სანდრო გურეშიძე: ფეხბურთს ძალიან დიდი მოტივაციით ვუბრუნდები

AutoSharing Option
21 წლის სანდრო გურეშიძე აქტიურ ფეხბურთს უბრუნდება. მას უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში და იმ თაობის წარმომადგენელია, რომლისაც ქართული ფეხბურთის ქომაგს გამორჩეულად ეიმედებოდა...

თუმცა ეს იმედი დღესაც რჩება, რადგან ოთარ კაკაბაძემ, ნიკა ჭანტურიამ, ბაჩო არაბულმა, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი აბურჯანიამ... უკვე მოასწრეს უცხოეთში თამაში, გურეშიძე კი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ფეხბურთს ჩამოშორებული იყო.

"ლელომ" სანდრო გურეშიძესთან ინტერვიუ ჩაწერა...

- ტრავმის გამო ძალიან ბევრი გამიცდა. ახლა რეაბილიტაციის პერიოდია, რომელიც მალე დასრულდება. აპრილისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნები და მინდორს დავუბრუნდები. ფეხბურთი უზომოდ მომენატრა!

-
ამჟამად უკლუბოდ ხართ?

- დიახ, ახლა არცერთ კლუბთან არ მაკავშირებს კონტრაქტი. ისე, არის რაღაც შეთავაზებები ქართული კლუბებისგან და დარწმუნებული ვარ, უგუნდოდ არ დავრჩები. მთავარია, ჯანმრთელობამ შემიწყოს ხელი.

- თქვენ იმ თაობას წარმოადგენთ, რომელმაც არაერთი სიხარული მოუტანა ქართველ გულშემატკივარს. გაიხსენეთ ის პერიოდი?
- ვასილ მაისურაძის გუნდთან ერთად ვითამაშე ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში და კონტინენტის პირველობაზეც უნდა წავსულიყავი, წელის ტრავმა რომ მივიღე და სახლში დავრჩი. ამის შემდეგ, 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ვითამაშე თბილისში ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ციკლი. გავედით ელიტრაუნდში და ბოლო მატჩში ფრეც გვყოფნიდა ისრაელთან, მაგრამ... დასანანი მარცხი განვიცადეთ და ევროპის ჩემპიონატზე ვეღარ გავედით.

- როგორ ფიქრობთ, თქვენს თაობას მეტი არ შეეძლო?
- მიმაჩნია, რომ ბოლო წლებში ეს იყო უძლიერესი თაობა ქართულ ფეხბურთში. რა თქმა უნდა, ამ ბიჭებს ყველაფერი წინ აქვთ, მაგრამ დღესაც კი გაცილებით მეტს შეეძლო, უცხოეთში ეთამაშა და თავი დაემკვიდრებინა. ეს კი არა, ზოგიერთი სულ დაიკარგა...

ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ და აქ ვითარება სპეციფიკურია. არის სტადიონების პრობლემა, რომელსაც გვერდს ვერაფრით ავუვლით. ჩემს მეგობარ ოთარ კობახიძეს ფეხი გაეჭედა ქობულეთის მოედანზე და ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. ევროპაში ხომ ამას ვერავინ წარმოიდგენს?!

- ვიცით, რომ თქვენს კარიერაშიც იყო მცირე უცხოური მონაკვეთი...
- კი, ლაშა ჯაკობიას მეშვეობით ბელგიურ "გენტში" აღმოვჩნდი, მაგრამ საბუთებთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა, თუმცა პირდაპირ ვიტყვი, რომ იმ მომენტისთვის ბოლომდე არც მე ვიყავი მზად.

- უმცროსი დუშან უჰრინის დროს თბილისის "დინამოს" ახლდით უცხოურ შეკრებაზე...
- მე და ოთარ კაკაბაძე წაგვიყვანეს მთავარი გუნდის შეკრებაზე, არადა, მაშინ პატარა ვიყავი ასაკით, გუნდში კი ძალიან ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი იყო. ამას პატარა იმედგაცრუებაც მოჰყვა, მაგრამ ჩვეულებრივად გავაგრძელე თამაში...

- საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ბოლნისის "სიონის" შემადგენლობაში გქონდათ დებიუტი...
- "სიონში" მართლაც კარგი პერიოდი გავატარე, ძალიან სასიამოვნო იყო გამოცდილი ფეხბურთელების გვერდით თამაში. მერე მივიღე ტრავმა, რომელმაც ხანგრძლივი დროით ჩამომაშორა ფეხბურთს.

- ეს სად მოხდა?
- სათასო მატჩი გვქონდა მცხეთაში. მინდორი ოდნავ სველი იყო და ეს რომ არა, არ მივიღებდი ტრავმას... ჯვარედინი იოგები გამიწყდა...

- ტრავმის შემდეგ ფსიქოლოგიურ წნეხს ან შიშს ხომ არ გრძნობთ?
- რა თქმა უნდა, არის ასეთი ტრავმის შემდეგ მსგავსი მომენტები, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ამას ვერ ვამჩნევ. ძალიან დიდი მოტივაციით ვუბრუნდები ფეხბურთს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაი კაცი ხარ ალეკო,რომ არ ივიწყებ იმედის მომცემ ფეხბურთელებს,სანდრო წარმატებები.
zaza
19:33 16-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული