საბურთალო-კოლხეთი 1:2 - ფრთხილად, "ქილერია"! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნულ ლიგაში საკადრო პრობლემებით ყველაზე მეტად დაზარალებული გუნდების შეხვედრა საინტერესო და დამაინტრიგებელი სცენარით წარიმართა. საბურთალოელებს ამჯერად დისკვალიფიცირებულებიც აკლდათ - არ თამაშობდნენ ზურაბ არზიანი და ვაგნერ გონსალვესი, ხოლო ანალოგიური მიზეზით "კოლხეთს" თავდამსხმელი თამაზ ჟიშკარიანი აკლდა, ორივე გუნდის ტრავმირებულების ჩამოთვლა კი შორს წაგვიყვანს...

"საბურთალო" მეტოქეს თავიდანვე სჯობდა ბურთის ფლობაში, არადა, მომენტებს უფრო კოლხები ქმნიდნენ. თუმცა ანგარიში მაინც გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა გახსნეს, მეორე ტაიმში მომენტებიც მრავლად შექმნეს. მაგრამ ამჯერად კოლხებმა მომენტების რეალიზაციით აჯობეს.

1:1-ზე სტუმართა მთავარი მწვრთნელი გელა სანაია ვა-ბანკზე წავიდა - მცველი
ლაშა გოგონაია მოხსნა და მოედანზე ნახევარმცველი ავთო ენდელაძე შეუშვა. მალე სტუმრები დაწინაურდნენ კიდეც. საერთოდ, მეორე ტაიმი ორმხრივ შეტევებში წარიმართა და ძალიან კარგი სანახავიც გამოდგა.

ეს იყო ტიპური შემთხვევა, როცა ვერგამტანი დაისაჯა, ოღონდ ამით "კოლხეთის" გამარჯვების დამცირება არ გვიფიქრია - სანაიას გუნდმა კარგად ითამაშა და 1-ლი აპრილის შემდეგ (5-ტურიანი პაუზაა) პირველად გაიმარჯვა.

მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, კოლხები ამტკიცებენ, რომ ხარისხიანი ლეგიონერების ჩამოყვანა მოახერხეს. მოლდოველმა მეკარე სტეფან სიკაჩმა და სენეგალელმა ნახევარმცველმა არფანგ დაფემ კარგად ითამაშეს, ხოლო უკრაინელმა მიკოლა კოვტალიუკმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა კლანჭები - დუბლი შეასრულა და 7 გოლით ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზე დაწინაურდა.

ის ნამდვილი "ქილერივით" იქცევა - შანსს ხელიდან არ უშვებს. ასე რომ, ფრთხილად, როცა უკრაინელ "ქილერს" გადაეყრებით...

