საბურთალო-შუქურა 5:0 - ვაგნერი, გოლები, პასები და ჩამქრალი შუქურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ორივე გუნდი თამაშს საკადრო პრობლემებით შეხვდა. "საბურთალოს" კაპიტანი გიორგი ხარაიშვილი მომჯობინდა და წესით, უნდა ეთამაშა, მაგრამ მატჩისწინა მოთელვაზე კვლავ დაშავდა...

თუმცა ეს არაფერია "შუქურას" პრობლემებთან შედარებით. ქობულეთურ გუნდს ვერ ეხმარებოდნენ მეკარე აზამატ ჯიოევი, გიორგი კალანდია, ირაკლი ჭეჟია და შემტევები - ლევან კუტალია და სანდრო გურული.

მთავარი მეკარის არყოფნაში კი უკრაინიდან მიიწვიეს "პოლტავას" 21 წლის კარის დარაჯი, კიევის "დინამო 2"-ში ნათამაშები იური კამინსკი და 25 წლის ფლანგის ნახევარმცველი ივან რუდნიცკი. ერთადერთი, რაც სტუმრებს გაახარებდათ, ის იყო, რომ ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა
კობა შალამბერიძე.

მაგრამ სერიოზულ კრიზისში ჩავარდნილი ქობულეთური კლუბი ვერც ლეგიონერებმა იხსნეს და ვერც - შალამბერიძის მონდომებამ. ეს უკანასკნელი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და აქტიურიც გახლდათ, მაგრამ გუნდი ვერ აჰყვა - სტუმრები მეტისმეტად დათრგუნულები ჩანდნენ...

"საბურთალო" კი გაჭირვებულ მეტოქეს პირველივე წუთებიდან უტევდა, წინააღმდეგობის მიუხედავად, ნელ-ნელა უპირატესობაც მოიპოვა და ეს შედეგშიც ასახა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა განსაკუთრებით მეორე ტაიმში გაიბრწყინა.

ხუთიდან ოთხ გოლში ვაგნერი მონაწილეობდა. ფრანგული პასპორტის მქონე ბრაზილიელმა საუკეთესო თამაში ჩაატარა - პირველი 2 და ბოლო გოლი მისი უშუალო აქტიურობით გავიდა, ხოლო მესამე თავად გაიტანა და თან - ძალზე ეფექტური დარტყმით.

გასაგებია, რომ საქართველოს ჩემპიონატს ბევრი სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ ვაგნერისა და მისი პარტნიორების ლამაზი და სანახაობრივი ფეხბურთის ხილვა ნამდვილად ღირდა.

მატჩის ბოლოს პატარა საფეხბურთო სპექტაკლი დადგა გიორგი კოხრეიძემაც - ულამაზესი სოლო-რეიდი განახორციელა და შეტევა მეოთხე გოლით დასრულდა.

პარადოქსია, მაგრამ სტუმართა შორის საუკეთესო იყო 5 გოლის გამშვები მეკარე ილია სტურუა - რომ არა ის, თბილისელები უფრო დიდი ანგარიშით მოიგებდნენ.

"საბურთალომ" პირველი წრე მოგებით დაასრულა, ხოლო "შუქურამ" - 3 ქულით, მოუგებლად და, რაც მთავარია, ამ გუნდის გულშემატკივრებს ასეთი გუნდით ლიგაში დარჩენის იმედები სულ უფრო ეწურებათ. ეს კი დასანანია, რადგან გარდამავალი ჩემპიონატი ქობულეთელებმა გაალამაზეს და ინტრიგა შემატეს, ახლა კი...

