მერე ჭანტურიამ ორსაყრდენიან სისტემაშიც ითამაშა და სულ უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა. "ლელომ" ჭანტურიასთან ინტერვიუ ჩაწერა...
- მიმდინარე სეზონში ახალ ამპლუაში, საყრდენ ნახევარმცველად გიხილეთ. ეს თქვენთვის სიახლე იყო თუ ადრეც გითამაშიათ ამ როლში?
- არა, სულ ცენტრალური მცველი ვიყავი, გუნდშიც
- ნახევარდაცვაში თამაში მოგეწონათ?
- აქამდე მცველად ვთამაშობდი და ცხადია, უკანა ხაზში თავს უკეთესად ვგრძნობ. საყრდენობა კი ჩემთვის შედარებით უცხო ხილია. მაგრამ რაკი დევდარიანმა გადაწყვეტილება მიიღო, მეც სიამოვნებით ავყევი და, ასე თუ ისე, შევეჩვიე.
თავიდან ერთი საყრდენით ვთამაშობდით. შეკრებაზე კარგ გუნდებს ვეთამაშეთ და "დნიპროს", მინსკის "დინამოს", დანიელებს და პოლონელებს მოვუგეთ, მწვრთნელიც კმაყოფილი იყო და თავს მეც კარგად ვგრძნობდი. მომეწონა, რადგან შეტევაში ვარ ჩართული, უფრო დიდი როლი და ვალდებულებაა და მეტი მოძრაობაც გჭირდება, მაგრამ მაინც შეტევაში ხარ და ეს სასიამოვნო განცდაა. მაგრამ საქართველოში რომ ჩამოვედით, "შუქურასთან" 2 საყრდენით ვითამაშეთ, რაც ჩემთვის კიდევ ერთი სიახლე იყო.
ვერ ვიტყვი, რომ საყრდენად დავფრინავ და უკვე იდეალური ვარ, მაგრამ ნახევარმცველობის ინტერესი გამიჩნდა, ალღო ავუღე და იმედი მაქვს, რომ დახვეწას და უკეთ თამაშს მოვახერხებ. თუმცა, რამდენჯერმე მცველადაც ვითამაშე და მიხარია, თამაში 2 პოზიციაზე რომ მიწევს.
- ლონდონის "არსენალში" გასინჯვიდან რომ დაბრუნდით, თქვენმა მენეჯერმა ბესიკ აბაშიძემ გვითხრა - არსენ ვენგერის თქმით, ჭანტურია ცენტრალური მცველისთვის დაბალია, მაგრამ კარგი საყრდენი დადგებაო. ეს იდეა დევდარიანს თავში საიდან მოუვიდა?
- ვენგერი რომ მიყურებდა, რატომღაც ასე იფიქრა და უფრო ზუსტად, ასე თქვა - ვნახეთ, მცველად როგორ თამაშობს, მაგრამ იმის პოტენციალიც აქვს, საყრდენად და მეორე პოზიციაზე ითამაშოსო. ეტყობა, ის დაინახა ჩემში, რაც მეც წამადგებოდა და გუნდსაც.
რაც შეეხება ჩემს სიმაღლეს, 182 სმ ვარ და მიმაჩნია, რომ მაღალი არც კანავარო იყო, არც - პუიოლი და ორმეტრიანი არც მასკერანოა. მათ არ ვედრები, მაგრამ, ზოგადად, ამ პოზიციაზე სულაც არ არის სავალდებულო, ახოვანი იყო. ჩემთვის მათი კლასი და აზროვნებაა სამაგალითო.
- იყო დრო, ლამის ყოველდღე თქვენზე იწერებოდა, ლონდონის "არსენალში" ისინჯებოდით, თბილისის "დინამოს" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანიც გახდით... მაგრამ მერე დაშავდით და ჩრდილში მოექეცით. ასეთი დაღმასვლა ფსიქოლოგიურად არ განადგურებდათ?
- რა თქმა უნდა. ბავშვობიდან სულ ნაკრებებში ვთამაშობდი, 2-ჯერ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშე, ჯერ 17-წლამდელებში, მერე - 19-ში. ამას გარდა, 18 წლისას ახალგაზრდულ ნაკრებში სადებიუტო თამაში ჩავატარე. მალე "დინამოში" მიმიწვიეს და კაპიტნის სამკლავური გადმომცეს. ყველაფერი იმაზე კარგად მიდიოდა, ვიდრე ბავშვურ ნატვრაში შეიძლებოდა წარმომედგინა.
მაგრამ მერე დაიწყო ტრავმიანობა. ჯერ "დინამოში" დავშავდი და გუნდის დატოვება მომიხდა. მერე მოვმჯობინდი და "ლოკომოტივში" დაბრუნებულს იგივე შემემთხვა. ყველაზე რთული ტრავმის მორჩენა და ფორმის აღდგენა კი არ იყო, არამედ მისი გამეორება. სტაბილურად თამაში წელს დავიწყე, მანამდე კი, ფაქტობრივად, 2 წელიწადი გამიცდა. ძალიან გაღიზიანებული ვიყავი, თანაგუნდელებს და საყვარელ საქმეს რომ მოვწყდი და ვერაფერს ვაკეთებდი.
- ახლა შეგიძლიათ თქვათ, რომ ფორმა აღიდგინეთ?
- თავს კარგად ვგრძნობ და ფორმაში შევდივარ, მაგრამ ვიცი, მეტი შემიძლია. აქვე ესეც უნდა ვთქვა: ამხელა ტრავმის შემდეგ ბევრია დამოკიდებული, გუნდში ხელს როგორ შეგიწყობენ. ეს უპირველესად მწვრთნელიდან მოდის. დევდარიანმა კი ყველაფერი გააკეთა, ფეხზე რომ დავმდგარიყავი. მენდო, მათამაშა და საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნა.
- დევდარიანი ვარჯიშებსა და თამაშებზე მკაცრი და ფიცხი ჩანს, მაგრამ როგორია მოედანს მიღმა, ყოველდღიურ ცხოვრებაში?
- მოედნის გარეთ ძალიან მეგობრულია და მისი დამსახურებაცაა, "ლოკომოტივი" ერთ დიდ ოჯახს რომ დაემსგავსა, სადაც არავინ არ არის ამოვარდნილი, ერთი მოთამაშეც კი. დევდარიანი მოედანზე მომთხოვნია და ასეც უნდა იყოს. თუ მწვრთნელმა მაქსიმუმი არ მოგთხოვა, ყველა წაგებაში იქნება - ფეხბურთელი, რომელიც შესაძლებლობების მაქსიმუმს ვერ გასცემს და შესაბამისად, ვერც აჩვენებს. წაგებაშია გუნდიც, რადგან მოთამაშეები საკუთარ პოტენციალს ვერ გამოავლენენ, მწვრთნელმა თუ არ მოსთხოვა.
საერთოდ, არ იცით, ქართველ ფეხბურთელებს როგორი ხასიათი აქვთ? სულ უნდა მოსთხოვო და ძალით ამოქაჩო, საქმე რომ გააკეთოს.
- "ლოკომოტივმა" მიმდინარე სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო, მაგრამ ჯერ სტაბილურად ვერ თამაშობს. შემდეგ ტურში ბევრი რამ გამოჩნდება - "სამტრედიას" ქულები ჰაერივით სჭირდება და ჩემპიონის სახით მკაცრი გამომცდელი გეყოლებათ...
- ჩემპიონატი ისე დაიწყო, ვერ გაიგებ, ვისთან რა თამაში გელის და წინასწარაც ვერ განსაზღვრავ, ლიდერი აუტსაიდერ გუნდს მოუგებს თუ არა. "სამტრედიამ" სეზონი დამაჯერებლად ვერ დაიწყო, მაგრამ ჩემპიონი გუნდია და თანაც გასვლაზე ვხვდებით. საკამათო არაა, ურთულესი თამაში რომ გველის.
- "ლოკომოტივის" ამბიციაზე რას იტყვით?
- ორი აზრი არაა, რომ ახლა "ლოკომოტივი" წინა წლების გუნდზე გაცილებით ძლიერია. რამდენიმე შთამბეჭდავი თამაში ვაჩვენეთ, ბევრის გატანა მოვახერხეთ და ხშირად ლამაზ ფეხბურთსაც ვაჩვენებთ. ამის მიუხედავად, "ლოკომოტივი" ჯერაც ვერ აჩვენებს იმ ფეხბურთს, რასაც მწვრთნელი გვთხოვს და ჩვენი ოპტიმალური თამაში კიდევ არ გვიჩვენებია.
მჯერა, კიდევ უფრო მოვუმატებთ, ლიდერებში დავმკვიდრდებით და აუცილებლად მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"