"ვიტ ჯორჯიამ" ყაზახურ "აქტობეზე" ქართული კლუბების ჯავრი იყარა - 5:0 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ვიტ ჯორჯიამ" თურქულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩი ყაზახურ "აქტობესთან" გამართა და მოსამზადებელი ეტაპის დიდი სენსაციაც "გამოაცხო".

"ვეტერინარებმა" გაანადგურეს კლუბი, რომელიც ევროგათამაშებაში საქართველოს წარმომადგენლებს სამჯერ შეხვდა და სამივეჯერ დაამარცხა - 2010 წელს ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპიდან რუსთავის "ოლიმპი" (2:0, 1:1), 2012 წელს ევროპალიგაზე ქუთაისის "ტორპედო" (1:0, 1:1), ხოლო 2014-ში ასევე ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპიდან თბილისის "დინამო" (3:0, 1:0) გამოთიშა.

"ვიტ ჯორჯიას" პრესსამსახურის ცნობით, "აქტობემ" უძლიერესი შემადგენლობით ითამაშა. მათ სასტარტო შემადგენლობაში იყო ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილი წევრი, თავის დროზე "გრემიოდან"
"პანათინაიკოსში" მილიონ ევროდ გადასული იური მამუტი, დონეცკის "შახტარიდან" აყვანილი ოლექსანდრ ვოლოვიკი, რომელიც დონბასელებმა თანაქალაქელი "მეტალურგისგან" ერთ დროს 4 მილიონ ევროდ შეიძინეს, და ყაზახეთის ნაკრების მეკარე ანდრეი სიდელნიკოვი.

თენგიზ კობიაშვილის გაწვრთნილებმა ანგარიში 27-ე წუთზე გახსნეს: ბადრი ტეტუნაშვილის მიერ წამოწყებული შეტევა ზურაბ ღირდალაძემ გიორგი ჭანკოტაძეს გაუგრძელა, რომელმაც ლამაზი ფინტებით სამი მცველი ჩამოიტოვა და ზუსტად დაარტყა - 1:0.

მე-60 წუთზე "ვეტერინარებმა" უპირატესობა ორამდე გაზარდეს. ჭანკოტაძე-ღუდუშაურის კომბინაციისას ვიტელთა ბომბარდირი ღირდალაძე კარის წინ გაიხსნა და შანსი გოლად აქცია - 2:0.

სამ წუთში თბილისელებმა ყაზახთა კარი ერთხელაც აიღეს. "სტანდარტის" გათამაშების შემდეგ მეკარის საჯარიმოში არეულობით ალეკო ჩაკვეტაძემ ისარგებლა და მცველი ლამაზი ფინტით გააცურა - 3:0.

მალევე ღირდალაძეს დუბლის შესრულებაც შეეძლო, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა და "აქტობე" გადარჩა, ოღონდ - დროებით. "ვიტ ჯორჯია" არ გაჩერდა, ღირდალაძემ საჯარიმოში ღუდუშაური (ერთ-ერთი საუკეთესო იყო) მოძებნა, რომელმაც მცველებს თავბრუ დაახვია და მეკარეც "მშრალზე" დატოვა - 4:0.

ბოლოსწინა წუთზე კი კახა კახაბრიშვილმა მეკარესთან პირისპირ დატოვა ოთარ მუხულიშვილი, რომელმაც "აქტობეს" კარის დარაჯს ბურთი ფეხებშუა გაუტარა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:0.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ შეხვედრებში "აქტობე" ქართული გუნდებთან არასოდეს დამარცხებულა და 6 შეხვედრაში სულ 2 გოლი გაუშვა. ახლა კი "ვეტერინარებმა" 5-ჯერ(!) "ასიამოვნეს".

ვიტ ჯორჯია: შეროზია - ტეტუნაშვილი (80. მუხულიშვილი), ჩაკვეტაძე, ჩიტიშვილი, გიგა გურეშიძე - გურამ გურეშიძე, ექვთიმიშვილი - დავლაშელიძე, ჭანკოტაძე (75. მოსიაშვილი), ღუდუშაური (80. გაბრიჩიძე) - ღირდალაძე (75. კახაბრიშვილი).
აქტობე (სასტარტო): სიდელნიკოვი, აიტბაევი, ვოლოვიკი, ასლანი, დაუტოვი, ჟუნინიო, საულეტი, შესტაკოვი, ბაიტანა, კასიანო, მამუტი.

"ვიტ ჯორჯია" თურქეთიდან დაბრუნდა და მზადების დასკვნით ეტაპს საქართველოში გაივლის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ვიტ-ჯორჯიას ვულოცავ! მაგარი იყო!
sandro
12:18 25-02-2017
0
მოიგებ გაკრიტიკებენ,წააგებ მაინც გაკრიტიკებენ,საიდან ამდენი ბოღმა
zaza
11:34 25-02-2017
0

სიახლეები პოპულარული