ქობულეთის "შუქურა" გიორგი დარასელიამ ჩაიბარა

AutoSharing Option
ქობულეთის "შუქურა" გიორგი დარასელიამ ჩაიბარა. 48 წლის სპეციალისტი საქართველოს ნაკრების მოთამაშე გახლდათ, კარიერის დასრულების შემდეგ კი სამწვრთნელოს საქმეს მიჰყო ხელი და კფარ-საბას "ჰაპოელში" (2004-06) მთავარი მწვრთნელის, ელიშა ლევის (დღეს ისრაელის ნაკრების თავკაცია) ასისტენტად დაინიშნა. ამავე როლში მასთან იმუშავა "ბნეი სახნინში" (2006-08), ხაიფას "მაკაბისა" (2008-12) და ბეერ-შევას "ჰაპოელში" (2012). ამ დუეტის ხელმძღვანელობით, ხაიფას "მაკაბიმ", 2008/09 და 2010/11 წლების სეზონებში, ორჯერ მოიგო ისრაელის ჩემპიონის ტიტული.

დარასელიამ დამოუკიდებლად გუნდი პირველად 2012 წელს ჩაიბარა და გორის "დილა" ევროპალიგის პლეი ოფამდე მიიყვანა. მერე ავარჯიშებდა ხაბაროვსკის
"სკა ენერგიას" (2013), "ზუგდიდსა" (2013-14) და ქუთაისის "ტორპედოს" (2014).

გარდამავალ ჩემპიონატში დარასელია რეგიონული ლიგის სენაკის "ეგრისში" მუშაობდა. მიმდინარე სეზონის დაწყებამდე გორის "დილაში" დაბრუნდა, სადაც სპორტული დირექტორის როლში მოიაზრებოდა, მაგრამ... საბოლოოდ ქობულეთში აღმოჩნდა.

დარასელიას რთული ამოცანის გადაწყვეტა მოუწევს: ქობულეთური გუნდი ეროვნულ ლიგაში ჩატარებული პირველი წრის შემდეგ ბოლო ადგილზეა და რაც ყველაზე ცუდია, გუნდი თამაშის ხარისხს ჩემპიონატის დაწყების შემდეგ უფრო და უფრო აუარესებს.

შეგახსენებთ, რომ "შუქურას"მთავარი მწვრთნელი ჯერ გია გურული გახლდათ, რომელიც 13 აპრილს თბილისის "დინამოსთან" წაგებული მატჩის შემდეგ კონსულტანტის როლში დაინიშნა. ის დროებით მეკარეთა მწვრთნელმა ირაკლი ბალაძემ შეცვალა. მაშინ კლუბის დირექტორმა რევაზ ჩელებაძემ "ლელოსთან" თქვა, რომ ახალგაზრდა სპეციალისტს თავის გამოჩენის შანსს მისცემდა, მაგრამ თბილისში "საბურთალოსთან" წაგების (0:5) შემდეგ დარასელიას მიწვევა გადაწყვიტა.

"ირაკლის ბალაძის მადლიერი ვარ, რადგან მან მთავარი მწვრთნელის მძიმე ტვირთი ორ უმძიმეს შეხვედრაში საკუთარ თავზე აიღო. მაგრამ "შუქურას" მდგომარეობა ყველამ იცის, ბოლო ადგილზე ვიმყოფებით და მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსასწორებლად რადიკალური ნაბიჯი გვჭირდებოდა.

გამოცდილი სპეციალისტი ამიტომ მოვიწვიეთ, რომელიც ამ მძიმე დავალებას შეასრულებს. ირაკლი კი გუნდში დარჩება და დარასელიას მეკარეთა მწვრთნელის რანგში დაეხმარება, ისევე, როგორც ეს გია გურულის დროს იყო.

ახლა "შუქურას" გაძღოლა ურთულესი ფსიქოლოგიური სტრესია და არ გვინდა, ახალგაზრდა კაცს ეს ტვირთი ავკიდოთ", - გვითხრა ჩელებაძემ.

ცხადია, დავინტერესდით, როგორ აპირებს ქობულეთელთა დირექტორი "შუქურას" ამ მდგომარეობიდან გამოყვანას:

"პირველი ეტაპი ზაფხულში მთავრდება და მანამდე ყველაფერი უნდა ვიღონოთ, ქულათა მაქსიმუმი რომ დავაგროვოთ. მერე კი რამდენიმე ლეგიონერის ჩამოყვანას ვაპირებთ, რომ გავძლიერდეთ და ლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გიორგი დარასელიამ ზუგდიდი გააგდო უმაღლესიდან და ეხლა ქობულეთის გასაგდებად ჩამოიყვანეს?რა ნახეთ ამ კაცის გაწვრთნილი ან რამე რომელიმე გუნდში შედეგი?
გუჯა
13:55 04-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული