დინამო(ბთ)-დილა 2:3 - სასწაული ბათუმში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რაგბი არენაზე" ამჯერადაც საფეხბურთო დღესასწაული ვიხილეთ და ერთხელაც დავრწმუნდით: ბათუმში ძალიან უყვართ ფეხბურთი და ეს ხალხი იმსახურებს სუფთა საფეხბურთო სტადიონს, რომლის აშენებასაც აჭარის მთავარ ქალაქში საშველი არა და არ დაადგა...

ეროვნული ჩემპიონატის წინა ტურში "ლოკომოტივთან" განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ, მასპინძელი "დინამო" მოედანზე 3 ქულის მოსაპოვებლად გავიდა. თავის მხრივ, "ჩიხურასთან" გამარჯვებით ფრთაშესხმულ "დილასაც" არ აკლდა ამბიციები...

თავს ვერ დავდებთ, მაგრამ ვგონებთ, პირველად მოხდა, რომ გორელთა სამწვრთნელო შტაბმა წინა მატჩის იდენტური შემადგენლობა დააყენა. ესეც სტაბილურობის პირველი სხივი გორელთა ყოველდღიურობაში - მოჭარბებული ტრავმების
გამო ისინი ადრე ამას ვერ ახერხებდნენ...

ორივე გუნდს ჰქონდა დანაკლისი. გორელებმა კვლავ ირაკლი მოდებაძის გარეშე ითამაშეს, ხოლო რაც შეეხებათ მასპინძლებს, მათ გიორგი ქავთარაძე მოისაკლისეს, მეკარე ანატოლი ტიმოფეევის არყოფნას კი უკვე მიეჩვივნენ...

ბათუმელებმა აქტიურად დაიწყეს თამაში და ეს აქტიურობა პირველი ტაიმის ბოლომდე გაჰყვათ. სადაც სამართალია, ლევან ხომერიკის გუნდს ტაიმი ერთბურთიანზე უფრო დიდი უპირატესობით უნდა მოეგო, მაგრამ მასპინძელი მხოლოდ კინკილა გოლს დასჯერდა. მთელ რიგ ეპიზოდებში შესანიშნავად გაისარჯა გორელთა მეკარე მიხეილ მუჯრიშვილი და დაცვა, რომლის რიგებშიც განსაკუთრებით გოდერძი მაჩაიძე გამოირჩეოდა.

ტაიმის ერთადერთი გოლი ასე გავიდა - თემურ შონიასა და კენედი უგოალას მიერ გათამაშებული კარგი კომბინაცია თითქმის ავტოგოლის ფასად განმუხტეს გორელებმა, მაგრამ ბათუმელთა კაპიტანი ეპიზოდს არ გამოეთიშა და იქვე გოლიც იზეიმა.

მეორე ტაიმის უდიდესი ნაწილიც მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. "დინამომ" რამდენიმე შანსი გაანიავა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 18 წუთით ადრე გამარჯვებული თითქოს გაირკვა - დავით კვირკველიამ საკუთარი ნახევრიდან შესრულებული დიდებული პასით გორელთა მთელი დაცვა გააქვავა, იაროსლავ კვასოვი კი მაღალი სისწრაფით შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და ანგარიში 2:0 გახადა...

ვერავინ იფიქრებდა, რომ სტუმარი ორბურთიან ჩამორჩენას გააბათილებდა და მეტიც - მოიგებდა კიდეც ამ დრამატულ მატჩს!

ბრავო, ზივ არიე!
...საქმეში ხარ?! თურმე, ზივ არიე თამაშს ახლა იწყებდა. "დილას" მწვრთნელმა ყველა შეცვლა "ათიანში" გაარტყა. ჯერ ერთმა სამარქაფომ, გიორგი ფოფხაძემ, შეაგდო, მერე კი, ძირითადი დროის დასრულებამდე ორი წუთით ადრე, მეორემ - ნუბიო ფლავიომ გაათანაბრა.

გორელთა მეორე გოლისას ერთ-ერთი ბათუმელი ფეხბურთელი მინდორზე იწვა და სტუმრებმა ბურთი არ გადააგდეს. ამან მაყურებელი ძალიან გააბრაზა. ჩანდა, რომ მინდორზე რაღაც საგნები გადმოყარეს...

თურმე, ეს კიდევ არ ყოფილა ფინიში - "დილას" გამოკვეთილმა ლიდერმა, ლეანდრო რიბეირომ, მის მიერვე დაწყებული სწრაფი კონტრშეტევა მშვიდად დაასრულა, გადაუგდო რა თავზე ბურთი მეკარე რომან ტაკიძეს, ვინც გუშინ ერთობ არადამაჯერებელი იყო.

დასაჯერებლად რთულია, მაგრამ ასეთი რამეები ხდება ფეხბურთში და, მათ შორის, საქართველოს ჩემპიონატშიც.

