ფოთის "კოლხეთი" მოსკოვის "ტორპედოს" მეკარე სტეპან სიკაჩს იმატებს

AutoSharing Option
ეროვნულ ლიგაში ჯერ მხოლოდ 7 ტური გაიმართა, ფოთის "კოლხეთის" კარში კი 2 მეკარე ვიხილეთ - გაბრიელ თებიძე და ნიკა შერმადინი. მაგრამ გუნდში კარის ახალი დარაჯის დამატება სურთ. ეს გახლავთ სტეპან სიკაჩი - სიახლე კოლხების მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ გაგვიმხილა.

28 წლის მეკარე ლამის 2 მეტრი (194 სმ) სიმაღლისაა. იყო მოლდოვის ახალგაზრდული ნაკრების წევრი. თუმცა, ტირასპოლში დაბადებულს რუსეთის მოქალაქეობაც აქვს. ის "შერიფის" საფეხბურთო აკადემიის გაზრდილია, საკლუბო კარიერა კი 2008 წელს გროზნოს "ტერეკში" დაიწყო. თუმცა ჩეჩნურ გუნდში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, ძირითადად
კი, ახალგაზრდულ შემადგენლობაში ათამაშებდნენ.

ამას გარდა, სიკაჩი თამაშობდა ასტრახანის "ვოლგარ-გაზპრომში" (2010), ბელგოროდის "სალიუტში" (2012-13, 2013-16), ბოლოს კი მოსკოვის "ტორპედოში" (2016-17).

"სიკაჩი უკვე ჩამოსულია. თავისუფალი აგენტი იყო და ჩვენთან თამაშის სურვილი გამოთქვა. მან უკვე ივარჯიშა გუნდთან ერთად, მოგვეწონა და მისი დამატება გვსურს, მაგრამ ჯერ ვერ ვახერხებთ, რადგან რუსეთის საფეხბურთო კავშირიდან სატრანსფერო ფურცელი არ მოსულა. ამის გამო სიკაჩის განაცხადში შეყვანა გვიანდება", - ამბობს სანაია.

ფოთელთა მთავარმა მწვრთნელმა უარყო ინფორმაცია, თითქოს, მეკარე თებიძე გუნდიდან გაუშვეს:

"ის ბოლო შეხვედრებში არ იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გავუშვით. დროებით არ ითამაშებს".

სანაიას თქმით, "კოლხეთს" სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს:

"სამწუხაროდ, ოპტიმალური შემადგენლობით ვერა და ვერ ვითამაშეთ. მიზეზი ტრავმებიც არის და დისკვალიფიკაციაც. ვერ გვეხმარებიან გოგონაია, ვარლამ კილასონია და უკვე უმა ოტიენოც (იგივე მარსელო - ავტ.). კენიელი მართლაც დიდი ძალაა.

"ლოკომოტივთან" დიდი ანგარიშით კი წავაგეთ, მაგრამ ვინც ეს თამაში ნახა, დაგვეთანხმება, რომ სანამ უმა ოტიენო მოედანზე იყო, ძალიან კარგად ვუტევდით. იმედია, "ჩიხურასთან" შემდეგ ტურში დაგვიბრუნდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
28 wlis mekare,moldovis axalgazrdulis mekare rogoraa?DDDDD.
0
ძალიან მოწონს კოლხეთის და დილას სატრანსფერო პოლიტიკა, ბევრი ლეგიონერის ჩამოყვანით ყველა პოზიციაზე კონკურენციას ზრდიან, შანსი არაა რომ ასეთმა საქმემ წარმატება არ მოიტანოს...
Walkabout
14:22 13-04-2017
0

სიახლეები პოპულარული