მატჩის სტენოგრამა
3'
- დაგარგულიამ საჯარიმო შეასრულა და შორიდან ბურთი კარში გაუშვა, მაგრამ მიზანს ააცილა.
25' - არზიანმა საჯარიმოში ბურთი ვაგნერს გააყოლა, რომელიც დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ ქობულეთელთა მეკარე სტურუა ჩაუწვა და არ გაატანინა!
27' - გოლი! შინდაგორიძემ მოედნის ცენტრში ორთაბრძოლა მოიგო და ბურთი გოგი ფიფიას დაუტოვა, რომელმაც მშვენიერი გადაცემით ვაგნერი მეკარესთან პირისპირ დატოვა. სტურუამ ამ უკანასკნელის დარტყმა კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე შინდაგორიძემ ანგარიში მაინც გახსნა - 1:0.
33' - საჯარიმოდან გამოვარდნილ ბურთს არზიანმა დაუხანებლად დასცხო, მაგრამ სტურუამ გასაოცარი რეაქცია გამოავლინა და ბურთი "ცხრიანიდან" ჩამოხსნა!
38' - ისევ სტურუა! "საბურთალოს" ულამაზესი კომბინაცია. ფიფიამ შენიშნა საჯარიმოში შეჭრილი ვაგნერი, რომელმაც კარის წინ შინდაგორიძეს უპასა, ამან კი 3-4 მეტრიდან დაარტყა და სტურუამ კვლავ შესანიშნავი რეაქცია აჩვენა.
52' - გოლი! "სტანდარტი" ვაგნერმა შეასრულა, საჯარიმოში მარგველაშვილი გაიხსნა და ზუსტი თავურით მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა - 2:0.
58' - ვაგნერმა მშვენიერი გადაცემით შეტევაში ჩართო შინდაგორიძე, რომელიც მცველს გასცდა და ძლიერად დაარტყა, მაგრამ "შუქურა" ისევ სტურუამ გადაარჩინა.
76' - გოლი! ვაგნერი მცველებს გასცდა და ბოლო მომენტში ჩაჩუამ წააქცია. ბრაზილიელმა ჯარიმა თავადვე შეასრულა და ბურთი ლამაზად ჩაახვია "შუქურას" კარის "ცხრიანში" - 3:0.
82' - ისევ ვაგნერი! მისი პასის შემდეგ შინდაგორიძემ რეალური შანსი გაუშვა ხელიდან.
83' - ალთუნაშვილი კარგად გაერკვა ვითარებაში, ორ მეტოქეს შორის გაძვრა და დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა შინდაგორიძე - ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, დამატებაზე კი სტურუამ (მერამდენედ?!) იყოჩაღა და სტუმრები გადაარჩინა.
88' - გოლი! კოხრეიძის ულამაზესი სოლო-რეიდი. ის ერთდროულად ოთხ მეტოქეს გასცდა და საჯარიმოს ხაზთან ალთუნაშვილი მოძებნა, რომელმაც შეტევა გოლით დააგვირგვინა - 4:0.
90' - ისევ გოლი და ისევ ვაგნერის გადაცემით! მისი პასის შემდეგ ნიკა მალიმ ერთი მცველი ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა და სანამ მეორე გადაეღობებოდა, კარში ზუსტად დაარტყა - 5:0.

ეროვნული ლიგა. IX ტური
29.04. თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო-შუქურა 5:0
გოლები: 1:0 შინდაგორიძე (27), 2:0 მარგველაშვილი (52. ვაგნერის პასით), 3:0 ვაგნერი (77), 4:0 ალთუნაშვილი (88. კოხრეიძის პასით), 5:0 მალი (90. ვაგნერის პასით)
საბურთალო: კუპატაძე - მალი, მარგველაშვილი (77. ცნობილაძე), მამუჩაშვილი, ლაკვეხელიანი - ვაგნერი, არზიანი (63. კოხრეიძე), ტერა, გვარაძე - ფიფია (58. ალთუნაშვილი), შინდაგორიძე.
სათადარიგოები: ნასყიდაშვილი, ფანცულაია, იმნაძე
მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
შუქურა: ი. სტურუა - ჩაჩუა, კლეცკოვი, ბ. მახარაძე, მამულაშვილი - ჟეფინიო, ჭეჭელაშვილი - საბაძე (62. რუდნიცკი), კლიმიაშვილი, ართმელაძე (78. ჭანუყვაძე) - დაგარგულია (66. შალამბერიძე).
სათადარიგოები: კამინსკი, ცეცხლაძე
მწვრთნელი: ირაკლი ბალაძე
გაფრთხილებები: ჟეფინიო (54), ჩაჩუა (76), შალამბერიძე (89)
არბიტრი: დ. სანოძე.

ბომბარდირები
ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი) 10
მამია გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
ბაჩანა არაბული (დინამო თბ) 6

მომდევნო ტური
4 მაისი, ხუთშაბათი
შუქურა-სამტრედია

5 მაისი, პარასკევი
კოლხეთი-დინამო (თბ)
დილა-ჩიხურა
დინამო (ბთ)-ლოკომოტივი
ტორპედო-საბურთალო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოდერატორ. გაასწორებინეთ თქვენი საიტის პროგრამისტებს ეს ვიდეო პლაგინი, გუგლ ხრომში არ უჩვენებს ვიდეოს, მხოლოდ ხმა ისმის, ასეა ყველგან!6 კომპიუტერი ვნახე და მხოლოდ ხმაა!
QWERTY
12:56 01-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული