კოლხეთი-სამტრედია 1:2 - ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველი ტაიმი არცთუ სანახაობრივი გამოდგა და ამას აქვს თავისი ახსნა. ჯერ ერთი, "ჩელე არენაზე" სანახაობრივი ფეხბურთის თამაში ძალიან რთულია, და მეორეც - ფოთური კლუბი პრაქტიკულად განახევრებული შემადგენლობით თამაშობდა საქართველოს მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ.

არადა, "კოლხეთს" ისედაც აწუხებს საკადრო პრობლემა. ამ მატჩში კი გელა სანაიამ ერთბაშად სამი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი მოისაკლისა - დისკვალიფიცირებული შემტევი გიორგი ბუხაიძე და დაშავებულები - კენიელი უნივერსალი უმა ოტიენო და ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჯანელიძე.

აქვე ვთქვათ, რომ კოლხთა რიგებში შედგა მოსკოვის "ტორპედოს" ყოფილი მეკარის, სტეფან სიკაჩის დებიუტი.

თავის
მხრივ, უკან დასახევი გზა არ ჰქონდა "სამტრედიასაც". მოგეხსენებათ, გვარიანად გადახალისებულმა ჩემპიონმა სეზონი ერთობ არასტაბილურად დაიწყო. აქედან გამომდინარე, იმერული კლუბის წინაშე ამ მატჩში ერთადერთი ამოცანა იდგა: რადაც უნდა დასჯდომოდა, ქობულეთიდან 3 ქულა უნდა წაეღო.

გია ცეცაძის გაწვრთნილებმა არც ქობულეთში უღალატეს თავიანთ სათამაშო სტილს და აქცენტი ბურთის ფლობაზე გააკეთეს.

სახიფათო მომენტების მხრივ, პირველი ტაიმი მწირი გამოდგა. ერთადერთი გოლი პირობითი მასპინძლის უყურადღებობას მოჰყვა. მართლაც საკვირველია, როგორ მისცეს ფოთელებმა დავით ჩაგელიშვილს იმის საშუალება, რომ ჯერ ლამის ნახევარი მინდორი გადაესერა, მერე კი მშვიდად დაერტყა კარში...

მეორე ტაიმში ფოთელებმა თამაში აშკარად გამოასწორეს. შემთხვევითი არ არის, რომ მათ ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. მიკოლა კოვტალიუკმა შესანიშნავად ისარგებლა სამტრედიელ მცველთა შეცდომით და მორიგი ქართული გოლი მიითვალა.

საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა გამარჯვებისთვის უფრო იმერლები იყვნენ მომართულები. თამაში სრულდებოდა, როცა გიორგი კილასონიამ ხელით ითამაშა საკუთარ საჯარიმოში და დაინიშნა პენალტი, რომელიც ზუსტად შეასრულა სტუმართა ცენტრალურმა მცველმა ნიკა სანდოხაძემ და ჩემპიონმა ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა გაიფორმა.

მატჩის სტენოგრამა

7' - 0:1! დავით ჩაგელიშვილმა ლამის ნახევარი მოედანი გადასერა ისე, რომ ხელი არავინ შეუშალა და მშვიდად გადაგზავნა ბურთი ფოთელთა კარში.
13' - ფოთელთა შეტევა კოვტალიუკმა ვერ დააგვირგვინა.
20' - ბერიაშვილის თავური "კოლხეთის" კარს ასცდა.
21' - დაფეს დარტყმის შემდეგ ბურთი ზემოდან გადასცდა სამტრედიელთა კარს.
41' - ჩაგელიშვილის დარტყმაც ოდნავ სცდება ფოთელთა კარს.
43' - რაჟამაშვილის ოდნავ არაზუსტი დარტყმა.
50' - 1:1! სამტრედიელთა უპატიებელი შეცდომა დაცვაში და მიკოლა კოვტალიუკი ჩინებულად იყენებს შანსს.
54' - გიორგი კილასონიამ შალიკაშვილს "კედელი" გაუთამაშა და უაღრესად ხელსაყრელი მდგომარეობიდან ზემოდან გადააცილა კარს.
57' - კერძევაძის შორეული "გასროლა" და ომარ მიგინეიშვილი ურთულეს ბურთს იგერიებს.
58' - კერძევაძის ჩაწოდების შემდეგ ვარლამ კილასონიას თავური ოდნავ სცდება სამტრედიელთა კარს.
78' - ბოლქვაძეს მიგინეიშვილმა აუღო.
81' - ჩაგელიშვილის კარგი პასის შემდეგ რაჟამაშვილს ქებურიამ არ გაატანინა.
86' - გიორგი კილასონიამ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და 11-მეტრიანი!
87' - 1:2! "სამტრედიის" ცენტრალურმა მცველმა სანდოხაძემ პენალტი გოლად აქცია.

ეროვნული ლიგა. VII ტური
13.04. ქობულეთი. "ჩელე არენა"
კოლხეთი-სამტრედია 1:2
გოლები: 0:1 დ. ჩაგელიშვილი (7), 1:1 კოვტალიუკი (50), 1:2 სანდოხაძე (87-პენ)
კოლხეთი: სიკაჩი, გ. კილასონია, ლ. გოგონაია, შ. კერძევაძე, ქებურია, დაფე, ჟიშკარიანი (67. კორობკა), კოვტალიუკი, ენდელაძე (46. შალიკაშვილი/89. ლუკავა), ბოლქვაძე, ვ. კილასონია.
სათადარიგოები: შერმადინი, ლ. კაკულია, კოკაია, ა. კვარაცხელია
მწვრთნელი: გელა სანაია
სამტრედია: მიგინეიშვილი, მთივლიშვილი (46. სუხომლინოვი), კასრაძე, სანდოხაძე, რაჟამაშვილი (90. მჭედლიშვილი), მარკოზაშვილი (62. ჯიქია), ჩაგელიშვილი, ბერიაშვილი, გოგიაშვილი, ახალაძე, დათუნაიშვილი.
სათადარიგოები: დაუშვილი, ნინუა, ბურკაძე, გ. სამუშია
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილება: ლ. გოგონაია (31), შ.კერძევაძე (35), ქებურია (47), კოვტალიუკი (55), ჯიქია (68), კილასონია (86)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 8
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 6
ბ. არაბული (დინამო თბ) 5
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 5

მომდევნო ტური
21 აპრილი
შუქურა-დილა
ჩიხურა-კოლხეთი

22 აპრილი
სამტრედია-ლოკომოტივი
დინამო (ბთ)-ტორპედო

23 აპრილი
დინამო (თბ)-საბურთალო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული