"დილას" დირექტორი: ქართულ ფეხბურთში ერთი დღით არ მოვსულვართ

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში გორის "დილა" მთლად თანაბრად ვერ თამაშობს, მაგრამ ეს ბუნებრივია. მას შემდეგ, რაც კლუბში კერძო მეპატრონე გამოჩნდა, თითქმის მთლიანად შეიცვალა შემადგენლობა, ახალი გუნდის ჩამოყალიბებას კი, ყველამ ვიცით, გარკვეული დრო სჭირდება.

თუმცა გორულ კლუბს რასაც ვერ დავუკარგავთ, ბრძოლისუნარიანობა და მონდომებაა. აგერ, ცინცხალი მაგალითი - ქუთაისის "ტორპედოსთან" ანგარიშში ჩამორჩენა არად ჩააგდო და ბოლოს გაუთანაბრა კიდეც ანგარიში ამბიციურ მეტოქეს და დამსახურებული ქულა გააყოლა ხელს...

გუნდში არსებულ ვითარებაზე "დილას" აღმასრულებელ დირექტორ გიორგი ჯოხაძეს დავუსვით კითხვები. რესპონდენტთან იმაზეც შევთანხმდით, რომ გარკვეული ხნის შემდეგ "ლელოს"
მკითხველს "დილას" მთავარი მწვრთნელის, ზივ არიეს ვრცელ ინტერვიუსაც შევთავაზებთ...

- პირველ რიგში, ქუთაისში ფრედ დასრულებული მატჩის შეფასება უნდა გთხოვოთ...
- რა თქმა უნდა, ჩვენთვის სასიამოვნო იყო ის, რომ გუნდმა ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და ქულა გადაარჩინა, მაგრამ ეს ჯერ არ არის ის ფეხბურთი, როგორსაც ვისურვებდით ჩვენც და გულშემატკივარიც, მაგრამ ისიც კარგად ვიცით, რომ ყველაფერს დრო სჭირდება.

ჩვენთვის ეს ჩემპიონატი, ასე ვთქვათ, ადაპტაციის საშუალებაა. ვუყურებთ პროცესს და ვიცით, რომ გზის დასაწყისში მარცხის სიმწარეც იქნება და გამარჯვების სიხარულიც. ჩვენ ერთი დღით არ მოვსულვართ ქართულ ფეხბურთში. გვაქვს ხანგრძლივი და საფუძვლიანი გეგმები...

ისევ "ტორპედოსთან" მატჩს რომ დავუბრუნდეთ, გუნდმა მეორე ტაიმი პირველზე აშკარად უკეთ ჩაატარა და ამაში დიდი წვლილი შეიტანა მთავარი მწვრთნელის, ზივ არიეს მიერ განხორციელებულმა გადაადგილებებმა. მეორე ტაიმი პირველზე უკეთესი რომ იყო, მინდვრის კარგი ხარისხის დამსახურებაცაა. გორში კი ამ დროისთვის ბალახის საფარის მდგომარეობა შორსაა იდეალურისგან. ვფიქრობ, ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი იმისი, რომ საშინაო მატჩებს ჯერ მთლად დამაჯერებლად ვერ ვატარებთ...

საერთოდაც, "დილა" ახალი გუნდია. მაგალითად, ალი აბუბაქარმა სულაც პირველი მატჩი ითამაშა ძირითად შემადგენლობაში, ფეხბურთელები ჯერაც ეგუებიან ახალ გარემოს...

ფაქტი ერთია: "დილას" თითოეული ფეხბურთელი ბრძოლისთვისაა განწყობილი.

- ცალკე თემაა საკადრო პრობლემები. მაგალითად, "დილას" ჯერაც ვერ ეხმარება ცენტრალური თავდამსხმელი და ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი მოდებაძე. ალბათ, სწორედ ამითაა გამოწვეული პრობლემები თავდასხმის ხაზში...
- რა თქმა უნდა, ირაკლი ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. წესით, ის თვის ბოლოსთვის უნდა დაგვიბრუნდეს და ეს ჩვენ ძალიან გვახარებს. აპრილის ბოლომდე დიდი დროა და შეიძლება ამ კუთხით კიდევ გამოჩნდეს რაღაც ხარვეზი, მაგრამ ამაზე არ გვინდა ვიფიქროთ, საკადრო პრობლემები ამით არ ამოიწურება.

ბოლო შეხვედრაში არ გვყავდა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, ნახევარმცველი დერეტი, რაც "დილასთვის" ასევე ძალიან დიდი დანაკლისი იყო. მან ტრავმით ითამაშა წინა შეხვედრაში და "ტორპედოსთან" მატჩში ამიტომაც ვეღარ დაეყრდნო მწვრთნელი.

- მოდებაძის არყოფნაში განსაკუთრებით თვალსაჩინოა ცენტრფორვარდის პრობლემა. ზივ არიემ რამდენიმე ფეხბურთელი მოსინჯა ამ პოზიციაზე, მათ შორის, ისინიც, ამპლუით ფორვარდები რომ არ არიან. ხომ არ აპირებთ თავდამსხმელის დამატებას?
- ექსკლუზიურად ვეტყვი "ლელოს", რომ გადაწყვეტილია ახალგაზრდა ბრაზილიელი თავდამსხმელის აყვანა. ის ჩამოვა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ითამაშებს. ამ ეტაპზე, სანამ ყველაფერი ბოლომდე არ მოგვარდება, მის ვინაობას ვერ დაგიკონკრეტებთ, მაგრამ ამ ინფორმაციას კი მოგაწვდით. როგორც ყველა ჩვენი ლეგიონერი, ისიც ახალგაზრდაა და შერჩეულია იმ პრინციპით, რომ ხვალ გაცილებით უკეთესი ფეხბურთი უნდა ითამაშოს, ვიდრე დღეს თამაშობს, უნდა პროგრესირებდეს. ეს ფეხბურთელი ბოლო დრომდე ბრაზილიაში თამაშობდა.

- რიბეიროსგან განსხვავებით, რომელიც მართლაც შესანიშნავად გამოიყურება, ყველა ლეგიონერი ერთნაირად კარგად ვერ თამაშობს. რომელიმე მათგანთან განშორებას ხომ არ აპირებთ?
- ახალ ბრაზილიელს რომ დავიმატებთ, ბოლომდე შევავსებთ ლეგიონერთა კვოტას და ზაფხულამდე არცერთ ლეგიონერს არ გავუშვებთ. გეთანხმებით, ყველა უცხოელი ერთნაირად კარგად ვერ გამოიყურება, მაგრამ მათ უნდა მივცეთ დრო ადაპტაციისთვის. შეიძლება ვიღაცამ ვერ ჩაატარა კარგად სამი თამაში, მაგრამ ხომ დასაშვებია, რომ შემდეგში "გაიხსნას"?

ასე რომ, დასკვნებს ზაფხულში გამოვიტანთ, მანამდე კი ყველა ფეხბურთელს მიეცემა თავის გამოჩენის შანსი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ის ილაპარაკე შენ ცემა ტყეპა რომ გაქვთ გუნში. ხელფასები რომ არ დაგირიგებიატ ფეხბურთელებისთვის და სიტუაცია ვერ დაგილაგებიათ. ინტერვიუში რომ ჭიკჭიკებ.
gori
17:38 07-04-2017
0
ტყუილების ლაპარაკს ჯობია სიმართლე თქვას კაცმა დღეს რეალობა ესეთია ყველაფერი დალაგდება მიდით თქვენ გენაცვალეთ.
დილა გორი
14:29 07-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული