გიორგი კოხრეიძე: ევროპაზე წარმატების შანსი გვექნება, თუ...

AutoSharing Option
გიორგი კოხრეიძე, ჯერჯერობით, "საბურთალოში" მხოლოდ შეცვლაზე თამაშობს, მაგრამ ეროვნულ ლიგაში უკვე 3 გოლი აქვს გატანილი. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელმა ბოლო ტურში ბათუმის "დინამოს" გადამწყვეტი ბურთი შეუგდო, ეს მოედანზე შესვლიდან სულ რაღაც ერთ წუთში გააკეთა და ანგარიში 2:0 გახადა...

- საბურთალო-დინამო(ბთ) 2:0 - "ჯოკერმა" ისევ გაჭრა [VIDEO]

"ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მინდორზე რა განწყობით შედიხარ. როგორი სტიმულითაც შეხვალ, ისევე ითამაშებ. მე ყოველთვის მოტივირებული ვარ, არა აქვს მნიშვნელობა - ძირითადში მოვხვდები თუ თადარიგში. როცა მწვრთნელის ნდობას გრძნობ და იცი, რომ მას შენი
იმედი აქვს, ეს დამატებითი სტიმულია.

"საბურთალო" ყოველთვის თავის სტილში თამაშობს - ტექნიკურ და შემტევ ფეხბურთს. ჩვენი მთავარი კოზირი ბურთის კონტროლია და სანახაობრივი ფეხბურთიც ძალიან გვიყვარს.

ახლა მესამე ადგილზე ვართ, თუმცა უფრო უკეთესი შედეგის ჩვენება შეიძლებოდა. პირველ წრეში სამეულში უნდა დავმკვიდრდეთ, შემდეგ კი ვნახოთ, რა მიზნისთვის ვიბრძოლებთ. ფაქტია, "საბურთალოს" ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია ბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდული გუნდი ვართ", - ამბობს კოხრეიძე.

ცნობილია, რომ 13 აპრილს თბილისში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა და ჩვენი ნაკრების მეტოქეები გაირკვა. კოხრეიძემ კომენტარი ამ თემაზეც გააკეთა:

"ასეთ ტურნირში სუსტი ნაკრები ვერ მოხვდება. ერთი შეხედვით, უფრო ძლიერია მეორე ჯგუფი, სადაც გერმანია და ინგლისი განაწილდნენ, მაგრამ პორტუგალია, ჩეხეთი და შვედეთი მათ არაფრით ჩამოუვარდებიან. ასე რომ, საინტერესო და დაძაბული მატჩები გველის.

თუ ბოლომდე ვიბრძოლებთ და მაქსიმუმს გავიღებთ, წარმატების კარგი შანსი გვაქვს. დაუმარცხებელი მოწინააღმდეგე კი არ არსებობს და თამაშიც ყველასთან შეიძლება.

ცოტა ხნის წინ ჩვენ რუსეთთან ორი მატჩი გავმართეთ და ორივე 1:0 მოვიგეთ. მართალია, ეს ამხანაგური შეხვედრები იყო, მაგრამ გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა და კარგ განწყობაზე გაყენებს. მთლიანობაში, ნორმალური შთაბეჭდილება დავტოვეთ.

იმედია, ევროპის ჩემპიონატისთვისაც კარგად მოვემზადებით და სასურველ კონდიციებში შევხვდებით".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული