დილა-დინამო (ბთ) 0:1 - კვასოვიც დაკარგეს და ქულებიც [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბოლო ხანს, "დილასთვის" ბათუმის "დინამო" უხერხულ მეტოქედ იქცა და მასთან ქულის აღებაც უჭირს. გავიხსენოთ გორელთა საჩემპიონო სეზონის მეორე ტურიც, როცა ბათუმელებთან შინ ასევე 0:1 წააგეს. უბრალო შესათამაშებლადაც კი "დილას" არცთუ მცირე გზა აქვს გასავლელი და ამ პრობლემამ ბათუმის "დინამოსთან" მატჩშიც იჩინა თავი.

სტუმრებმა კი, მეტადრე პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, ყველაფერი გააკეთეს ქულების მოსაპოვებლად.

"დინამო" წაგებას არ იმსახურებდა, მაგრამ, ვფიქრობთ, არც მასპინძლების გარჯა უნდა დასრულებულიყო უქულოდ.

ბათუმელები უფრო უკეთ პირველ ტაიმში გამოიყურებოდნენ, მოწინააღმდეგეს სათამაშო სივრცეს უზღუდავდნენ და იერიშებიც უფრო მწვავე
გამოსდიოდათ, ვიდრე "დილას". ნიშანდობლივია, რომ სტუმრებს მასპინძელთა საჯარიმოსთან მიახლოება დიდად არ უჭირდათ და რამდენჯერმე მეკარის მოედანზე ჩაწოდებითაც სცადეს ხეირის ნახვა, თუმცა საიმედოდ მოქმედებდა მიხეილ მუჯრიშვილი და "დილას" დაცვის ხაზი, რომელსაც დისკვალიფიკაციის გამო ჯერაც ვერ ეხმარება კაპიტანი ალექსანდრე კვახაძე.

აქვე ვთქვათ, რომ დანაკლისია შეტევაშიც - ასევე ტრავმის გამო ვერ თამაშობს გუნდის ბომბარდირი ირაკლი მოდებაძე, მის არყოფნაში კი გორელები გატანას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ და თვით ბრაზილიელ მოიერიშეებსაც ადვილად უსწორდებოდა "დინამოს" უკანა ხაზი.

თუმცა მაინც უნდა გამოვარჩიოთ ლეანდრო რიბეირო, რომელსაც ტექნიკური არსენალი მწირი არ აქვს, სწრაფია და არც თანაგუნდელებისთვის იშურებს პასებს... ოღონდ იმასაც დავძენთ, რომ მატჩის დასაწყისში, ერთ-ერთი სახიფათო კონტრიერიშისას, მან სწორედ პასის გაკეთება არ ინება და საგოლე ეპიზოდი გაიფლანგა. მატჩის დებიუტშივე, სტუმართა მხრიდან პაპუნა ფონიავას თავური იყო სახიფათო, თუმცა - უშედეგო.

მეორე ტაიმი მასპინძელთა შესამჩნევი უპირატესობით დაიწყო. ზედიზედ რამდენიმე ეპიზოდში გორელებს შეეძლოთ ანგარიშის გახსნა. ჯერ ლევან ნონიკაშვილის პასით საშუალო დისტანციიდან ირაკლი ძარიას დარტყმული გადასცდა კარს მცირედით, მერე, ლეონარდოსა და ლეანდროს კომბინაციისას, ამ უკანასკნელმა ეფექტური ფინტით ორი ფეხბურთელი ჩამოიტოვა და თენგიზ წიქარიძეს ორჯერ მიეცა ახლო მანძილიდან დარტყმის საშუალება, მაგრამ... ორივე ეპიზოდში ბურთს მცველები გადაეფარნენ.

ერთ წუთში ლეანდრომაც სცადა ათიოდ მეტრიდან გატანა, მაგრამ ცუდად დაარტყა და მეკარეს ვეღარ აჯობა.

ამ ხუთწუთიან მონაკვეთში "დილას", უბრალოდ, მართებდა გატანა, თუმცა შანსი ხელიდან გაუშვა და "დინამოც" მალე მოეგო გონს. სტუმრები აღარ აძლევდნენ მეტოქეს თავიანთ საჯარიმოსთან თამამად მოქმედების შესაძლებლობას. ცოტა ხანში კი თავადაც შეექმნათ ხელსაყრელი მომენტი, როცა კარგ პოზიციაში მყოფმა ვალერიან თევდორაძემ უხეიროდ დაარტყა და ბურთი მუჯრიშვილის იოლ ნადავლად იქცა.

მიუხედავად იმისა, რომ ტემპი არ დაცემულა, მატჩის მიწურული, თითქოს, არ უქადდა საფრთხეს არც ერთ გუნდს, მაგრამ "დინამოს" უკრაინელმა ლეგიონერმა მოახერხა მატჩის ერთადერთი გოლის გატანა. 87-ე წუთზე გორელთა მცველებმა წამით "დაკარგეს" იაროსლავ კვასოვი, რომელმაც კარგად გამოიყენა ანზორ სუხიაშვილის ჩაწოდებული და ბურთი მიწაზე დაუშვებლად გაგზავნა მიზანში - 0:1.

ასე დაკარგეს გორელებმა კვასოვიც და ქულებიც...

საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. II ტური
11.03. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-დინამო (ბთ) 0:1
გოლი: 0:1 კვასოვი (87. სუხიაშვილის პასით)
დილა (4-2-3-1): მუჯრიშვილი - ეტუ, მაჩაიძე, ქარქუზაშვილი, გაგოშიძე - პაპავა, ძარია - ნონიკაშვილი (75. კირკიტაძე), წიქარიძე (88. რაზმაძე), რიბეირო - ლეონარდო (63. ტარავალე).
სათადარიგოები: ხაინდრავა, აბუბაქარი, კალანდარიშვილი, მათიაშვილი
მწვრთნელი: ზივ არიე
დინამო (4-5-1): ტიმოფეევი - სუხიაშვილი, გოგიტიძე, კვირკველია, ტვილდიანი (76. კენედი) - თარხნიშვილი, ფონიავა (58. თევდორაძე), ქავთარაძე (68. ფარტენაძე), შონია, ფლამარიონი - კვასოვი.
სათადარიგოები: ტაკიძე, გორელიშვილი, მგელაძე, ქორიძე
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
გაფრთხილება: თარხნიშვილი (36), ეტუ (56), პაპავა (73), წიქარიძე (78), კვასოვი (88), თევდორაძე (90)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი.

ბომბარდირები:
გ. ჯანელიძე (კოლხეთი) 2
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 2

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული