კენიელი მარსელო...

AutoSharing Option
ფოტოზე: ერიკ ოუმა და ლუის ტერა ხამადი
ფოთის "კოლხეთი 1913" გარდამავალი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სატრანსფერო სიახლეებზე არაფერს იუწყებოდა. როგორც იქნა, 18 იანვარს პირველი ამბავი გაცხადდა - ოფიციალურად დადასტურდა, რომ ფოთელთა შორის ითამაშებს 22 წლის ნახევარმცველი ავთო ენდელაძე, რომელიც ბოლოს ქუთაისის "ტორპედოში" ირიცხებოდა, ასევე, ნათამაშები აქვს "სამტრედიასა" და "ზესტაფონში".

"კოლხეთმა" კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა. 22 წლის პაპუნა მოსემღვდლიშვილი ამპლუით ცენტრალური მცველია და 2016 წელს ბელორუსის პრემიერლიგის ბინადარ მოზირის "სლავიაში" თამაშობდა. ამ გუნდის ფორმით მან 17 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა,
დიდ ფეხბურთში კარიერა კი პირველი ლიგის "სასკოში" დაიწყო, ხოლო 2014/15 წლებში ბოლნისის "სიონში" გადავიდა.

ახლა, რაც შეეხებათ ლეგიონერებს. ფინანსური პრობლემების გამო კოლხებმა სელექცია აფრიკის ღარიბ ქვეყნებში დაიწყეს, რაც ნამდვილად არ არის ურიგო მიგნება. ასე იყო და ასეა დღეს მთელი ევროპა, რადგან სამხრეთამერიკელებსა და ევროპელებზე მოთხოვნა გაცილებით დიდია. ამ მიმართულებით მუშაობა ფოთელთა სპორტული დირექტორის, ლაშა ჯაკობიას დამსახურებაა. მან თავისი კავშირებით კენიაში ორი საინტერესო მოთამაშე მოძებნა და დიდი წვალების შემდეგ კლუბმა მათ კონტრაქტებიც გაუფორმა.

ერთი მათგანი 22 წლის შემტევი ნახევარმცველი ლუის ტერა ხამადი გახლავთ, რომელმაც ხელშეკრულება მომდევნო სეზონის ბოლომდე გააფორმა. საინტერესოა, რომ ტერას ფრანგული "ნიცას" სარეზერვო გუნდში უთამაშია, ხოლო კენიაში ქვეყნის 2016 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.

სხვათა შორის, მისი ძმა, ელვინ ტერა, "საბურთალოში" თამაშობს და იმდენად კარგად წარმოაჩინა თავი, საქართველოს მოქალაქეობა შესთავაზეს და, შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებშიც ითამაშოს.

ფოთელთა მეორე კენიელი ლეგიონერი ერიკ ოუმა ოტიენოა, რომელიც 2015 წლიდან დედაქალაქ ნაირობის "გორ მაჰიაში" თამაშობს. 20 წლის მარცხენა მცველი 2016 წელს ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს, სადაც უკვე 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა. სადებიუტო შეხვედრა 31 მაისს, სუდანთან ამხანაგურ სპარინგში ჰქონდა, ბოლოს კი 15 ნოემბერს, ლიბერიასთან (2:1 კენიელთა სასარგებლოდ) ათამაშეს.

ცნობისთვის, კენია ფიფას ბოლო რეიტინგში 87-ე ადგილზეა და საქართველოს (121) მთელი 34 პოზიციით უსწრებს.

"ვიკიპედიაში" ამოვიკითხეთ, რომ ერიკ ოუმას კენიელებმა "მარსელო" შეარქვეს, თამაშის სტილით "რეალის" ბრაზილიელ ვარსკვლავ მარსელოსთან მსგავსების გამო. ის სწრაფია, ხშირად ერთვება შეტევებში და მწვრთნელი მარცხენა ნახევარმცველადაც იყენებს ხოლმე. ის შარშან კენიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელთა (სულ 3 მოთამაშე მოხვდა) ნომინაციაში იყო დასახელებული, პრიზად კი "წლის აღმოჩენის" ტიტული გადასცეს.

იკითხავთ, ალბათ, რა იყო კენიელთა ტრანსფერებში საწვალებელი. საქმე ისაა, რომ კენიაში, ისევე, როგორც კიდევ რამდენიმე აფრიკულ ქვეყანაში, საქართველოს საკონსულო და საელჩო არ აქვს. სანაცვლოდ, კენიას ეთიოპიაში მდებარე საელჩო ფარავს. ეს აფრიკული ქვეყანა კი რისკის ზონის ქვეყნებში შედის და მის მოქალაქეებს საქართველოში მხოლოდ დეტალური და ხანგრძლივი გადამოწმების შემდეგ უშვებენ. ეს რომ არა, კენიელები დეკემბერში ჩამოვიდოდნენ.

საბოლოოდ, ეთიოპიაში საქართველოს კონსულის, ლევან ახალაიას დახმარებით, პრობლემა მოგვარდა, ფეხბურთელებმა ვიზები მიიღეს და "კოლხეთს" თურქულ შეკრებაზე შეუერთდებიან.

სხვათა შორის, ვიზის პრობლემა ზემოთ ნახსენებ ელვინ ტერასაც შეექმნა და მის მოგვარებასაც დრო დასჭირდება. ამის გამო საყრდენი ნახევარმცველი, შესაძლოა, "საბურთალოს" თურქულ შეკრებაზე ვერ გაჰყვეს.

დაბოლოს - "აზერისპორტთან" ინტერვიუში ფოთელთა ყოფილმა მცველმა რასიმ რამალდანოვმა თქვა, რომ აზერბაიჯანული კლუბები მისით არ დაინტერესებულან, ხოლო საქართველოში იგივე "კოლხეთი" და "სამტრედია" იწვევენ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
რაც მეტიკაი გუნდი იქნება მიტუკეტესი, მტავარია ორკვირიანი გუნდი არ გააკეტონ
Dinamo
20 იანვარი 2017 00:44
0
ერიკ ოუმა მარტლა კარგი ფეხბურთელი ჩანს და მეორეზე რა გითხრათ...
anti
19 იანვარი 2017 18:41
0
ramaldanovsaz tu daimatebs da ert kai tavdamsxmels, kai gundi ikneba kolkheti, tarmatebebi.
firali
19 იანვარი 2017 18:32
0

სიახლეები პოპულარული