თამაშის დასრულების შემდეგ ბათუმელმა ქომაგებმა გუნდის მთავარ მწვრთნელ ლევან ხომერიკს გადადგომისკენ მოუწოდეს...

მატჩის სტენოგრამა
7' - შონიას ძლიერი დარტყმა გორელთა კარს მცირე მანძილით ასცდა.
14' - კენედის პასის შემდეგ კვასოვს გორელთა მეკარემ არ გაატანინა.
21' - კენედის დარტყმა გოდერძი მაჩაიძემ კუთხურზე გადააგდო.
28' - მუჯრიშვილმა კენედის "მკვდარი" ბურთი აუღო. ნიგერიელმა გადმოვარდნილი ბურთი შონიას უპასა და... ისევ მუჯრიშვილი!
34' - "დინამოს" მორიგი მომენტი. ვაკო თევდორაძის კუთხურის შემდეგ კვასოვმა თავური კარს სასწაულით ააცილა.
33' - გორელთა სწრაფი კონტრშეტევა. დავით კვირკველიამ ბოლო წამს ააცალა ბურთი რიბეიროს.
37' - გოლი! შონიამ და კენედიმ კარგად გაითამაშეს ბურთი. გორელთა მცველებმა ხელის შეშლა სცადეს, თუმცა ბურთი ისევ შონიას მიუვიდა და ამანაც აუღელვებლად აიღო "დილას" კარი.
49' - თევდორაძეს დიდებული საგოლე შანსი შეექმნა, მაგრამ ახლო კუთხეში დარტყმა ოდნავ ააცილა კარს.
54' - კენედი უაღრესად ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ ნიგერიელმა რატომღაც იჩქარა და ძალიან არაზუსტად დაარტყა.
55' - თევდორაძის კუთხურის შემდეგ კინაღამ ნიკა მგელაძემ გაიტანა.
67' - არჩილ ტვილდიანის ჩაწოდების შემდეგ თევდორაძემ ბურთს ვერ მიუსწრო.
72' - გოლი! დავით კვირკველიას შესანიშნავი გადაცემის შემდეგ კვასოვმა ბურთი კარგად დაამუშავა, წინ წაიწია და უზუსტესად დაარტყა.
77' - თენგიზ წიქარიძემ ბათუმელთა კარში არაზუსტად დაარტყა.
83' - რომან ტაკიძემ ნუბიო ფლავიოს ურთულესი ბურთი აუღო.
84' - გოლი! გადმოვარდნილ ბურთს გიორგი ფოფხაძე დახვდა და ძლიერი დარტყმით აიღო ბათუმელთა კარი!
88' - გოლი! გორელთა კონტრშეტევა. ჩაწოდების შემდეგ ტაკიძე ცუდად გამოვიდა კარიდან და ნუბიო ფლავიომ ახლო მანძილიდან ცარიელ კარში გაიტანა.
90' - გელა გოგიტიძეს მუჯრიშვილმა აუღო.
90+4' - გოლი! ლეანდრო რიბეიროს უსწრაფესი კონტრშეტევა. ბრაზილიელი შეიჭრა საჯარიმოში და თავზე გადაუგდო ბურთი ტაკიძეს - 2:3!

ეროვნული ლიგა. XI ტური
10.05. ბათუმი. რაგბი არენა
დინამო(ბთ)-დილა 2:3
გოლები: 1:0 შონია (37), 2:0 კვასოვი (72), 2:1 ფოფხაძე (84), 2:2 ნუბიო (88), 2:3 ლეანდრო (90+4)
დინამო (4-2-3-1): რ. ტაკიძე - ფარტენაძე, კვირკველია, მგელაძე, სუხიაშვილი - შონია, თარხნიშვილი (74. ვარშანიძე) - ტვილდიანი, ვ. თევდორაძე (89. გოგიტიძე), კენედი (64. ფონიავა) - კვასოვი.
სათადარიგოები: შოვნაძე, ქორიძე, გორელიშვილი, კვანტალიანი
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
დილა (4-1-4-1): მუჯრიშვილი - მაჩაიძე, კვახაძე, ქარქუზაშვილი, ეტუ (61. ფოფხაძე) - პაპავა (61. ძარია) - კირკიტაძე, წიქარიძე, დერეტი (72. ნუბიო), ლეანდრო - ტარავალიე.
სათადარიგოები: ხაინდრავა, რაზმაძე, ნონიკაშვილი, მათიაშვილი
მწვრთნელი: ზივ არიე
გაფრთხილება: დერეტი (19), პაპავა (33), ლეანდრო (90+4)
არბიტრი: ბ. ნინუა.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 7
ბ. არაბული (დინამო თბ) 6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
დილა კიდე ბევრს მოიგებს წარმატებები.
dila
20:43 11-05-2017
0
ბრავო დილა ბრავო
dato
11:41 11-05-2017
0

სიახლეები პოპულარული