ჩიხურა-დინამო (ბთ)
დღეს განსაკუთრებით საინტერესო მატჩები კვირას გველოდება, თანაც, "ეპიცენტრი" იმერეთში იქნება! იმაზე აღარ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი "ჩიხურა" თავის საშინაო მატჩებს, ჯერჯერობით ზესტაფონში რომ ატარებს. ანუ, სოსო ფრუიძის გუნდიც, ფაქტობრივად, ნეიტრალურ მოედანზე უწევს მეტოქეთათვის "მასპინძლობა", მაგრამ, განა, ეს ფაქტია უცხო ბათუმის "დინამოსათვის"? არადა, ამ მართლაც ძალიან სამწუხარო რეალობაზე უკვე მერამდენე წელიწადია გვიწევს ყურადღების გამახვილება...
ახალ სეზონში ჯერ სამი ტური გაიმართა, მაგრამ, მოლოდინისამებრ, იმდენად თანაბარი
აი, ბათუმის "დინამო" კი, შედარებით არასტაბილურად ასპარეზობს ახალ სეზონში, რაც გარკვეული ობიექტური მიზეზებითაც არის გამოწვეული. თუმცა, ლევან ხომერიკის გუნდს რომ ამ სეზონშიც ექნება ამბიციური მიზნები, ამაში ეჭვი არ გვეპარება...
სამტრედია-დინამო (თბ)
ჩვენი აზრით, ტურის ყველაზე საინტრიგო მატჩი სამტრედიაში უნდა გაიმართოს: მოქმედი ჩემპიონი ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი გუნდის წინააღმდეგ! თანაც, ამ შემთხვევაში საქმე მხოლოდ სატურნირო მოტივაციას არ ეხება: იმის მიუხედავად, რომ "სამტრედია" საგრძნობლად ჩამორჩება "დინამოს" ურთიერთდაპირისპირებებში, ამ გუნდების პაექრობებს ყოველთვის განსაკუთრებული აჟიოტაჟი ახლავს ხოლმე.
თანაც, კვირას ხომ პირველად უნდა მოხდეს, როცა მოქმედი ჩემპიონის რანგში "სამტრედია" იქნება, არადა, ადრე ხომ მუდამ საპირისპირო ხდებოდა...
სატურნირო სიტუაციაც ვახსენეთ და ისიც ვთქვათ, ბევრისთვის მოულოდნელად, მოქმედი ჩემპიონი სამი ტურის შემდეგ VI ადგილზე იმყოფება; თუმცა, ამ შემთხვევაშიც უამრავი ობიექტური მიზეზის მოშველიება შეიძლება, მთავარი კი ის არის, რომ "სამტრედიას" შარშანდელი ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გია ცეცაძე მაქსიმალურად უმტკივნეულოდ უნდა შეეცადოს გუნდიდან წასული ლიდერების სრულფასოვნად ჩანაცვლებას.
თუმცა, ბევრად უფრო სერიოზული პრობლემ(ები)ს წინაშეა მისი კოლეგა: "დინამოში" ექვსწლიანი პაუზის მერე დაბრუნებულ კახა კაჭარავას, ხომ, ფაქტობრივად, ყოველ მატჩში უწევს ძირითად შემადგენლობაში კორექტივების შეტანა!
თუმცა, სეზონი გრძელია და "დინამოც" რომ საფუძვლიანად დააპირებს გაძლიერებას (და ამას ყველა რგოლში საჭიროებს), ამაში დარწმუნებული ვართ. სხვა შემთხვევაში კი, პირდაპირ შეიძლება იმის თქმა, რომ კაჭარავას გუნდს ერთობ მოკრძალებული მიზნები ექნება მარათონულ ჩემპიონატში.
დაბოლოს, ვისურვებთ, რომ "სამტრედიასა" და "დინამოს" 2 აპრილის მატჩი კორექტულად და უექსცესოდ ჩაივლის. ყოველ შემთხვევაში, ამ გუნდებს შორის ბოლო დაპირისპირების დროს მომხდარი ფაქტები აღარ უნდა გამეორდეს!
შეგახსენებთ, რომ 2015/16 წლების სეზონის მიწურულს, "სამტრედიასა" და თბილისის "დინამოს" შორის გამართულ მატჩში მასპინძლებს 1 ფეხბურთელი გაუძევეს, სტუმრებს კი - სამი!..
ეროვნული ლიგა. IV ტური
2 აპრილი
ზესტაფონი. დავით აბაშიძე. 17:30. LIVE I არხზე
ჩიხურა-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
8: +4 =2 -2, 9-5
სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 15:00
სამტრედია-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
33: +5 =3 -25, 20:80
დისკვალიფიკაცია
ოთარ კიტეიშვილი, გია ჩადუნელი (ორივე - დინამო).
- ეროვნული ლიგა. IV ტური: "საბურთალომ" გორში "დილას" მოუგო
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"