გიორგი დათუნაიშვილი: ეს წაგება რა სალაპარაკო იყო? ან რა აჟიოტაჟია?!

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი თურქეთში მოსამზადებელ შეკრებას აგრძელებს. გუნდმა უკვე სამი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა - ბულგარული "დუნავი" 1:0 დაამარცხა, ლვოვის "კარპატისთან" 0:2 დამარცხდა, ლიტვის ჩემპიონ ვილნიუსის "ჟალგირისს" კი 2:1 სძლია.

სპარინგებზე კომენტარი "სამტრედიას" კაპიტან გიორგი დათუნაიშვილს ვთხოვეთ:

"შეკრებაზე ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს, თამაშები დატვირთვის ფონზე ჩავატარეთ და სამივე მძიმე დაპირისპირება გამოვიდა.

ლიტველებთან კარგი თამაში იყო, გამარჯვება ორივეს შეგვეძლო, მაგრამ ბოლო წუთზე ჩვენ გაგვიმართლა.

"კარპატისთან" არც არაფერი ყოფილა განსაკუთრებული, ამხანაგურ თამაშებში შედეგს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან გუნდის შეთამაშებასა და ახალი სათამაშო სისტემების დახვეწას
ემსახურება. ესეც კარგი სპარინგი გამოვიდა, ბურთზე მაქსიმალურად მეტი კონტროლი დაგვავალეს. ეს კარგად გამოგვივიდა და საგოლე მომენტებიც შევქმენით. სამწუხაროდ, უკრაინელებმა თავიანთი შანსები გამოიყენეს, ჩვენ კი - ვერა.

ამ წაგებაზე ზოგიერთის რეაქცია გამიკვირდა, საქართველოს ჩემპიონმა უკრაინული ლიგის ბოლოადგილოსანთან როგორ წააგოო?! ეს, უბრალოდ, სასაცილოა. მიმაჩნია, რომ ამ ხალხს ფეხბურთი საერთოდ არ ესმის ან ჩასაფრებულია. ეს წაგება რა სალაპარაკო იყო? ან რა აჟიოტაჟია?! ჩემპიონატში გამოჩნდება, რეალურად როგორ მოვემზადეთ", - ამბობს დათუნაიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
datu shen magagas nu miaqcev vin ras ityvis... xalxi chasaprebuliaaa.. magram mjeraaa samtrediashiii 99 procentii arapers ityodaa... warmatebebi sheni gvjera datuuuuu....shen guli ar gaitexooo magazeee..
0

სიახლეები პოპულარული