მატჩის სტენოგრამა
5' - დაფემ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში კორობკას უპასა, ამან კი კარის წინ ჯანელიძე მონახა, რომელსაც მცველი გადაეფარა, თორემ უმწვავესი მომენტი იყო...
13' - ბოლქვაძის შედევრი! გამოცდილმა ნახევარმცველმა მოედნის ცენტრიდან ქუსლით მეკარესთან პირისპირ დატოვა კოვტალიუკი, რომელსაც მცველი დაეწია, ხელი შეუშალა და დარტყმა უზუსტო გამოუვიდა.
27' - კოლხების მორიგი სახიფათო შეტევა. დაფეს და კერძევაძის დარტყმები მიზანს ასცდა.
34' - კორობკას გადაცემა კარის გასწვრივ, სადაც მცველის მიერ მოგერიებული ბურთისთვის დაფე იბრძოდა, მაგრამ მასპინძლები მეკარე კუპატაძემ გადაარჩინა.
36' - გოლი! ფიფია ორ მცველს ეფექტურად გასცდა და კარის წინ ფანცულაია მოძებნა, რომელმაც ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა - 1:0.
38' - ფანცულაია მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მეკარე სიკაჩმა პოზიცია სწორად შეარჩია და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა!
46' - თამაში ისევ "საბურთალოს" მომენტით განახლდა. ფიფია ორ მცველს ეფექტურად გასცდა და მეკარესთან პირისპირ დატოვა ფანცულაია, რომელმაც მეკარეს ვერაფერი მოუხერხა.
49' - ისევ მომენტი! ამჯერად, ფანცულაიამ კარის წინ უპასა ტერას, რომელმაც 5 მეტრიდან ცარიელ კარს ააცილა!
54' - ამდენი მომენტის გამოუყენებლობისთვის "საბურთალო" დაისაჯა. კოვტალიუკმა კურიოზული გოლი გაიტანა - მალი მეკარეს უბრუნებდა ბურთს, რომელსაც უკრაინელმა ფეხი წაჰკრა და კარში შეაგორა - 1:1.
57' - კოლხებს დაწინაურება შეეძლოთ! ბოლქვაძემ კარის წინ გახსნილი დაფე შენიშნა, რომელმაც ახლოდან ააცილა მიზანს.
61' - სიკაჩმა შინდაგორიძის ძლიერი დარტყმა მოიგერია, დამატებაზე კი გატანა ლაკვეხელიანს შეეძლო, მაგრამ მეკარესთან ვერაფერს გახდა.
62' - ლაკვეხელიანმა ფლანგიდან პირდაპირ კარში დაარტყა და სტუმრები ძელმა იხსნა.
64' - გოლი! შეტევა კერძევაძემ ჩაჭრა, კაკულიამ კი დასარტყმელ პოზიციაზე დატოვა კოვტალიუკი, რომელმაც შანსი გოლად აქცია. სტუმრები წინ გავიდნენ.
67' - დაფეს სოლო-რეიდი. საკუთარი ნახევრიდან მეკარემდე სამ მცველს გასცდა, კუპატაძე კარიდან დროულად გამოვიდა და თავისიანები გოლისგან იხსნა.
74' - კოხრეიძემ დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და კოლხები ისევ სიკაჩმა გადაარჩინა.
89' - ენდელაძემ კოხრეიძის შეჩერება ფეხებში ჩარტყმით სცადა. უხეშობას კინკლაობა და დაძაბულობა მოჰყვა, რაც მალევე ჩაცხრა, ენდელაძე კი არბიტრმა მოედნიდან გააძევა.
90+2' - ლუკავამ კარის წინ მშვენიერი პასი გაუკეთა ბუხაიძეს, რომელმაც ახლო მანძილიდან ბურთი ძელს მოარტყა და "საბურთალო" მესამე გოლს გადაურჩა.
90+5' - მასპინძლების სწრაფი და ლამაზი შეტევის დაგვირგვინება შინდაგორიძემ სცადა და ახლო მანძილიდან მცირედით ააცილა მიზანს.

ეროვნული ლიგა. XI ტური
09.05. თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო-კოლხეთი 1:2
გოლები: 1:0 ფანცულაია (36. ფიფიას პასით), 1:1 კოვტალიუკი (54), 1:2 კოვტალიუკი (64. კაკულიას პასით)
საბურთალო (4-2-3-1): კუპატაძე - მალი, მარგველაშვილი, ცნობილაძე, ლაკვეხელიანი - ტერა (70. ჩოგაძე), მამუჩაშვილი - კოხრეიძე, ფიფია (60. შინდაგორიძე), ალთუნაშვილი - ფანცულაია (67. გვარაძე).
სათადარიგოები: ნასყიდაშვილი, იმნაძე, სოფრომაძე
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
კოლხეთი (4-2-3-1): სიკაჩი - გ. კილასონია, ვ. კილასონია, გოგონაია (58. ენდელაძე), კაკულია - შ. კერძევაძე, ბოლქვაძე (84. ბუხაიძე) - კორობკა (79. ლუკავა), ჯანელიძე, დაფე - კოვტალიუკი.
სათადარიგოები: შერმადინი, ა. კვარაცხელია
მწვრთნელი: გელა სანაია
გაფრთხილებები: კოვტალიუკი (88), სიკაჩი (90+5)
გაძევება: ენდელაძე (89)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.

დღეს
ბათუმი. სარაგბო სტადიონი. 17:00
დინამო (ბთ)-დილა
ურთიერთშეხვედრები
50: +26 =14 -9, 74-32
პირველი წრე 1:0

თბილისი. "დინამო არენა". 19:00
დინამო (თბ)-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
44: +25 =12 -7, 64:24
დისკვალიფიკაცია: ბოგდან მიშჩენკო (დინამო)
პირველი წრე 0:1

ზესტაფონი. "დავით აბაშიძე". 21:00
ჩიხურა-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები
7: +3 =2 -2, 8-9
დისკვალიფიკაცია: ნიკოლოზ გელაშვილი, ზაზა ჭელიძე (ორივე ჩიხურა) - თეიმურაზ მარკოზაშვილი (სამტრედია)
პირველი წრე 1:0.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 7
ბ. არაბული (დინამო თბ) 6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული