რა თქმა უნდა, იმასაც წინასწარ ვიყავით შეგუებულნი, რომ ამ "საგაზაფხულო მარათონს" ყველა გუნდი ერთნაირი წარმატებით ვერ გაივლიდა, ხოლო სატურნირო ცხრილში ხშირი გადაადგილებები იქნებოდა. თუმცა, ეს ბოლო ვარაუდი მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდა: ისე, როგორც "შუქურა" ვერ ახერხებს ბოლო ადგილიდან დაძვრას, "ლოკომოტივიც" ზედიზედ მეორე ტურია, ლიდერობას არავის უთმობს.
ჰოდა, რა გასაკვირია, რომ VI ტურის მიმოხილვას
შთამბეჭდავი სერია
"ლოკომოტივს" სეზონის სტარტიც ჩინებული ჰქონდა: მხოლოდ გიორგი დევდარიანის დამოძღვრილმა გუნდმა შეძლო საწყის ორ ტურში ქულათა მაქსიმუმის აღება; თუმცა, ამას მცირე ჩავარდნაც მოჰყვა, როცა მომდევნო ორ ტურში გუნდმა მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა. და აი, ოთხდღიან ინტერვალში, "ლოკომოტივმა" ზედიზედ ორი საგარეო მატჩი მოიგო და ორივე შემთხვევაში 5 (ხუთი!) უპასუხო გოლი გაიტანა! არადა, არ დაგვავიწყდეს, თუ რა საკადრო პრობლემები ჰქონდა ამ ორ მატჩში "ლოკომოტივს" - ტრავმების გამო ხომ გუნდს გეგა დიასამიძე, ზურაბ მენთეშაშვილი და ირაკლი კომახიძე ვერ ეხმარებოდნენ...
თუმცა, ამ სოლიდური დანაკლისის მიუხედავად, "ლოკომოტივმა" ზედიზედ ორ საგარეო მატჩში გაილაღა და სავსებით დამსახურებულად ლიდერობს კიდეც ეროვნული ლიგის გათამაშებას. ეს წარმატებული სერია, სამწვრთნელო შტაბთან ერთად, რაღა თქმა უნდა, მთელი გუნდის დამსახურებაც არის, მაგრამ ამ ბოლო ორ მატჩში მართლაც შეუჩერებელნი არიან გუნდის ფორვარდები - 26 წლის ირაკლი სიხარულიძე და 22 წლის მამია გავაშელიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი სიხარულიძემ ამ ორივე მატჩში "დუბლი" შეასრულა, ერთი "დუბლიც" პირველ ტურში (ბათუმის "დინამოსთან") მიითვალა და 6 გოლით დამსახურებულადაც დაწინაურდა ბომბარდირთა დავაში.
ბოლო წლებში, სხვადასხვა გუნდის მაისურით, სიხარულიძისათვის უმაღლეს ლიგაში დუბლის შესრულება თუ ჩვეულებრივი ამბავი იყო, მისი ახალგაზრდა პარტნიორისთვის წლევანდელი აპრილი მართლაც განსაკუთრებულია - გავაშელიშვილმა ამ ტურში ხომ სადებიუტო დუბლი შეასრულა უმაღლეს ლიგაში, წინა ტურში კი უფრო მეტი "მოინდომა" და "კოლხეთის" კარში 3 გოლი გაიტანა.
გავაშელიშვილისთვის ეს ჰეთ-თრიკიც სადებიუტო იყო, ოღონდ უმაღლეს ლიგას ვგულისხმობთ, თორემ პირველ ლიგაში ასპარეზობისას, როცა "ლოკომოტივს" ვასილ მაისურაძე წვრთნიდა, ამ ფორვარდმა 2014/15 წლების სეზონი 45 (!) გოლით დაასრულა და ჰეთ-თრიკებისა თუ "პოკერების" გარდა, თავი იმითიც გამოიჩინა, რომ ერთ მატჩში 5(!) გოლიც გაიტანა.
დინამოს გაზაფხული
"საგაზაფხულო მარათონს" კიდევ უფრო წარმატებული მონაწილეც ჰყავს - თბილისის "დინამომ" ზედიზედ 3 მატჩი მოიგო. სხვათა შორის, ამ სეზონში, ჯერჯერობით, სხვა არც ერთ გუნდს არ მოუგია მიჯრით 3 თამაში და, ალბათ, იმის თქმაც უპრიანი იქნება, რომ კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიას გადაწყვეტილება, გუნდის მთავარ მწვრთნელად კახა კაჭარავა დანიშნულიყო, აშკარად სწორი ნაბიჯი გამოდგა...მერე იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, რა გუნდებს მოუგო გაახალგაზრდავებულმა "დინამომ" - ქვეყნის ჩემპიონ "სამტრედიას", ამ სეზონის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტ "ჩიხურას" და წინა სეზონის ბრინჯაოსპრიზიორ ბათუმის "დინამოს".
თანაც, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ "დინამო" ნელ-ნელა ძლიერდება კიდეც - ძირითად გუნდში საბა ლობჟანიძის დაბრუნება გუნდისთვისაც სასარგებლო აღმოჩნდა და თავად ამ ნიჭიერი ფეხბურთელისთვისაც. აღარაფერს ვამბობთ ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მეკარის, ნუკრი რევიშვილის დაბრუნებაზე...
...3 ტურის წინ "დინამოს" სატურნირო მდგომარეობა მეტად არასახარბიელო იყო, ახლა კი ისეთი სიტუაციაა, კაჭარავას გუნდი სულაც პირველი წრის გამარჯვებული შეიძლება გახდეს. თუმცა, ამ ჩემპიონატში როგორ შეიძლება რაიმეს პროგნოზირება?!.
ერთად დაბრუნდნენ...
ამ ტურის წინათქმაშიც ვივარაუდეთ, რომ "ჩიხურას" ზედიზედ 2 მარცხი დროებითი მოვლენა უნდა ყოფილიყო და სეზონის წინ ჩვენ მიერ ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიჩნეული გუნდიც მალე გამოვიდოდა დროებითი კრიზისიდან...ასეც მოხდა: სოსო ფრუიძის გუნდმა არცთუ იოლ მატჩში შეძლო საკადრო პრობლემებით დახუნძლული "საბურთალოს" ძლევა და მესამე ადგილამდე აღზევდა.
წარმატების მომტანი გამოდგა საჩხერელთა გუნდის გამოცდილი თავკაცის მიერ განხორციელებული საკადრო ცვლილებებიც - ამ ჩემპიონატში პირველად გამოჩნდა ძირითად შემადგენლობაში დიმიტრი ტატანაშვილი, რომელმაც ნდობას გამარჯვების მომტანი დუბლით უპასუხა.
მოკლედ, "ჩიხურაც" დაბრუნდა ცხრილის ზედა სამეულში და 33 წლის ტატანაშვილიც - თავისთვის არცთუ უცხო დუბლებით...
ქუთაისური ტრიო
ამ ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტრიგო მატჩი სამტრედიაში გაიმართა, სადაც მოქმედი ჩემპიონი თასის მფლობელს მასპინძლობდა. მოგეხსენებათ, სწორედ ამ გუნდების მატჩით დაიწყო წლევანდელი საფეხბურთო წელიწადი - 26 თებერვალს, მარტვილში, საქართველოს სუპერთასზე, "სამტრედიამ" "ტორპედოს" 2:1 მოუგო... და აი, რევანშიც შედგა: კახა ჩხეტიანის გუნდმა, ზედიზედ 2 ფრის შემდეგ, უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო და ერთმანეთზე ურთულესი 3 მომდევნო მატჩის წინ სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გამოისწორა.
"ტორპედოს" მთავარ მწვრთნელთან ერთად, ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ამ გუნდის ორი ფეხბურთელიც - კლუბის ახალწვეულმა, 24 წლის ბიძინა მახარობლიძემ ჯერ საგოლე პასი მიითვალა, მერე კი, ნიკა საბანაძის ზუსტი პასის შემდეგ, ამ იმერული დერბის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საბანაძე კი ის ერთადერთი ფეხბურთელია ეროვნულ ლიგაში, აპრილში ჩატარებულ სამივე მატჩში რომ შეძლო გოლის გატანა!
ლეგიონერთა აღლუმი
"დილასა" და "კოლხეთის" დაპირისპირება იმითაც იყო საინტერესო, რომ მწვრთნელ-ფეხბურთელებიანად, თამაშში 9 ლეგიონერი მონაწილეობდა. თანაც, სწორედ უცხოელებმა გაიტანეს კიდეც გოლები VI ტურის ამ ერთადერთ საყაიმო (ოღონდ აშკარად "არამშვიდობიან") მატჩში. "კოლხეთის" 21 წლის ცენტრფორვარდმა მიკოლა კოვტალიუკმა უკვე მეოთხედ გამოიჩინა თავი ეროვნულ ლიგაში, "დილას" 22 წლის შემტევმა სალიუ ტარავალემ კი სადებიუტო გოლი გაიტანა საქართველოს ჩემპიონატში.
ამას გარდა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეროვნული ლიგის ყველაზე "უცხოურ" გუნდს კიდევ ერთი ლეგიონერი შეემატა: "დილას" შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა 24 წლის ბრაზილიელმა ფორვარდმა ნუბიო ფლავიომ. ამ უკანასკნელის შესაძლებლობებზე, ჯერჯერობით, ძნელია ლაპარაკი, სამაგიეროდ, იმის თქმა კი შეიძლება, რომ მისმა თანამემამულემ, 22 წლის ლეანდრო რიბეირომ ჩვენი ჩემპიონატი აშკარად დაამშვენა.
ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით "დილას" სხვა ბრაზილიელებზე: 22 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ჟეან დერეტი და მისივე კბილა, ცენტრფორვარდი ჟოაო ლეონარდო ხანდახან გორელთა 18-კაციან განაცხადშიც კი ვერ ხვდებიან...
დაბოლოს, კიდევ ერთ უცხოელზე: VI ტურში საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი ჩაატარა "შუქურას" ახალწვეულმა, 31 წლის ალექსანდრ კლეცკოვმა (უზბეკეთი).
სხვა ფაქტები...
გასულ ტურში ერთდროულად რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჩაატარა სადებიუტო მატჩი უმაღლეს ლიგაში: 19 წლის ერეკლე მალაზონიამ, 19 წლის დავით ცეცხლაძემ (ორივე - "შუქურა"), 18 წლის ლუკა ქაფიანიძემ (თბილისის "დინამო") და 18 წლის ნიკოლოზ მალიმ ("საბურთალო"). (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ჩვენს საფეხბურთო სოციალიზმში გასაკვირი არაფერია, მთავარი საქმე კეთდება, ქართულ ფეხბურთს შეფუთულად ამზადებენ გასასვენებლად. სულ ესაა და მეტი არაფერი.